ნიკა გვარამია მოსამართლეს - არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ? - იგივეს რატომ არ ვამბობ ახლა? - თავს უფლებას დავუტოვებ, ადამიანებზე წარმოდგენა შევიცვალო
ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეჰყვარებია და უფლებას იტოვებს, ადამიანებზე წარმოდგენა შეიცვალოს, რადგან მისი პოლიტიკური ფიგურაც შეიცვალა.

იგივეს რატომ არ ვამბობ, ახლა, სალომე ზურაბიშვილზე, თუ რა უნდა ვთქვა? არ ვფიქრობ ასე და იმიტომ არ ვამბობ. ასევე, მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მისმა პოლიტიკურმა ფიგურამაც , - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მოდებაძის შეკითხვას, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მას არალეგიტიმურს უწოდებდა, შემდეგ კი მკვეთრად შეიცვალა პოზიცია - რით იყო განპირობებული ამ პოზიციის ცვლილება?
ნიკა გვარამიას თქმით, როგორც პარტიას, ასევე, ადამიანს აქვს განვითარების და პოზიციების კორექტირების უფლება.
მისივე განმარტებით, სტატიკაში არ უნდა იყინებოდეს ადამიანი.
„გახსოვთ, ალბათ, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა ჩემი შეწყალების გადაწყვეტილებაც მიიღო. გულწრფელად გეტყვით, გამიკვირდა, რომ დაძლია პირადი, არც თუ ისე სასიამოვნო კი არა, ძალიან უსიამოვნო, არასწორი ქცევა - მოდი, ასე ვიტყვი, ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც მან თქვა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ვერ შემეცვლება, იმიტომ, რომ მე ეს გამონათქვამი ამ წიგნში, დამხვდა ჰააგის სასამართლოში, როგორც იუსტიციის მინისტრს, ვერ შემეცვლება ეს [აზრი], გამორიცხულია. სამწუხაროდ, მასაც არ უთქვამს აქამდე, რომ ეს იყო შეცდომა და არასწორი. მართალია, მმართველმა პარტიამ ეს უსაშველოდ განავრცო და მთლად საშინელება ხდება, მაგრამ იმ წიგნში, ზურაბიშვილი პოზიცია თან სახელმწიფოს პოზიცია არ იყო დღევანდელი სარჩელისგან განსხვავებით, მაგრამ რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც შეიცვალა, კი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას კითხვას, რომ „თავიდან სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური იყო და მერე როგორ გახდა ლეგიტიმური?“, ნიკა გვარამიამ ასე უპასუხა:
„არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, ასე არ არის. პოლიტიკა არ არის გაყინული, მეგობრებო. მე მესმის, რომ მოსამართლეები გაცილებით უფრო რიგიდულები ხართ თქვენ განწყობაში, სამართალი სხვანაირი რამეა, მაგრამ პოლიტიკა არ არის ეგეთი.
არხის დირექტორობის დროს, მე, რას ვაკეთებდი, ეს, აქ შეფასება უნარიანი რატომაა? რას მეკითხებით, საერთოდ, „რუსთავი 2“-ის დირექტორი და ჟურნალისტი, რას [ვამბობდი?].
რა უნდა ვთქვა, მაინტერესებს. რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი, ვერ გავიგე. იგივეს რატომ არ ვამბობ, ახლა, სალომე ზურაბიშვილზე, თუ რა უნდა ვთქვა? არ ვფიქრობ ასე და იმიტომ არ ვამბობ. მე მგონია, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მისმა პოლიტიკურმა ფიგურამაც. ასე ვუყურებ. ჩემი დამოკიდებულება ამგვარია. თუ ახლა, ამის უფლება არ მაქვს, მე არ მგონია, რომ ამის უფლება არ მქონდეს. დავუტოვებ საკუთარ თავს უფლებას, რომ ადამიანებზე წარმოდგენა შევიცვალო ისევე, როგორც საკუთარი წარმოდგენები შევცვალო“ , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…