POLITICO: აშშ საქართველოსთვის განიხილავს მსხვილ სამხედრო, სავაჭრო პაკეტს, ანტიდემოკრატიული გეზის შემობრუნების შემთხვევაში

გამოცემა POLITICO იუწყება, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.
გამოცემა წერს, რომ თავად გაეცნო კანონპროექტს, რომელიც კონგრესს ამ კვირაში წარმოუდგინა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა – და რომლის თანახმადაც აშშ საქართველოსთან დაიწყებს “მსხვილ შერჩევით სავაჭრო რეჟიმს”, თუკი მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმი დაკმაყოფილდება.
ამერიკის ბაზრებთან გაუმჯობესებული წვდომის გარდა, კანონპროექტი გამოდის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოწოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.
კანონპროექტი ოფიციალურ პირებს ავალდებულებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შემუშავებასაც, მათ შორის “უსაფრთხოების და თავდაცვის შეიარაღების მიწოდებას, რომელიც იდეალურად მოერგება ტერიტორიულ თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ისევე, როგორც თანმხლები წვრთნების, მოვლა-პატრონობის და საოპერაციო მხარდაჭერის ელემენტების მიწოდებას”.
თუმცა პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ “საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის ხელახალი აღორძინების მიმართულებით, რისი მინიმალური დასტური იქნება მნიშვნელოვნად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო”.
POLITICO მანამდე იუწყებოდა, რომ უილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალურ სანქციებს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების პოლიტიკოსებისთვის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის – იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დანერგავენ რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება