ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ევროკავშირი ფარულად ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის - ჰიბრიდული თავდასხმისთვის, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება

ნატო

POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ფარულად განიხილავენ მასშტაბური ჰიბრიდული თავდასხმის სცენარს, რომელმაც შესაძლოა მსხვერპლი გამოიწვიოს. მზადება დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეებთან და ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან.

POLITICO: ევროკავშირი ფარულად ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის - ჰიბრიდული თავდასხმისთვის, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება
POLITICO: ევროკავშირი ფარულად ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის - ჰიბრიდული თავდასხმისთვის, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებაიმედინიუსი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქები ფარულად განიხილავენ, როგორ უნდა იმოქმედოს ბლოკმა იმ შემთხვევაში, თუ მასშტაბური ჰიბრიდული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპება. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხუთი ევროპელი დიპლომატისა და ოფიციალური პირის განცხადებით, ასეთი სცენარი სულ უფრო რეალური ხდება. თუმცა, აღნიშნული მზადება ევროკავშირში უთანხმოებასაც აჩენს, კერძოდ, რამდენად დიდი როლი უნდა ჰქონდეს ევროკავშირს უსაფრთხოების საკითხებში და რამდენად არ იქნება მისი მოქმედებები ნატოს საქმიანობის დუბლირება.

POLITICO-ს ინფორმაციით, „კოშმარული სცენარის“ შესახებ მოლაპარაკებები ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს შორის მიმდინარეობდა ე.წ. „შეზღუდულ ფორმატში“. შეხვედრებზე მათ არც ტელეფონები და არც თანაშემწეები მიჰყავთ.

დიპლომატებისა და ოფიციალური პირების განცხადებით, კონსულტაციები განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.

ევროკავშირი მსგავსი სცენარების განხილვას წლებია ახორციელებს. ბლოკს უკვე აქვს ე.წ. „ჰიბრიდული ინსტრუმენტების“ სისტემა, რომელიც კიბერშეტევებზე, არჩევნებში ჩარევასა და დივერსიებზე ერთობლივი რეაგირების კოორდინაციას ითვალისწინებს.

თუმცა, ბოლო შეხვედრებზე ყურადღება უფრო მძიმე სცენარებზე გამახვილდა - თავდასხმებზე, რომლებმაც შესაძლოა დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვიონ. ორი დიპლომატის ინფორმაციით, გასულ ოთხშაბათს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე სწორედ ასეთი შემთხვევები განიხილეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირი აცხადებს, რომ მოსკოვმა ბლოკის ტერიტორიაზე კიბერშეტევების, დივერსიებისა და სხვა ფარული ოპერაციების კამპანია გააძლიერა.

„ევროპის დემოკრატიები მზარდი რაოდენობის საფრთხეებს აწყდებიან“, - განუცხადა POLITICO-ს ევროკომისარმა მართლმსაჯულების საკითხებში მაიკლ მაკგრატმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აძლიერებს საფრთხეების წინასწარი განჭვრეტისა და გამოვლენის შესაძლებლობებს, აუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას და ცდილობს უზრუნველყოს, რომ ევროპის დემოკრატიული მდგრადობის გამოცდის შემთხვევაში ბლოკმა სწრაფად და ერთობლივად შეძლოს რეაგირება.

ევროკავშირის დიპლომატებსა და მინისტრებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფების ამოქმედება, დაზარალებული სახელმწიფოს დასახმარებლად ევროკავშირის ფინანსური რესურსების ნაწილის სწრაფად მობილიზება და ის, თუ როგორ უნდა გააკეთონ განცხადებები ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

„რაღაც სერიოზულისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა.

მისივე თქმით, ლაიფციგის შემთხვევამ აჩვენა, რომ „ძალიან სერიოზული ინციდენტი, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე ადამიანის დაღუპვა მოჰყვეს, გამორიცხული არ არის“.

ევროკავშირის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედებების მასშტაბისა და ხასიათის გათვალისწინებით, მსხვერპლის შემთხვევები „ადრე თუ გვიან გარდაუვალია“.

„უბრალოდ იღბალია, რომ ეს ჯერ არ მომხდარა“, - აღნიშნა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპის დემოკრატიები მზარდი რაოდენობის საფრთხეებს აწყდებიან“
მაიკლ მაკგრატი
„რაღაც სერიოზულისთვის მზად უნდა ვიყოთ“
„ძალიან სერიოზული ინციდენტი, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე ადამიანის დაღუპვა მოჰყვეს, გამორიცხული არ არის“
„უბრალოდ იღბალია, რომ ეს ჯერ არ მომხდარა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: რუსული დივერსიების საფრთხის ფონზე, ევროკავშირის მინისტრები ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირების გეგმას ამუშავებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები