ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ჟურნალისტები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად საქართველოს ბრიტანელი ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ქართლსა და კახეთს ეწვივნენ და ადგილობრივი ღვინოები დააგემოვნეს. წელს ბრიტანეთში ღვინის ექსპორტი გაიზარდა.

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კონტრაქტორი კომპანიის, Swirl Wine Group-ის ორგანიზებით, საქართველოს ღვინის სფეროს გავლენიანი ბრიტანული მედიის წარმომადგენლები და Swirl Wine Group-ის წევრებისგან შემდგარი 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.
ტურის შემადგენლობაში შედიოდნენ ისეთი მედიის წარმომადგენლები, როგორიცაა Daily Mail, Decanter, The Guardian, BBC Radio, Wine Telegrams და სხვა.
დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine Group LTD 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის 8 თვეში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 268 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.