"აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც დიდწილად ხელისუფლების ბრალია"|გიორგი ქობულია ENKA-სთვის გადასახდელ $450 მილიონზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ ENKA-სთან წაგებული საარბიტრაჟო დავა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისასაცემი მილიარდამდე თანხის გადახდა ხელისუფლების არაეფექტიანი მართვისა და უმოქმედობის შედეგად შეაფასა.

„ეს არის სახელმწიფო მართვის სისტემის არაეფექტიანობის სავალალო მაგალითი“ - ასე აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია ENKA-სთან წაგებულ საარბიტრაჟო დავას, რომლის გამოც საქართველოს ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი იქნება გადასახდელი.
„უნდა „მოახერხო“, რომ ასეთი დავა საერთოდ გაჩნდეს და ის, რომ ეს დავა დიდი ალბათობით წაგებულია, ამას იურისტობაც არ სჭირდება“, - აცხადებს ყოფილი მინისტრი BMGTV-ის ეთერში.
როგორც ცნობილია, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს ბიუჯეტიდან 443 მილიონი დოლარის, 356 190 ევროსა და 40 362 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. მართალია, მთავრობას - იუსტიციის სამინისტროს სახით - ENKA-ს არბიტრაჟის შედეგები (მათ შორის ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაზე) გასაჩივრებული აქვს, თუმცა იურისტები აცხადებენ, რომ პროცესი არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ნაკლებად შეცვლის.
გიორგი ქობულიას შეფასებით, შექმნილი ვითარება ხელისუფლების უმოქმედობისა და მართვის სისტემაში არსებული მანკიერი პრაქტიკის პირდაპირი შედეგია.
„ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და დიდწილად ჩვენი ხელისუფლების ბრალი… 14 წლის განმავლობაში არცერთი მნიშვნელოვანი დიდი პროექტი არ განხორციელებულა. გავაჩერეთ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა და კიდევ გადასახდელი გვაქვს 450 მილიონი დოლარი. წარმოიდგინეთ, ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი”, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
გიორგი ქობულიას თქმით, 2018-2019 წლებში, როდესაც ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, ჰქონდა ინიციატივა, შექმნილიყო სპეციალური 50-კაციანი უწყება მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მსგავსი მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასაცავად, თუმცა იდეის მოწონების მიუხედავად, ინიციატივა საქმედ არ ქცეულა.
სახელმწიფოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად 2022 წელს გაწყდა. მაშინ პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა.
გიორგი ქობულიამ “წერტილთან” ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა, თუ რა უშლის ხელს საჯარო მოხელეებს პროაქტიურ ქმედებებში, რაც მათ შორის, პრობლემების შემთხვევაში, ინვესტორების დახმარებას გულისხმობს.
„ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ სურთ არც ინიციატივის გამოჩენა და არც პასუხისმგებლობის აღება რამეზე. მიაჩნიათ, რომ ინიციატივამ - მაგალითად: „მოდი, დავეხმაროთ ინვესტორს, პროაქტიურად ვიმოქმედოთ, გავარკვიოთ, რატომ არის პროტესტი“ - ბევრ სახელმწიფო მოხელეს შეიძლება შიში გაუჩინოს, რომ ასეთი ინიციატივა აღქმული იქნება, როგორც კორუფციული გარიგება ამ ინვესტორთან ან პირადი ინტერესი. ამიტომ დღეს ბევრი სახელმწიფო მოხელე, შეიძლება ძალიან კვალიფიციურიც იყოს, მაგრამ უფრო ის განცდა აქვს, რომ „ჯობს ჩუმად ვიყო, ვიდრე ახლა რაღაც ვთქვა“, - აღნიშნა მან.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმითვე, ეს დამოკიდებულება სისტემურია და მას პირადად უწევდა მსგავს წინააღმდეგობასთან შეჯახება: „რამდენი ინიციატივაც წამოვჭერი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი, ყველა ინიციატივაზე იყო ზეწოლა და უარყოფითი პასუხი. ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა: „რა გინდა? რატომ იწუხებ თავს? [ხომ დაგიქირავეთ], იყავი ეკონომიკის მინისტრი და იჯექი სამინისტროში, რა შენი საქმეა?!“ აი, ასეთ მართვის სისტემას მოჰყვება ისეთი შედეგები, რაც დავინახეთ „ნამახვანჰესის“ მაგალითზე“.
ყოფილი მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სისტემაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, გამქრალია საკადრო ცვლილებების ხშირი როტაციის გამო, სადაც ყველა უწყება თუ პრემიერი წინამორბედს აბრალებს შეცდომებს.
ამასთან, გიორგი ქობულიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან “ნამახვანჰესის” პროექტის „ცუდ პროექტად“ მოხსენიება პირდაპირ იქნა გამოყენებული არბიტრაჟში საქართველოს წინააღმდეგ.
"როდესაც ვამბობთ, რომ ეს ცუდი პროექტი იყო - ჯერ ერთი, როგორ შეიძლება ამის თქმა, როცა ინვესტორთან კონტრაქტს სახელმწიფომ მოაწერა ხელი?! სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რაც სასამართლომ გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ, რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა, ცუდი პროექტიაო. შენმა წინამორბედმა მოაწერა ხელი და შენ ახლა ამბობ, რომ ეს ცუდი პროექტია?! სხვა ინვესტორი როგორ მოიქცევა?! დღეს ბატონი ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი, რაღაცას მოეწერა ხელი, ხვალ ვიღაც სხვა იქნება და ის იტყვის, რომ „მოდი, ეს ცუდი პროექტია და ჩვენ შევცვლით ყველაფერს” - ასე როგორ შეიძლება?!“, - აცხადებს გიორგი ქობულია.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების (ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის) განცხადებებს, რომ პროექტის ჩაშლა „უცხოურ აგენტურასა“ და „სუსტ სახელმწიფოს“ უკავშირდება, ყოფილი მინისტრი უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ საკუთარი პრემიერ-მინისტრების სისუსტეზე საუბარი გამოსავალი არ არის.
"დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ წინა პრემიერ-მინისტრები სუსტები იყვნენ... „მე ძლიერი ვარ, მე ვმართავ“. მის შემდეგ სხვა მოვა და ის პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე იტყვის: “სუსტი იყო, არასწორად მართავდაო“. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შორს ვერ წავალთ. ENKA იმაზე 10-ჯერ მეტს მიიღებს არაფერში, რაც თავად ჰქონდა ინვესტირებული”, - დასძინა მან.
ციტატები სტატიიდან
„ეს არის სახელმწიფო მართვის სისტემის არაეფექტიანობის სავალალო მაგალითი“
„უნდა „მოახერხო“, რომ ასეთი დავა საერთოდ გაჩნდეს და ის, რომ ეს დავა დიდი ალბათობით წაგებულია, ამას იურისტობაც არ სჭირდება“
„როდესაც ვამბობთ, რომ ეს ცუდი პროექტი იყო - ჯერ ერთი, როგორ შეიძლება ამის თქმა, როცა ინვესტორთან კონტრაქტს სახელმწიფომ მოაწერა ხელი?! სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რაც სასამართლომ გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ, რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა, ცუდი პროექტიაო. შენმა წინამორბედმა მოაწერა ხელი და შენ ახლა ამბობ, რომ ეს ცუდი პროექტია?! სხვა ინვესტორი როგორ მოიქცევა?! დღეს ბატონი ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი, რაღაცას მოეწერა ხელი, ხვალ ვიღაც სხვა იქნება და ის იტყვის, რომ „მოდი, ეს ცუდი პროექტია და ჩვენ შევცვლით ყველაფერს” - ასე როგორ შეიძლება?!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.