ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო მინისტრი: რუსეთთან ინტეგრაცია ჩვენი მთავარი პრიორიტეტია
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა განაცხადა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავება და სტრატეგიული მოკავშირეობა მათი მთავარი პრიორიტეტია. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მოქალაქეობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და საქართველოსთან ურთიერთობის პირობებზე.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავება რეჟიმის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
"ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი უცვლელია - ეს არის სტრატეგიული მოკავშირეობა და რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია. ეს ჩვენი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია." - თქვა ჯიოევმა.
ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ 1-ელ ოქტომბერს სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე რუსეთთან ინტეგრაციის მიმდინარეობას, არსებული შეთანხმებების შესრულებასა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავდა.
ჯიოევი ასევე გამოეხმაურა რუსეთის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთის პასპორტი მომდევნო წელს ექნება.
"როდესაც რესპუბლიკის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ დე ფაქტო უკვე რუსული სამყაროს ნაწილი ვართ. თანაარსებობის იურიდიული ფორმები კი შეიძლება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო ურთიერთქმედებით გადაწყდეს." - თქვა მან.
ამას გარდა, ეკონომიკურ მიმართულებაზე საუბრისას ჯიოევმა პრიორიტეტად რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავება, რუსული ინვესტიციების მოზიდვა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაასახელა.
ჯიოევმა საქართველოს NATO-სა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსი ოკუპირებული რეგიონისთვის უსაფრთხოების საფრთხედაც გამოაცხადა და საქართველოსთან ურთიერთობების წინაპირობად მარიონეტული რეჟიმის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება დაასახელა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი უცვლელია - ეს არის სტრატეგიული მოკავშირეობა და რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია. ეს ჩვენი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია.“
„როდესაც რესპუბლიკის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ დე ფაქტო უკვე რუსული სამყაროს ნაწილი ვართ. თანაარსებობის იურიდიული ფორმები კი შეიძლება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო ურთიერთქმედებით გადაწყდეს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.