გიორგი შარაშიძე შეწყალებულებზე - არავის აქვს უფლება, ამ ხალხზე ბულინგი და წნეხი აწარმოოს, მათ ცხოვრების გარკვეული პერიოდი სრულიად უსამართლოდ გაატარეს საპატიმროებში, ასე რომ, ყველა გარეთ უნდა იყოს - რაც შეეხება 28 ნოემბრის აქციას, ვუერთდებით
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ შეწყალებით გათავისუფლებულებზე ბულინგი დაუშვებელია, რადგან მათ სასჯელი უსამართლოდ მოიხადეს. მისივე თქმით, პარტია 28 ნოემბრის საპროტესტო აქციას უერთდება.

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, არავის აქვს უფლება ბულინგი და წნეხი აწარმოოს იმ ადამიანებზე, ვინც საპატიმროებიდან შეწყალების შედეგად გათავისუფლდა.
მისივე თქმით, აქციების პერიოდში დაკავებულმა პირებმა ცხოვრების გარკვეული პერიოდი საპატიმროებში სრულიად უსამართლოდ გაატარეს და არავის აქვს უფლება ამ ხალხის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასოს.
„არავის აქვს უფლება ამ ხალხზე ბულინგი და წნეხი აწარმოოს. ამ ადამიანებმა ისედაც საკმარისზე მეტი წნეხი განიცადეს და უსამართლო გადაწყვეტილებების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. არ აქვს მნიშვნელობა ზოგმა ორი წელი სრულად თუ არასრულად, მაგრამ თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი სრულიად უსამართლოდ გაატარეს საპატიმროებში. ასე რომ, ყველა გარეთ უნდა იყოს. ჩვენი პოზიცია არის, რომ იმ ვითარებაში, რაშიც ვართ, არა აქვს მნიშვნელობა როგორ და რა ფორმით, რა თქმა უნდა, ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფალი. მათ, ვინც წნეხს ახორციელებს ამ გადაწყვეტილებაზე, ყველას მოვუწოდებ, რომ არავის აქვს უფლება ამ ხალხის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასოს," - განაცხადა შარაშიძემ.
გარდა ამისა, მან 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრები პროტესტს შეუერთდებიან.
შარაშიძის განმარტებით, მისი პოლიტიკური გუნდი აღნიშნული აქციის ორგანიზატორი არაა, თუმცა პარტიის წევრები აქციაზე მივლენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ "საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპული და დემოკრატიული".
„ჩვენ აქციის ორგანიზატორები არ ვართ, თორემ 28 ნოემბრის აქციას ჩვენი წევრები შეუერთდებიან - ყველა, ვისაც ამის საშუალება ფიზიკურად ექნება. გიდასტურებთ, რომ ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, მაგრამ მონაწილეობის ნაწილში ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი დღე, განსაკუთრებული დღე და ვისაც ექნება ჩვენი პარტიის როგორც წევრებს, ლიდერებს, ასევე მხარდამჭერებს ფიზიკურად საშუალება იმისა, რომ ამ აქციას შეუერთდეს, რა თქმა უნდა, ყველა დააფიქსირებს კიდევ ერთხელ იმ პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპული და დემოკრატიული," - განაცხადა შარაშიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…