"საერთო სიკეთის უზრუნველყოფა და სამართლიანობის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია სიკვდილით დასჯის გარეშე" - რომის პაპი სიკვდილით დასჯას გმობს
აშშ-ში Fort Hood-ის თავდამსხმელის, ნიდალ მალიკ ჰასანის დახვრეტის გეგმის ფონზე, რომის პაპმა სიკვდილით დასჯა დაგმო, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო პაროლინმა კი განაცხადა, რომ დაგეგმილი საჯარო დასჯა მიუღებელია და სიკვდილის სანახაობად გადაქცევა არ შეიძლება.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადება, რომ Fort Hood-ის ბაზაზე თავდამსხმელი ნიდალ მალიკ ჰასანი დახვრეტის გზით დაისჯება, კვლავ განხილვის თემაა.
სიკვდილით დასჯა რომის პაპმაც გააკტიტიკა, თუმცა მას კონკრეტულ საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია და ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მსოფლიო დღეს, 10 ოქტომბერს, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა "მიუღებელია".
მედიის ცნობით, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, აშშ-ში დაბადებულმა პაპმა კათოლიკური ეკლესიის მიერ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით გადახედილ სწავლებაზე გაამახვილა ყურადღება. ეს ცვლილება პაპმა ფრანცისკემ შემოიღო, რომლის თანახმადაც, სიკვდილით დასჯა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებას ხელყოფს.
"საერთო სიკეთის უზრუნველყოფა და სამართლიანობის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია სიკვდილით დასჯის გარეშე. შემუშავებულია ეფექტური დაკავების სისტემები, რომლებიც იცავს მოქალაქეებს და ამავდროულად დამნაშავეებს გამოსყიდვის შესაძლებლობას აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.
პაპს არ უხსენებია დაგეგმილი სიკვდილით დასჯა ან ტენესის შტატში წარუმატებელი ლეტალური ინექციის გაკეთება, რამაც ხელახლა გააღვივა დებატები აშშ-ში სიკვდილით დასჯის შესახებ. თუმცა, მისი განცხადება რამდენიმე საათში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მისმა უახლოესმა მოკავშირემ, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა პირდაპირ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში დაგეგმილი საჯარო სიკვდილით დასჯა "მიუღებელია" და რომ "სიკვდილის სანახაობად გადაქცევა არ შეიძლება".
როგორც Euronews-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ჰასანის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი არ არის, მან განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას არ უყურებდა და ეჭვიც კი შეიტანა პენტაგონის საჯარო სიკვდილით დასჯის გეგმაში.
აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორი ჰასანი, რომელიც 13 ადამიანის მკვლელობასა და 32-ის დაჭრაშია მსჯავრდებული, სავარაუდოდ, პირდაპირ ეთერის დროს დაისჯება სიკვდილით; განაჩენის სისრულეში მოყვანის სავარაუდო თარიღი 3 დეკემბერია.
ციტატები სტატიიდან
„მიუღებელია“
„საერთო სიკეთის უზრუნველყოფა და სამართლიანობის მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია სიკვდილით დასჯის გარეშე. შემუშავებულია ეფექტური დაკავების სისტემები, რომლებიც იცავს მოქალაქეებს და ამავდროულად დამნაშავეებს გამოსყიდვის შესაძლებლობას აძლევს“
„სიკვდილის სანახაობად გადაქცევა არ შეიძლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.