ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ერთი წელი ვერშემდგარი "მშვიდობიანი დამხობიდან" - 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირი მიეცა

ქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურინაციონალური მოძრაობა

სტატიაში მიმოხილულია 4 ოქტომბრის მოვლენების ერთი წლისთავი და ოპოზიციის მიერ დაანონსებული ე.წ. მშვიდობიანი დამხობის მცდელობა. მასში ნათქვამია, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დივერსიული აქტები და იარაღის უკანონო შემოტანა აღკვეთა, ხოლო სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა დაასრულეს.

ერთი წელი ვერშემდგარი "მშვიდობიანი დამხობიდან" - 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირი მიეცა
ერთი წელი ვერშემდგარი "მშვიდობიანი დამხობიდან" - 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირი მიეცარუსთავი 2

ერთი წლის შემდეგ ამ ადგილას ისევ მშვიდობაა - ქვეყანაში. ერთი წლის წინ კი, იმ დღის ხმაურიდან, ალბათ, ყველაზე უცნაურად ეს ორი სიტყვა დაგვამახსოვრდა: “მშვიდობიანი დამხობა.” ქართულ ენას სიტყვათა ასეთი შეთანხმება არ უჭირს, თუმცა ქართულ ოპოზიციას აშკარად გაუჭირდა. რევოლუციური ვნებები მშვიდობის მანტიით შემოსეს, ხელისუფლების დამხობის გეგმას კი ისეთი სახელი მოუფიქრეს, რომელიც სათაურშივე სემანტიკურადაც და სამართლებრივადაც პრობლემური იყო. 4 ოქტომბერს დამხობა შედგა, მაგრამ მხოლოდ ოპოზიციის გეგმის. ეს ამბავი კი მათივე სასამართლო ისტორიებად იქცა.

2025 წელი. ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. და მაშინ როცა 9 არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის სურვილი, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა, მიზნამდე მისასვლელი გზა, მათთვის არა არჩევნებზე, არამედ ქუჩაზე გადის. ასე მოხდა ამჯერადაც - ოპოზიციის ნაწილმა ქუჩის შეკრების მობილიზება დაიწყო.

გავა რამდენიმე დღე და 4 ოქტომბერს საზოგადოება საკუთარ არჩევანს გააკეთებს: "ქართული ოცნება" მეათე, დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს, ოპოზიციის ანგარიშზე კი მორიგი ფიასკო გაფორმდება, მაგრამ იქამდე რევოლუციური გეგმის ავტორები, ფანტაზიებს ნებაზე უშვებენ და საკუთარ მომხრეებს ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს აჯერებენ: მშვიდობიანი აქცია, თუმცა დამხობა, წინააღმდეგობა, შენობების, გზებისა და მაგისტრალების ბლოკირება-პიკეტირება, სპეცრაზმის გამოყვანის აუცილებლობა.

4 ოქტომბრის რევოლუციის მედროშეთა ნაწილმა კი 4 ოქტომბრამდეც ვერ გაძლო, ოპოზიციის ჩავარდნის გეგმას საკნიდან აკვირდებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომელიც გისოსებამდე მშვიდობიანი დამხობის გეგმამ და ძალოვნებისთვის 200 000 დოლარის დაპირებამ მიიყვანა.

მზადება რევოლუციისთვის, ღიად და დაუფარავად - როცა არჩევნების წინა პერიოდზე ვსაუბრობთ, ოპოზიციის სცენარიდან არც ქვეყნის საზღვართან მომდგარი ტვირთი უნდა გამოგვრჩეს. თუკი წლების წინ, საქართველოში უკანონოდ, არაჟნის კონტეინერით მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა, ამჯერად 2025 წლის არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე, სარფის საზღვარს, ისევ უკრაინიდან, კიდევ ერთი სატვირთო მოადგა - ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენით". ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კი, სპეცსამსახურმა დივერსიული აქტები აღკვეთა და იმ პირთა წრე გაანეიტრალა, ვისაც შეიარაღება სამალავიდან თბილისში აფეთქებების მოსაწყობად და სამართალდამცველებისთვის ცეცხლის გასახსნელად უნდა შემოეტანათ. სუს-ის მიერ ამოღებულ იარაღს შორის იყო ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ხელის ტყვიამფრქვევი და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები. რევოლუციური სცენარი აღიკვეთა და დანაშაულებრივი სქემა გაიშიფრა. კვალი კი "ნაციონალური მოძრაობამდე" და მათ ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მივიდა.

კვალი მივიდა ბაჩო ახალაიამდეც, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა. 157 ზარი მურთაზ ზოდელავასთან, 110 პაატა ბურჭულაძესთან, პაატა მანჯგალაძესთან 29, ლაშა ბერიძესთან კი 26 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაიას მუდმივი კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან ქრონოლოგიური სიზუსტით, წუთებით და წამებით გაშიფრა.

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს რომ მკაცრი რეაგირება ექნებოდა, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აქციის ორგანიზატორები, დაგეგმილი აქციის წინა დღესაც გააფრთხილა. ირაკლი კობახიძემ, დამხობისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მხარდამჭერებს მოუწოდა, ანტიკონსტიტუციური განზრახვის მქონე შეკრებას გამიჯვნოდნენ.

არ გაემიჯნენ - ღია მუქარისა და მოწოდებების შემდეგ, რევანშისტული იდეებით აღტყინებულები ქუჩაში გავიდნენ. მართვის სადავეები ხელში, პოლიტიკურ მოსედ გამოცხადებულმა პაატა ბურჭულაძემ აიღო და პარალელურ რეალობაში, ხელისუფლების გადაბარება დაიწყო. დამხობის იდეის ავტორმა სულ სხვა სცენიდან და სულ სხვა მიკროფონში, გეგმაც თავად წაიკითხა, კენჭიც თავად უყარა და საკითხებიც დამტკიცებულად გამოაცხადა. ბურჭულაძეს ბანი მურთაზ ზოდელავამ მისცა. პოლიტიკურად ძალადაკარგული ზოდელავა, მამაკაცური ძალის ამარა დარჩა. მოწოდება გააკეთა, ყველას ფანტაზია კი მალევე ორბელიანის სასახლემდე მივიდა. აგრესიულად განწყობილმა მომიტინგეებმა ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის ჯებირი ძალადობრივი გზით ჩაიბარეს. ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებილები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ და შენობის აღება სცადეს, თუმცა ე.წ. მამაკაცურ ძალას მათთვის მოულოდნელად, ადგილზე სამართალდამცველები დახვდნენ.

დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა რომ მშვიდობიანი არ აღმოჩნდა, ეს მალევე გაცხადდა. დამტვრეული ჯებირები, დამწვარი და განადგურებული ინფრასტრუქტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებული ძეგლები - ნიღბიანი მომიტინგეები, პოლიციის წინააღმდეგ სხვადასხვა საგნებს იყენებდნენ. ისროდნენ რკინებს, ქვებს, პიროტექნიკას და წყლის ბოთლებს. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ათობით პოლიციელმა. მას შემდეგ, რაც ადგილზე კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის ნიშნები გამოიკვეთა, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მანამდე კი მომიტინგეები გააფრთხილეს და დაშლისკენ მოუწოდეს.

მედროშეების პოლიტიკური კომპასი მას შემდეგ აირია, რაც მუქარა რეალობად ვერ აქციეს. და რომ ვერაფერს გახდნენ, ერთმანეთისგან გამიჯვნაღა დაიწყეს. პირველი ვინც, “მამლის ყივილს” დაასწრო, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა, და როგორც თავად უწოდა შევარდნა-გავარდნაზე პასუხისმგებლობაც მოიხნა. ზურაბიშვილს ნაციონალური მოძრაობა გაუნაწყენდა, პარტია, რომლის წევრებმა ლიდერები დაკავებისას ჯერ მიატოვეს,შემდეგ კი მომხდარზე პასუხისმგებლობაც არ აიღეს. და რომ ვეღარაფერი გაიგეს: ვერც იქამდე არარსებული გეგმა, ვერც დღის წესრიგი და ვერც შედეგი- ჩხუბი ერთმანეთთან დაიწყეს.

მის თვალებში ახლა გისოსები იკითხება, ბურჭულაძის გზა დანაშაულზე გავიდა, საბოლოოდ კი საპატიმრომდე მივიდა. ბურჭულაძე მარტო არ არის, როცა ვერშემდგარი რევოლუციონერების მატარებელმა ჩაიარა, სამართლებრივ და პოლიტიკურ შედეგებზე საუბრის დროც დადგა. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით - ამ დანაშაულებრივ სცენარში მონაწილე ყველა ორგანიზატორი დააკავეს.

2025 წლის 5 ოქტომბერიც გათენდა და ამ მოვლენებიდან 365 დღეც გავიდა. კალენდარზე 2026 წლის 4 ოქტომბერია - რა ისწავლა ოპოზიციამ შარშანდელი მაგალითით? მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მათი ოპონენტები მომავალშიც ისე მოიქცევიან, როგორ დირექტივასაც მიიღებენ. სახელმწიფოს კი კანონდარღვევაზე შესაბამისი პასუხი ექნება.

4 ოქტომბერი, 4 საათზე დაანონსებული, დაგვიანებით დაწყებული და საბოლოოდ ვერ შემდგარი მშვიდობიანი დამხობა - ოპოზიციამ საკუთარ ანგარიშზე კიდევ ერთი, დიდი მარცხი, ზუსტად ერთი წლის წინ გაიფორმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.