კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - ამოღებულია 6 კილოგრამი მცენარე "კანაფი"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის, კულტივირებისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 6 კილოგრამი კანაფი და დაფასოებული მარიხუანა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და სპეციალურად მოწყობილი სათბურის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6 კილოგრამი მცენარე „კანაფი” და სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა ზომის და წონის შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით „მარიხუანა” ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.