სგპ „ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ქუთაისის აეროპორტის საბაჟოზე მებაჟეებმა 60 132 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობებისა და 105 176 ლარის თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ერთი მოქალაქის საქმე საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ხუთი პირი ჯამში 34 788 ლარით დაჯარიმდა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს.
235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 60 132 ლარია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 105 176 ლარი შეადგინა.
ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები) მოქალაქე, საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ჯამში - 34 788 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.