ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NGO-ები იუსტიციის საბჭოს: უზრუნველყავით სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების დასწრება

3 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნიშნული შესაძლებლობა.
მათივე ცნობით, ეს პრობლემა პირველად 2024 წლის 8 ივლისს წამოიჭრა, ხოლო მეორედ - 11 ივლისს.
"ორივე შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისულ დამკვირვებლებს მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო. მოგვიანებით, ცხელი ხაზის მეშვეობით გაირკვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა მაშინ, როდესაც დამკვირვებლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე არ დაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მონიტორინგის საჭიროება სწორედ ამ ინსტიტუტის ანგარიშვალდებულების ნაკლებობიდან გამომდინარეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე წელიწადზე მეტია აღარ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები, არ იტვირთება სხდომათა აუდიოჩანაწერები და კონსტიტუციური ორგანო აღარ გასცემს საჯარო ინფორმაციას სრულად და დროულად. უფრო მეტიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში საბჭო წერილობითი სახითაც კი არ პასუხობს დაინტერესებულ მხარეს, რაც აფერხებს გასაჩივრების და სასამართლოს გზით საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს"-ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სხდომებზე დასწრების შემთხვევაში თან ახლავს საბჭოს მხრიდან სხვადასხვა სახის ხელოვნური წინაღობების შექმნა, კერძოდ:
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს კანონს და სხდომის შესახებ ინფორმაციას, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, ღამის საათებში აქვეყნებს;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ფაქტობრივად, რეგულარულ რეჟიმში ინიშნება, თუმცა იშვიათად ტარდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისეთი კოლეგიური ორგანო, როგორიც იუსტიციის საბჭოა, ან სისტემატურად ვერ ახერხებს შეკრებას, ან გამიზნულად იქცევა ამგვარად;
· სხდომათა გადადების შესახებ დამკვირვებლების ინფორმირება არ ხდება დროულად და მათ ამის შესახებ მხოლოდ ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ატყობინებენ;
· გარდა დამკვირვებლებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული სხდომასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.