გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერეში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საჩხერეში, გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება 29 სექტემბერს, გულის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მინისტრმა ყურადღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასა და მათ ეფექტურ მართვაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კარდიოვასკულურ გართულებათა ადრეული გამოვლენა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირმა ხონელიძემ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გავრცელების დინამიკა და ძირითადი რისკ-ფაქტორები მიმოიხილა, ხოლო საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა ბეჟან წინამძღვრიშვილმა, ყურადღება კარდიოვასკულურ გართულებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მართვის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე გაამახვილა.
ღონისძიებაზე ჰიპერტენზიის სკრინინგის შედეგებსა და გამოწვევებზე ასევე ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმდინარე სტატისტიკასა და აღნიშნულ პროცესში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობის გაძლიერების მექანიზმებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ ფინანსდება, როგორც ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ისე კარდიო-ქირურგიული ოპერაციები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ქრონიკული მედიკამენტები.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…