ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ბოინგი“ დამკვეთად და პირველი ქართული საავიაციო დეტალების წარმოება | ინტერვიუ მარკუს მიულერთან

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი „იასა ჯორჯია“ „ბოინგისთვის“ სავარძლების კარკასებსა და „ბოშის“ დეტალებს აწარმოებს, – აცხადებს კომპანიის დირექტორი მარკუს მიულერი. მისი თქმით, ქარხანა გაფართოებასა და „ეარბასთან“ თანამშრომლობის დაწყებასაც გეგმავს.

„ბოინგი“ დამკვეთად და პირველი ქართული საავიაციო დეტალების წარმოება | ინტერვიუ მარკუს მიულერთან
„ბოინგი“ დამკვეთად და პირველი ქართული საავიაციო დეტალების წარმოება | ინტერვიუ მარკუს მიულერთანBM.GE

„ბოინგის“ სავარძლების კარკასი, „ბოშის“ სერტიფიცირებული დეტალები და მაღალი სიზუსტის კომპონენტები - ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც „იასა ჯორჯია“ გლდანში მდებარე თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აწარმოებს.

კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარკუს მიულერმა BMG-ის გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ საქართველოში წარმოების დაწყების მიზეზებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

BMG: ბატონო მიულერ, მოგესალმებით. მინდა ჩვენი საუბარი თქვენი კომპანიით დავიწყოთ. გთხოვთ, მოკლედ გაგვაცნოთ კომპანია და ის საწარმოო საქმიანობა, რომელსაც თქვენ საქართველოში ახორციელებთ.

მარკუს მიულერი: დიდი მადლობა მოწვევისთვის. საქმიანობა 2024 წლის დასაწყისში დავიწყეთ. ჩვენი მიზანი მაღალი სიზუსტის კომპონენტების საწარმოს შექმნა იყო. ამისთვის გლდანში მდებარე თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შევარჩიეთ. ჩვენი პირველი დამკვეთი „ბოინგის“ შვილობილი კომპანია გახდა. მისთვის ბიზნესკლასის სავარძლების რთული კონსტრუქციული ელემენტების ალუმინისგან დამზადება დავიწყეთ. ასე რომ თუ „ბოინგ 787“-ის ტიპის თვითმფრინავის ბიზნესკლასით მგზავრობთ დიდი ალბათობით, თქვენი სავარძლის კარკასი საქართველოშია დამზადებული.

BMG: წარმომიდგენია, რამდენად რთული საწარმოო პროცესი დგას ამის უკან. რამ მოგიყვანათ საქართველოში და რატომ გადაწყვიტეთ წარმოების სწორედ ჩვენს ქვეყანაში განვითარება?

მარკუს მიულერი: პოლონეთში მაქვს საწარმო, სადაც ფრენის მართვის სისტემებისა და სხვა მსგავსი დანიშნულებისთვის რთული ფორმის პრიზმულ დეტალებს ვამზადებთ. როდესაც ახალ დამკვეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა გაჩნდა ჩვენ უკვე საქართველოში ვიყავით გადმოსული. ამიტომ დავიწყე იმის შეფასება, რა უპირატესობები გვექნებოდა, თუ ამ დამკვეთის შეკვეთების წარმოებას პირდაპირ საქართველოში განვათავსებდით. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან მიმზიდველი შესაძლებლობა აღმოჩნდა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი პირობები და საქართველოს სავაჭრო გარემო ამ კომპონენტების აქ წარმოებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო. ამას ისიც ემატებოდა, რომ მათი დამზადება დიდი მოცულობის ნედლეულს მოითხოვს, რომლის შესყიდვა და მოწოდება აქ გაცილებით მარტივია, ვიდრე მაგალითად, ევროპაში.

BMG: ბიზნესის დაწყებისა და რთული წარმოების ორგანიზებისთვის სამართლებრივ გარემოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. რამდენად იმოქმედა საქართველოში ინვესტირების თქვენს გადაწყვეტილებაზე ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა?

მარკუს მიულერი: ამან ჩვენს გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ვფიქრობ, საქართველო გამორჩეულად ხელსაყრელ მდგომარეობაშია, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან და ევროკავშირთან, ისე სხვა მსხვილ სავაჭრო გაერთიანებებთან. არ მახსენდება სხვა ქვეყანა, რომელსაც აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ერთდროულად ასეთი შესაძლებლობები აქვს. ეს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს. მაგალითად, საავიაციო დანიშნულების მაღალი სიმტკიცის ალუმინი შეგვიძლია ისეთი ქვეყნებიდან შევიძინოთ, როგორიც ჩინეთია. სხვათა შორის, ზოგ შემთხვევაში მისი ხარისხი გერმანული წარმოების ალუმინსაც აღემატება, ფასი კი გაცილებით ხელსაყრელია. ამასთან, პროდუქტის დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი შეგვიძლია აქ ჩვენს საწარმოში შევქმნათ. ვგულისხმობ არა მხოლოდ დეტალების დამზადებას, არამედ მათი ზედაპირის დამუშავებასაც, რასაც ავიაკოსმოსურ მრეწველობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ასევე ცალკეული კვანძების აწყობას. ამის შემდეგ მზა პროდუქცია შეგვიძლია პირდაპირ საჰაერო გზით, ერთ ღამეში მივაწოდოთ დამკვეთს, ამ შემთხვევაში „ბოინგის“ საწარმოს გერმანიაში.

BMG: აღნიშნეთ, რომ საქმიანობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაიწყეთ. რა უპირატესობებს სთავაზობს ასეთი ზონა თქვენს მსგავს კომპანიას, რომელიც საავიაციო კომპონენტებს აწარმოებს?

მარკუს მიულერი: რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას. პირველ რიგში, ზონა უზრუნველყოფს საჭირო ინფრასტრუქტურას, ელექტრომომარაგებასა და საწარმოო ფართს. ჩვენი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად საწარმოო შენობა თუ სწორად მახსოვს სამ თვეში აგვიშენეს. ვფიქრობ, გერმანიაში ამას სამი წელი დასჭირდებოდა და ხარჯების თვალსაზრისითაც პირობები ასეთი კონკურენტული ვერ იქნებოდა. მოგვარდა რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხებიც, რამაც ბიუროკრატიული პროცედურები მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა. გარდა ამისა, არსებობს ეკონომიკური უპირატესობებიც. მაგალითად, თავისუფალ ზონაში მოქმედი საგადასახადო შეღავათები უვადოა. იქვე მდებარე საბაჟო ტერმინალის მეშვეობით კი საქონლის პირდაპირ ზონაში შემოტანა შეგვიძლია. ასე რომ, ვმუშაობთ ერთიან ბიზნესგარემოში, სადაც ჩვენს გარშემო არსებული სხვა საწარმოებიც ხელს უწყობენ ჩვენს საქმიანობას.

BMG: საავიაციო წარმოებას მაღალკვალიფიციური კადრები სჭირდება. როგორ შეაფასებdით საქართველოში არსებულ ადამიანურ რესურსსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სპეციალისტების მომზადების შესაძლებლობას?

მარკუს მიულერი: ამ საკითხს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, ადამიანური რესურსი და განვითარების პოტენციალი ძალიან დიდია. შეგვიძლია მოვიზიდოთ ტექნიკური განათლების მქონე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, თანამშრომლები ევროპაში გადავამზადოთ ან სპეციალისტები აქ ჩამოვიყვანოთ. ევროპაში გადამზადების მიზნით გამგზავრებას უვიზო მიმოსვლაც ამარტივებს. მეორე მხრივ, ჩვენთვის საჭირო გამოცდილების მქონე კადრების მოძიება უფრო რთული აღმოჩნდა. თავიდან გაგვიმართლა და რამდენიმე ადამიანი ვიპოვეთ, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება უკვე ჰქონდათ. შემდეგ კი გუნდი ეტაპობრივად გავზარდეთ და თანამშრომლები თავად მოვამზადეთ. პირველ თვეებსა და პირველი წლის განმავლობაში ჩვენი პოლონური საწარმოს მხარდაჭერაზე მნიშვნელოვნად ვიყავით დამოკიდებული. დღეს კი თითქმის ყველაფერს ადგილზე, საკუთარი ძალებით ვაკეთებთ: პროგრამირებას, კომპონენტების დაპროექტებასა და საწარმოო განლაგების სქემების შემუშავებას. წარმოების ყველა ეტაპისთვის საჭირო ცოდნასა და კომპეტენციას უკვე თავად ვფლობთ. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის: კომპანიაში შევქმნათ მყარი ცოდნის ბაზა და საკუთარი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფაც, და ეს ყველაფერი საქართველოში.

BMG: თუ გლობალურ საავიაციო წარმოებას შევხედავთ, რა ძირითადი ტენდენციები ცვლის დღეს დარგსა და მის მიწოდების ჯაჭვს?

მარკუს მიულერი: ამჟამად მიწოდების ჯაჭვი სერიოზული სირთულეების წინაშეა. პანდემიის შემდეგ ბევრი მოძველებული თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოიღეს, წარმოების ტემპი შემცირდა, ახლა კი ავიაკომპანიები ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობენ. საწვავის მაღალი ფასის გამო მათ უფრო ეკონომიური თვითმფრინავები სჭირდებათ. შედეგად, მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები და საწარმოო სიმძლავრეების დეფიციტია. ჩვენთვის ეს შესაძლებლობას ქმნის, რადგან როგორც საბოლოო პროდუქტის მწარმოებლები, ისე პირველი დონის მომწოდებლები, რომლებიც საავიაციო სისტემებს აწარმოებენ, კომპეტენტურ და კონკურენტუნარიან პარტნიორებს ეძებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლოა მთელი ათწლეულის მანძილზეც, დარგში ზრდის ძლიერი ტენდენცია შენარჩუნდება. წარმოება ფართოვდება და სიმძლავრეების გაზრდაა საჭირო, როგორც ჩვენი დამკვეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ისე მთლიანად მსოფლიო ბაზარზე. ეს ახალი დამკვეთებისკენ გზას გვიხსნის. როდესაც ბაზარზე პოზიციებს გავიმყარებთ და საავიაციო წარმოებისთვის საჭირო სერტიფიკატებსა და დამტკიცებებს მივიღებთ, საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოს წარვადგენთ, როგორც მიმზიდველ ადგილს თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების კონსტრუქციული კომპონენტების წარმოებისთვის.

BMG: საქართველოს პოტენციალს შეეხეთ და მინდა ამ საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანა საწარმოო საქმიანობისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს? როგორ ხედავთ საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებს ამ მიმართულებით?

მარკუს მიულერი: ვფიქრობ, საქართველოს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. ის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამასთან, ქვეყნის მისწრაფება, ყველა მეზობელთან მშვიდობიანად თანაარსებობდეს, ძალიან ღირებულია. საერთაშორისო ავიაკოსმოსურ მრეწველობას სწორედ ასეთი გარემო სჭირდება. თუმცა გამოწვევებიც არსებობს. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ლოგისტიკაა, რადგან ტვირთების გადაზიდვას დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ რთულია დეტალების ჩვენი ქარხნიდან ზედაპირის დამუშავების სპეციალიზებულ საწარმოში გაგზავნა და უკან დაბრუნება, მაშინაც კი, როდესაც იქ მხოლოდ ერთი, მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ოპერაცია უნდა შესრულდეს. ამიტომ საჭიროა როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ისე წარმოების მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება. ჩვენ მრავალი სპეციალიზებული ტექნოლოგია და მომსახურება გვჭირდება, რომელთა მისაღებადაც დღეს ხშირად თურქეთსა თუ ევროპის ქვეყნებს მივმართავთ. მსურს, მეტი ასეთი საწარმო საქართველოში შეიქმნას. ეს შეიძლება ერთგვარი საწარმოო ინკუბატორი იყოს, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულება ერთმანეთს შეავსებს და კომპანიები თანამშრომლობას შეძლებენ. ასეთ შემთხვევაში ყველა ტექნოლოგიური პროცესის საკუთარ საწარმოში დანერგვა აღარ დაგვჭირდება. ჩვენ ხომ ყველა მიმართულების სპეციალისტები ვერ ვიქნებით. გვინდა, ჩვენი ძალისხმევა იმ საქმეს მოვახმაროთ, რომელიც ყველაზე კარგად გამოგვდის.

BMG: ინტერვიუს დასასრულს თქვენი კომპანიის განვითარების გეგმებზე ვისაუბროთ. გადაცემის დაწყებამდე ახსენეთ სხვა მიმართულებებიც, რომლებსაც საავიაციო წარმოების პარალელურად ავითარებთ.

მარკუს მიულერი: დიახ, ავიაკოსმოსური მრეწველობა ძალიან საინტერესო სფეროა. ეს საქმე მიყვარს და უკვე ოცდახუთი წელია ამ დარგში ვმუშაობ. თუმცა ჩვენი კომპანიისთვის, „იასა ჯორჯიასთვის“, მნიშვნელოვანია, ბიზნესს მეორე საყრდენიც ჰქონდეს. ჩვენ საქართველოში პირველი საწარმო ვართ, რომელმაც „ბოშის“ მომწოდებლად სრული დამტკიცება გაიარა. ჩვენი პროდუქცია სრულად არის გამოცდილი და აწყობილი. მასზე დატანილია აღნიშვნა „დამზადებულია საქართველოში“ და ყოველდღიურად ათასობით ერთეულს ვაგზავნით. ამის მიუხედავად, ზრდის ძირითად შესაძლებლობას კვლავ ავიაკოსმოსურ მრეწველობაში ვხედავ. ალუმინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მასალაა. ის ადვილად ექვემდებარება ფორმის მიცემასა და დამუშავებას, ჩვენ კი მისი თვისებები და დამუშავების ტექნოლოგია საფუძვლიანად ვიცით. სწორედ ამ მიმართულებით მსურს განვითარება. გაფართოების შესაძლებლობაც გვაქვს. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესაბამისი სივრცე არსებობს. პირველი საწარმოო შენობის გახსნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში მეორე შენობაც ავაშენეთ და ამ ტერიტორიაზე დამატებითი გაფართოებისთვის ადგილიც რჩება. ჩემი მიზანია, გავაფართოოთ დამკვეთების წრე და „ბოინგთან“ თანამშრომლობის პარალელურად „ეარბასთანაც“ ვიმუშაოთ. მსურს, საქართველო და ჩვენი კომპანია საერთაშორისო საავიაციო წარმოების რუკაზე მკაფიოდ გამოჩნდეს, როგორც მიმზიდველი ადგილი მიწოდების ჯაჭვის განვითარებისთვის. ასევე შეგვიძლია შევასრულოთ ის შეკვეთები, რომლებსაც სხვა კომპანიები კადრების ან საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობის გამო ვეღარ უმკლავდებიან. ჩვენ მზად ვართ, ბაზარზე არსებული ეს დანაკლისი შევავსოთ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?