სომხური მედია: რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად შეწყვეტით ემუქრება
სომხური მედიის ცნობით, რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და ნედლი ალმასების მიწოდების სრულად შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა მის მოთხოვნებს არ შეასრულებს. მოთხოვნებს შორის არის ევროინტეგრაციის პროცესზე უარის თქმა, გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის განხილვის შეწყვეტა და პრორუსი პოლიტიკოსების დევნის შეჩერება.

სომხური მედია, ჰრაპარაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი სომხეთს 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და ნედლი ალმასების მიწოდების სრულად შეწყვეტით ემუქრება, თუკი ის რუსეთის მოთხოვნებს არ დაემორჩილება.
ამჟამად სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება დაგეგმილი სამუშაოების გამო შეჩერებულია, ხოლო შიდა მოთხოვნა საცავებითა და რეზერვით კმაყოფილდება. როგორც გამოცემა წერს, 1-ელ ნოემბერს შესაძლოა მასშტაბური, სავარაუდოდ მიზანმიმართული, "ავარია" მოხდეს ან "ფორსმაჟორული" სიტუაცია წარმოიქმნას, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ აღდგება.
ჰრაპარაკის მიხედვით, ამ სცენარისთვის თავის ასარიდებლად რუსეთმა სომხეთს ოთხი მოთხოვნა წაუყენა - რუსეთი, მათ შორის, ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული 102-ე სამხედრო ბაზის მომავლის განხილვის შეწყვეტასა და რუსული კაპიტალის კომპანიების, მაგალითად, Gazprom-ისა და სხვების, წინააღმდეგ მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს.
გარდა ამისა, რუსეთი მოითხოვს, რომ სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა (EAEU) და ევროკავშირს შორის არჩევანი გააკეთოს. საამისოდ რუსეთი სომხეთს ორ გზას სთავაზობს: ევროინტეგრაციის პროცესის გაუქმებას ან რეფერენდუმის გამოცხადებას.
ამასთან, რუსეთის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ სომხეთმა პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსების დევნა შეწყვიტოს და კრემლისთვის სასურველი პირი ვიცეპრემიერად დანიშნოს. როგორც გამოცემა წერს, რუსეთს ვიცეპრემიერად მისთვის მისაღები კანდიდატის დანიშვნა და უშუალოდ მასთან ურთიერთობა სურს, რადგან მთავრობის ყველა წევრით უკმაყოფილოა.
ჰრაპარაკი ასევე ვარაუდობს, რომ პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსებში, რომელთა დევნის შეჩერებაც სურს რუსეთს, იგულისხმებიან რობერტ ქოჩარიანი, გაგიკ ცარუკიანი, ანდრანიკ თევანიანი და სამველ კარაპეტიანი.
ცნობისთვის, ბოლო წლებში ფაშინიანი სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებას თანმიმდევრულად უჭერს მხარს. მოსკოვი კი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად წევრობა შეუძლებელია. პარალელურად, ფაშინიანმა სექტემბრის დასაწყისში თქვა, რომ ერევანი ქვეყანაში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის არსებობას სასიცოცხლო აუცილებლობად არ მიიჩნევს და ბაზის ქვეყნიდან გაყვანას არ შეეწინააღმდეგება.
ამასთან, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე სომხეთში რუსული ენერგეტიკული კომპანიის, Gazprom-ის შვილობილი კომპანიის, გაზპრომ-სომხეთის 4 თანამშრომელი და ურბანული განვითარების, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების უწყების ერთი თანამდებობის პირი მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს.
მანამდე, წინასაარჩევნოდ რუსეთმა სომხეთს სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა. მაშინ მედია წერდა, რომ ეს რუსეთის მიერ სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობა იყო. რუსეთის წნეხის პასუხად ევროკავშირმა 2 სექტემბერს სომხური პროდუქციისთვის დროებითი სავაჭრო შეღავათების დაწესებას მხარი დაუჭირა, რაც რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული სომხეთის ეკონომიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად და EU-ში სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.