დედაჩემი პოლიტიკური პატიმარია, საქმე კი პოლიტიკურად მოტივირებული - ელისო კილაძის შვილი
ელისო კილაძის შვილი, მარიამ ხარშილაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტისთვის 10-წლიანი პატიმრობის მისჯა პოლიტიკურად მოტივირებულია და დედამისს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დედაჩემი არის დღეს პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ ელისო კილაძის შვილმა, მარიამ ხარშილაძემ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებდნენ, რომ დღეს დაკავებულ ჟურნალისტს გაათავისუფლებდნენ და 9-თვიანი ფსიქოლოგიური წამება დასრულდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
ცხადია, რომ პოლიტიკური სარჩული კი არა აქვს ამ საქმეს, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დედაჩემი არის დღეს პოლიტიკური პატიმარი. აქვს მისჯილი 10 წელი, რა თქმა უნდა ციფრებს დიდად მნიშვნელობა არ ჰქონია, ხუთ წელს მიუსჯიდნენ, თუ 10-ს , მაგრამ 10-ს ნამდვილად არ ველოდით, მე როგორც შვილს, მქონდა იმედი, ვიტოვებდი იმედს, რომ დღეს გაათავისუფლებდნენ და მოვრჩებოდით ამ ბრძოლას, ეს ცხრა თვიანი ფსიქოლოგიური წამება რაც იყო, მორჩებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბრძოლა თურმე აწი იწყება. დე, თუ მიყურებ, მინდა, იცოდე რომ ნამდვილად არ დავნებდებით, ყველაზე ძვირფასი ყველაზე ტკბილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ციხეში მყავს, რა თქმა უნდა დანებებას არავინ აპირებს, - განაცხადა მარიამ ხარშილაძემ.
ხარშილაძე იმედოვნებს, რომ ახლა მაინც მოახერხებს დედის ნახვას, რადგან უკვე მისჯილი აქვს, რადგან აქამდე მათ ნახვის და საუბრის უფლება შეზღუდული ჰქონდათ.
მისი თქმით, ამხელა სასჯელს არც თვითონ ელოდა და არც ადვოკატები და ეს მოულოდნელი იყო ყველასთვის.
მოსამართლემ ისე ჩაიკითხა აკანკალებული ხმით ეს განაჩენი, რომ მანაც ვერ გაიგო და კითხვა შეუბრუნა, რამდენი მომისაჯეთო, შემდეგ კი პროკურორმა გაახმოვანა, რომ 10 წელი მიუსაჯეს, - თქვა მან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…