ლიტვა კალინინგრადის ოლქის სასაზღვრო ზოლთან უსაფრთხოების დასაცავად სამხედროებს განათავსებს
ლიტვა კალინინგრადის ოლქთან საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედროებს განათავსებს. გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და რეგიონში არსებულ ვითარებას, შესაძლო მობილიზაციასა და ლატვია-ბელარუსის საზღვარზე მომხდარ ინციდენტებს უკავშირდება.

ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრის მარტინას კატელინასის განცხადებით, ლიტვა რუსეთის კალინინგრადის ოლქთან მოსაზღვრე ზოლში უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს განათავსებს.
სასაზღვრო პატრულის გასაძლიერებლად 100-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა იგეგმება.
ისინი ლიტვის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურს საზღვარზე წესრიგის შენარჩუნებაში დაეხმარებიან. ოპერაცია, სავარაუდოდ, 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კატელინასის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და რეგიონში უსაფრთხოების ზოგადი ვითარებით, კერძოდ, ლატვია-ბელარუსის საზღვარზე მომხდარი ბოლოდროინდელი ინციდენტითა და რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ცნობებით არის განპირობებული.
კატელინასმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მობილიზაციას გამოაცხადებს, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მსურველმა რუსეთის მოქალაქეებმა შესაძლოა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადონ.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვის საზღვარზე ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია.
ლიტვის თავდაცვის მინისტრ რობერტას კაუნასის განცხადებით, ლიტვა-ბელარუსის საზღვარზე ფიზიკური ბარიერი არსებობს, მაშინ როდესაც რუსეთი კალინინგრადის ოლქის გასწვრივ მსგავსი ბარიერი არ არის.
შესაბამისად, გაძლიერებული პატრულირება შესაძლო ინციდენტებისთვის დამატებითი მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.
ლიტვისა და რუსეთის საზღვრის საერთო სიგრძე თითქმის 275 კილომეტრია.
ცნობისთვის, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის იანის დომბრავას განცხადებით, ბელარუსიდან ლატვიის საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისას, შეიარაღებული პირები ლატვიელ ჯარისკაცებს დაემუქრნენ.
მინისტრის ცნობით, შეიარაღებული პირები არალეგალი მიგრანტების ჯგუფს ახლდნენ.
დომბრავამ ასევე დაამატა, რომ აღნიშნული კონფლიქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ლატვიის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები შემოვიდნენ, რომლებმაც, სანამ მესაზღვრეთა რაზმი ადგილზე მისვლას შეძლებდა, გამანაწილებელი კარადა დააზიანეს და კამერები მოიპარეს, რის შემდეგააც უკან, ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი ბელარუსს უკავშირდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…