ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NGO-ები: რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება აქციის მონაწილეებზე ძალადობას აგრძელებს

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტების ფაქტებსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან დარღვევებზე საუბრობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულების უმეტესობაზე იძალადეს ფიზიკურად ან სიტყვიერად. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უმეტეს შემთხვევებში ანგარიშსწორების სახე აქვს და არ უკავშირდება სამართალდარღვევის აღკვეთას.
NGO-ების თქმით, რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა, თავისი ინტენსივობითა და სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდება.
"პრობლემურია, იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რადგან დროულად ვერ ხდება მათი ადგილსამყოფლის დადგენა ადვოკატისა და ოჯახის მხრიდან. რამდენიმე შემთხვევაში, დაზიანებების მქონე დაკავებულები სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდამცავი პირების მიერ მიყვანილ გადაუდებელ პაციენტებად არ დაარეგისტრირეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის დასრულებისას დაკავებულებს თავად უწევთ მკურნალობის გარკვეული ხარჯების დაფარვა. ამასთან, ზოგიერთ საქმეში გამოიკვეთა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების მხრიდან არ ხდება დაზიანებების დეტალური აღრიცხვა, რაც პრობლემურია მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის.
დაკავებული აქციის მონაწილეთა რაოდენობის, სხეულზე მიყენებული დაზიანებებისა და მათი მონათხრობის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც წახალისებულია გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა, თავისი ინტენსივობითა და სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდება"- ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სადაც დაწყებულია გამოძიება, თუმცა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის.
ორგანიზაციები მიუთითებენ იმაზეც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ, მიმდინარე აქციებზე მობილიზებული არცერთი პოლიციელი არ ატარებს განმასხვავებელ ნიშანს.
"მათი უმეტესობა არის შენიღბული, რითაც მნიშვნელოვნად რთულდება დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება. საგანგაშოა, რომ ამ ადამიანის უფლებათა შეუსაბამო პრაქტიკასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება".
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის უმოქმედობა იმ პოლიციელების მიმართ, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებადია და მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას არაერთი პირდაპირი მტკიცებულება ადასტურებს.
"მსგავს ფაქტებზე დაგვიანებული რეაგირება მაშინ, როდესაც იმთავითვე ნათელია სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი, სამართალდამცავებში ახალისებს მსგავსი დანაშაულების ჩადენას"

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.