NGO-ები რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რუსული კანონის მოწინააღმდეგე ორგანიზაციების ნაწილი ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს რუსული კანონის მოქმედება საქართველოში.
გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი აპირებს საჩივრის გაგზავნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.
ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. პროცედურის მიხედვით, კანონი ვეტოს დაძლევიდან 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს.
ამავე თემაზე:
· რუსული კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად, ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – NGO-ები
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.