გვარამიას მორიგი განცხადება აფხაზეთზე - არის თუ არა შეკვეთილი კამპანიის ნაწილი "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ბოლოდროინდელი განცხადებები
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას აფხაზეთისა და ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობებზე გაკეთებულმა განცხადებებმა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მისი პოზიცია ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და შერიგების პოლიტიკას უშლის ხელს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი მისგან გამიჯვნას შეეცადა.

ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი უფრო დაკონკრეტდა. ნიკა გვარამიას თქმით, აფხაზებისთვის ქართველები არასანდოები არიან და ვერცერთ საკითხში მათთვის გარანტორები ვერ იქნებიან. ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი ბოლო განცხადება ამ თემაზე გუშინ, სოხუმის დაცემის დღეს გააკეთა.
ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის განცხადება, მმართველი პარტიისთვის, გარედან მიღებული დავალების კოორდინირებულად შესრულებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გვარამიას დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას მიზანმიმართულად უშლის ხელს.
ნიკა გვარამიას განცხადებების შინაარსის გამო, ოპოზიციის ნაწილი მისგან გამიჯვნას შეეცადა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფილი იდეოლოგიური ლიდერის მოსაზრებების ახსნა სცადეს. გახარიას პარტიაში კი თქვეს, რომ ასეთი პოზიცია მიუღებელი და პოლიტიკურად გაუმართლებელია.
მოღალატეობრივი - ასე უწოდებენ სახელისუფლებო გუნდში ნებისმიერ განცხადებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ბარიერს ქმნის. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სამშვიდობო პოლიტიკით ქვეყნის გაერთიანება მმართველი პარტიის უმთავრესი ამოცანაა და ვერცერთი ოპონენტი ამის წინააღმდეგ ვერ წავა.
ნიკა გვარამიას გუშინ გაკეთებული განცხადება პირველი არ არის. ბოლო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის თემაზე მან რამდენჯერმე ისაუბრა.
ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს და სომხური მოდელი მოიწონა, რომლის მიხედვითაც ფაშინიანმა ყარაბაღი დათმო. ამის შემდეგ გვარამიამ ერთ-ერთ პოდკასტში თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, რადგან მტრობას სიყვარული ვერ შეცვლის. მმართველი გუნდისთვის ყველა ასეთი განცხადება ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.