კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
გიორგი კორსანტიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში „ალიკანტეს“ შემადგენლობაში „ფიბვი პალმასთან“ მატჩში 15 წუთში 12 მოხსნა და 6 ქულა დააგროვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქე 100:66 დაამარცხა და სეზონში ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (Primera FEB) წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს გიორგი კორსანტიას „ალიკანტე“. ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა - „ალიკანტემ“ საკუთარ კედლებში „ფიბვი პალმა“ უშანსოდ, 34-ქულიანი სხვაობით, 100:66 დაამარცხა და ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა.
მატჩი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა 28 წლის ქართველი ფორვარდისთვის, რომელმაც ფარქვეშ ნამდვილი დომინაცია აჩვენა. კორსანტიამ პარკეტზე 15 წუთი და 4 წამი გაატარა და თავის გუნდს 6 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
გიორგიმ პერიმეტრიდან ერთხელ სცადა ბურთის ჩაგდება, თუმცა უშედეგოდ, ხოლო საშუალო დისტანციიდან 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია მისი საოცარი აქტივობა მოხსნებში: კორსანტიამ 12-დან 8 ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, ხოლო 4 - მეტოქის ფართან მოიპოვა, რითაც ამ კომპონენტში შეხვედრის აბსოლუტური საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის აქტივში 2 პერსონალური ფოლი და +16 „პლუს-მინუს“ კოეფიციენტიც დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით „ალიკანტემ“ შესანიშნავი სერია გააგრძელა - გუნდს 8 მოგება და 0 მარცხი აქვს, რითაც Primera FEB-ის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. გიორგი კორსანტიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, სტუმრად „ოვიედოს“ წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ის საბერძნეთში გაემგზავრება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
GBF.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…