ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში“ – ინტერვიუ

ნატო

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტისა და ქვეყნის სრულად დაკავების შემთხვევაშიც კი რუსეთი „ევროპულ ავღანეთში“ აღმოჩნდება, რადგან უკრაინელები ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში“ – ინტერვიუ
„სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში“ – ინტერვიუბათუმელები

„არ დარჩება უკრაინა მარტო. ჩემი აზრით, სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას და მთლიანად დაიკავოს უკრაინა, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში. დამერწმუნეთ, უკრაინელები არ შეწყვეტენ ბრძოლას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე, მას ტრამპის ბოლო განცხადებებზე ვესაუბრეთ: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ უკრაინას აშშ-ის მხარდაჭერა აღარ ექნება და თუ ასე მოხდა, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება უკრაინა?

„აქ საუბარია, პირველ რიგში, ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებზე და სტარლინკზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინისთვის ამ ომში,“ – გვიყვება სამხედრო ანალიტიკოსი. ვახტანგ კაპანაძის აზრით, პუტინი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს ბრძოლის ველზე, ამიტომაც ცდილობს ცივი ზამთრით ისევ შეაშინოს უკრაინა, თუმცა:

„ზამთარი რუსეთშიც არის, თანაც არანაკლები, ვიდრე უკრაინაშია. დღეს უკრაინა ახერხებს და სარკისებურად პასუხობს რუსეთს: დაარტყეს უკრაინის ხიდებს? – უკრაინელებმა დაარტყეს ტაგანროგში მთავარ სარკინიგზო დამაკავშირებელ ხიდს… უკრაინა რუსეთს არ რჩება ვალში – უფრო და უფრო ავითარებს დარტყმების შესაძლებლობებს.

არც რუსებისთვის არ იქნება ეს ზამთარი შოკოლადი,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე. იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერდოღანის ბოლო განცხადებებს, რომელიც მას შემდეგ გაკეთდა, როცა რუსებმა შავ ზღვაში თურქეთის გემს დაარტყეს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

ბატონო ვახტანგ, ტრამპის ახალმა განცხადებებმა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, აშშ რუსულ დიზელს შეიძენს და ასე შემდეგ, გააჩინა მოსაზრება, რომ უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ შეძლებს წარმატების მიღწევას ომში. თქვენი აზრით, რაზეა გათვლილი ტრამპის ეს გზავნილები?

შემიძლია გითხრათ ის, რომ შედეგი ამ შეთანხმებისა ნულოვანიც კი არაა ამერიკისთვის. ფაქტობრივად, ამერიკა არაფერს არ იღებს ამ მოლაპარაკებიდან. ნავთობის ეს რაოდენობა, რაც დაასახელა ტრამპმა, რომ უნდა მიიღოს რუსეთიდან ეტაპობრივად, ფაქტობრივად, არაფერია ამერიკისთვის.

რაც მთავარია, პუტინი სანაცვლოდ არაფერს აკეთებს: პუტინის ადმინისტრაციიდან აშშ-მ მიიღო მხოლოდ ის შეტყობინება, რომ რუსეთის ხელისუფლება იფიქრებს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებაზე.

არ ვიცი, რა გათვლით მოქმედებდა ტრამპი. ფაქტია, რომ ამერიკელების რეაქცია ძალიან მძაფრია. როგორც დემოკრატებმა განაცხადეს, ეს არის შეთანხმება სატანასთან, რომელიც ეხმარება ირანს, აწვდის იარაღს ამერიკელების დასახოცად.

მეორე მხრივ, გაურკვეველია, სად აქვს რუსეთს ამდენი დიზელი, რომ ამერიკას მიაწოდოს? ცნობილია, რომ რუსეთს თავად არ ჰყოფნის ნავთობი და აკრძალული იყო მისი ქვეყნიდან გატანა. იქეთ ყიდულობს რუსეთი დიზელს.

აშშ-ს, ბუნებრივია, გააჩნია უკრაინაზე ზემოქმედების ბერკეტები. შეიარაღების მიწოდებაზე აშშ ფულს იღებს და ეს არა მგონია შეწყვიტონ. აქ საუბარია, პირველ რიგში, ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებზე და სტარლინკზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინისთვის ამ ომში.

ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც: „დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“, – თქვა მან. ანალიტიკოსების ნაწილი მსჯელობს იმაზე, რომ პუტინს რადგანაც არავითარი წარმატება არ აქვს ბრძოლის ველზე, მას სურს უკრაინას აიძულოს კაპიტულაცია. მოწოდებები უკრაინის ახალ პრეზიდენტზე ამიტომ ხომ არ ისმის, რომ ზელენსკის შემცველი მარტივად დათანხმდეს პუტინის მოთხოვნებს?

პრეზიდენტის არჩევა არის ხალხის საქმე და ეს არის უკრაინის მოსახლეობის უფლება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არაა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი, მაგრამ ზელენსკი ითხოვს ორ თვეს, ზუსტად 60 დღეს, რომ ჩატარდეს არჩევნები. ამისთვის საჭიროა 2 თვე, ანუ 60 დღე მშვიდობა, რომ არ იყოს სროლა და ჩატარდეს არჩევნები. ამაზე არაა თანახმა რუსეთი.

სხვა საკითხია, რამდენად კორექტულია, როცა ზელენსკის სთხოვ გადადგომას და პუტინს არ ეუბნები იმავეს.

არსებობს ვერსია, რომ ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინც ზელენსკის შეცვლის, ის შესაძლოა უფრო მარტივად დათანხმდეს პუტინის მოთხოვნებს. პუტინი კი ხედავს, რომ ბრძოლის ველზე არანაირი წარმატება არ აქვს და ცდილობს, უკრაინა აიძულოს კაპიტულაციას დათანხმდეს.

პუტინი აცხადებს, რომ არ დაჯდება ზელენსკისთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ზელენსკი მზადაა, დაჯდეს პუტინთან მოლაპარაკებაზე. პუტინი იძახის, რომ ზელენსკის თუ მოლაპარაკება სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში.

არადა ჩავიდა თავის დროზე მოსკოვში პოლონეთის მთელი დელეგაცია და ვერ ჩაფრინდა დანიშნულების ადგილზე.

ტრამპმა ხვალ შესაძლოა სულ სხვა რაღაც თქვას, ბოლომდე ვერ მიჰყვები მის განცხადებებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ განცხადებებით ჩანს, რომ ტრამპი ცდილობს პუტინის გათეთრებას. ამბობს, რომ პუტინთან თითქოს შეიძლება დალაპარაკება და ასე შემდეგ. არა მგონია, ამერიკის ინტერესებში იყო პუტინის გათეთრება.

სხვათა შორის, ამ დღეებში უნდა შევიდეს ჯორჯიის შტატში, ნავსადგურ სავანაში ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელმაც უნდა შეიტანა 37-38 ათასი ტონა დიზელი ამერიკაში. ეს არის მონაცემები, რომელმაც გამოჟონა მკვლევართა ჯგუფიდან. ეს გემი გამოსული სანკტ-პეტერბურგიდან 22 სექტემბერს და თავიდანვე გეზი ჰქონდა აღებული შტატებისკენ. ტრამპი ამ დროს 9 ოქტომბერს აცხადებს ხელშეკრულების შესახებ.

გამოდის, რომ ეს შეთანხმება მანამდე არსებობდა. ეს ნახევრად სიმართლე, ნახევრად იმედი, ნახევრად ოცნება ძალიან დამაზიანებელია. თვითონ ტრამპის პოლიტიკური წონა საკმაოდ დაზარალებულია.

ტრამპის ამ განცხადებამდე ზელენსკიმ თქვა: ნუ დახოცავენ ჩვენს ბავშვებს და ჩვენ არ დავარტყამთ რუსეთის დიზელის წარმოების ცენტრებს. მეორე დილით აცხადებს ტრამპი, რომ მიღწეულია რუსეთს და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავიო.

ამას რა მოჰყვა? ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთმა დაარტყა ხარკოვის თბოელექტროსადგურს. ანუ რა გამოდის: ტრამპმა 9-ში განაცხადა ენერგეტიკული ზავის შესახებ და 11-ში რუსეთმა უკრაინას ისევ დაარტყა. ზელენსკი ამბობს და ჩვენც ამას ყველა კარგად ვხედავთ, რომ ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის არის აღქმული, როგორც აგრესიის გაგრძელების უფლება.

ნავთობის დეფიციტი ძირითადად მაინც გამოწვეულია ჰორმუზის სრუტის ამბით და არა რუსეთ-უკრაინის ომით. ამერიკას უკვე კარგა ხანია რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეწყვეტილი ჰქონდა. ამიტომაც, ვერ გეტყვით, რეალურად რა დგას ტრამპის ამ განცხადებების უკან.

თუ დავუშვებთ, რომ აშშ მართლაც შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას – თქვენ სტარლინკს გაუსვით ხაზი და ასევე ამერიკული დაზვერვის მნიშვნელობას უკრაინისთვის – რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინა?

უკრაინისთვის უფრო რთული გახდება საომარი მოქმედებების წარმოება, თუმცა გერმანიამ, პოლონეთმა, ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მარტო არ დარჩება.

ფაქტია ისიც, რომ ევროპა საკმაოდ ინტენსიურად ემზადება საომარი მოქმედებებისთვის, მაგალითად, გერმანია-ჰოლანდიამ გააძლიერეს სადაზვერვო მონაცემების გაცვლის სისტემები. დრონების პოლკის ჩამოყალიბებას აპირებს გერმანია და ამისთვის უკრაინელი კონსულტანტები ჩაიყვანეს გერმანიაში. გადაიარაღება და მოდერნიზაცია მიმდინარეობს აქტიურად ევროპის ბევრ ქვეყანაში.

ჩემი ერთი ნაცნობი გერმანელი ექიმის განცხადებით, სწავლებები ჩაატარეს გერმანიის დიდ საავადმყოფოებში, სცენარით დღეში 1000 დაჭრილის მიღება როგორ უნდა შეძლოს საავადმყოფომ…

არ დარჩება უკრაინა მარტო. ჩემი აზრით, სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას და მთლიანად დაიკავოს რუსეთმა, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში. დამერწმუნეთ, უკრაინელები არ შეწყვეტენ ბრძოლას. ეს გამორიცხულია, რომ მოხდეს.

თავდაცვის ორგანიზება, რასაც ამ დრომდე წარმატებით ახერხებს უკრაინა ფრონტის ხაზზე, შესაძლებელი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელება ამერიკის ჩართულობის გარეშე?

ისეთივე წარმატებული ვერ იქნება, როგორც აქამდე. უკრაინას დასჭირდება მეტი რესურსი, მეტი ძალისხმევის გაღება. შეიძლება უკრაინამ დონბასი დაკარგოს, მაგრამ ის, რომ ეს იქნება რუსეთის საბოლოო გამარჯვება უკრაინაზე, ასე არ იქნება.

სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილს აქვს ასეთი მოლოდინი, რომ თუ პუტინმა უკრაინის დაყოლიება ვერ შეძლო, შესაძლოა, ბევრად უფრო გართულდეს მდგომარეობაში უკრაინაში მორიგი ზამთრის გადატანის კუთხით – პუტინმა გამოიყენოს ყინვა, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი.

ზამთარი რუსეთშიც არის, თანაც არანაკლები, ვიდრე უკრაინაშია. დღეს უკრაინა ახერხებს და სარკისებურად პასუხობს რუსეთს: დაარტყეს უკრაინის ხიდებს? – უკრაინელებმა დაარტყეს ტაგანროგში მთავარ დამაკავშირებელ ხიდს. დაარტყეს რუსებმა მონაცემთა დაცვის ცენტრს უკრაინაში? – უკრაინელებმა „იანდექსი“ აუფეთქეს რუსებს და ორი დიდი ცენტრი გაუთიშეს. „იანდექსი“ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მანქანის გამოძახება იქნება, თუ ბანკში ანგარიშების ოპერირება, რუსეთში ეს ყველაფერი „იანდექსით“ ხდება.

ასე რომ, უკრაინა რუსეთს არ რჩება ვალში – უფრო და უფრო ავითარებს დარტყმების შესაძლებლობებს. შესაბამისად, არც რუსებისთვის არ იქნება ეს ზამთარი შოკოლადი.

პუტინს აწყობს კონფლიქტის ამჟამინდელი მოცემულობით გაყინვა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობის შეჩერება, თუ იკვეთება სხვა ამოცანა, რომლის რესურსიც შეიძლება რუსეთს ჰქონდეს?

პუტინს ერთი ამოცანა აქვს ამ მოცემულობაში: როგორმე შეინარჩუნოს სტატუს-კვო და არსებული მიკრო-სამყარო. პუტინი ხვდება, რომ ვერც მსოფლიო გავლენა ექნება და არც უკრაინის აღება არ შეუძლია რეალურად. მოლაპარაკებაც ამიტომ არ აწყობს პუტინს, რადგან იქ რომ დაჯდეს, ვითარება უნდა შეიცვალოს. პუტინს უნდა, მოლაპარაკება დასრულდეს მისთვის მისაღები შედეგით, ამისთვის კი, უნდა გქონდეს უპირატესობა, რომ მოწინააღმდეგემ რაღაც დაგითმოს.

ასე რომ, მან დონბასი უნდა წაიღოს, რომ რაღაც მაინც უთხრას თავის მოსახლეობას. პუტინმა უნდა შექმნას რაღაც ტიპის წარმატების ილუზია, თორემ დაეშალა ქვეყანა თავზე.

ევროპელი ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთისგან ელოდებიან მასშტაბურ ჰიბრიდულ თავდასხმებს. ამის შესახებ ისაუბრა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც. რა სახის შეიძლება იყოს ეს თავდასხმები და რა განზრახვით?

ყველა მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებული: მოსყიდვიდან დაწყებული, დრონების შეღწევით დასრულებული. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ლიკვიდაცია და დააკავეს დაქირავებული კილერები.

რუსებმა თურქების გემს დაარტყეს შავ ზღვაში. კაპიტანი მოკლეს და ერთი მეზღვაური დაჭრილია. ამ გემს გადაჰქონდა სიმინდი და ნეიტრალურ წყლებში დაარტყეს. რამდენიმე დღის წინ ასევე დაარტყეს გემს, სადაც 22 კაცია დაკარგული. ეს გემი არც უკრაინაში მიდიოდა და არც უკრაინიდან არ მოდიოდა. ეს გემი ბულგარეთის წყლებში ჩაძირეს.

ამით რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოძრაობა შავ ზღვაზე პრობლემა გახადოს და უკრაინიდან ტვირთების გატანა შეაფერხოს.

არენაზე გამოდის უკვე ერდოღანი, რომელმაც უკრაინას გაუგზავნა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, 25 მილიმეტრიანი საზენიტო ქვემეხები, რომელიც საკმაოდ ეფექტურია დრონების წინააღმდეგ, როგორც უკრაინელები იძახიან, თურქეთი შვეიცარიასთან ერთად ეცდება მოლაპარაკებების ორგანიზებას რუსეთს და უკრაინას შორის.

თურქეთი შავი ზღვის რეგიონში წამყვანი ქვეყანაა. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია.

ერდოღანის გამოჩენამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი?

შეიძლება ითამაშოს, მაგრამ უფრო მიმაჩნია, რომ ჩინეთი თუ ჩაერთვება, მაშინ უფრო სწრაფად იქნება ცვლილებები. ტრამპისგან განსხვავებით, ჩინეთს ნამდვილად შეუძლია პრინციპული პოზიციები დაიკავოს.

ახლა მთავარია, ჩინეთს რამდენად აწყობს ომის შეწყვეტა, რომ რუსები კიდევ უფრო აღარ დასუსტდნენ – ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ დარჩება უკრაინა მარტო. ჩემი აზრით, სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას და მთლიანად დაიკავოს უკრაინა, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში. დამერწმუნეთ, უკრაინელები არ შეწყვეტენ ბრძოლას,“
ვახტანგ კაპანაძე
„დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“
ილონ მასკი
„ზამთარი რუსეთშიც არის, თანაც არანაკლები, ვიდრე უკრაინაშია. დღეს უკრაინა ახერხებს და სარკისებურად პასუხობს რუსეთს: დაარტყეს უკრაინის ხიდებს? – უკრაინელებმა დაარტყეს ტაგანროგში მთავარ სარკინიგზო დამაკავშირებელ ხიდს… უკრაინა რუსეთს არ რჩება ვალში – უფრო და უფრო ავითარებს დარტყმების შესაძლებლობებს. არც რუსებისთვის არ იქნება ეს ზამთარი შოკოლადი,“
ვახტანგ კაპანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?