ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ბერლინში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა, სადაც 8 სახეობის ღვინო წარადგინეს. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა და 1,14 მილიონ ლიტრს მიაღწია.

ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას სომელიეები - ვილი შლეგლი და იოჰანეს შელჰორნი უძღვებოდნენ ორი ქართველი მეღვინის, იაგო ბიტარიშვილის (იაგოს მეღვინეობა) და მიხეილ ჭონიშვილის (ჭონას მარანი) თანამონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 8 სახეობის ქართულ ღვინოს. სომელიე ვილი შლეგლი, საკუთარ ბარში, ერთი კვირის განმავლობაში რეგულარულ მენიუში სამი სახეობის ქართული ღვინის ნიმუშს დაამატებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა გერმანელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის გასაცნობად და დასაგემოვნებლად.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანია ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1,14 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.