ელენე ხოშტარია - ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც, თუმცა სახეში სროლა ეს თქვენი ხელწერაა, ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს!
ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ აქციებზე ფოიერვერკს ჰაერში ისროდა, ხელისუფლებას კი ქიმიური იარაღის გამოყენებასა და მოქალაქეებზე ძალადობაში ადანაშაულებს.

ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც, თუმცა რაც შეეხება ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა - ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს და ირტყმევინებით, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.
მისივე თქმით, ამ აქციებზე ერთადერთი მოძალადე “ქართული ოცნება” იყო.
„ჯერ ჩემს ფლომასტერს დასდევდით ქიმიური ხსნარებით და ახლა „სნიკერსს“, კვერცხს, პლედს და ფოიერვერკს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: მქონდა პლედიც, აირწინაღიც, ფიზიოლოგიური ხსნარიც, სენდვიჩებსაც ვარიგებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ადამიანების მოვლას სჭირდებოდა.
ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც. თუმცა, რაც შეეხება ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა. ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით - ქიმიურ იარაღს და ირტყმევინებით. მე გითხარით და კიდევ გეტყვით, ამ აქციებზე ერთადერთი მოძალადე, თანაც ცხოველური, ბარბაროსული, არაადამიანური, ისტორიას რომ არ დაავიწყდება ისეთი, იყო “ქართული ოცნება”.
ახლა რაც შეეხება აქციის მხრიდან ძალადობას, ვერსაიდან ვერ გამოიყვანთ ძალადობას, იმიტომ კი არა, რომ რამეს ვფუთავთ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოძალადეები არ ვართ. თქვენგან განსხვავებით, არ მოგვწონს, ადამიანს რომ სისხლი სდის, არ მოგვწონს ადამიანებისთვის სახის ძვლების ჩამტვრევა, არ მოგვწონს ქალებისა თუ კაცების თმებით თრევა, არ მოგვწონს ადამიანების გაშიშვლება. ვერ ვიტანთ და ვეწინააღმდეგებით ადამიანების გაუპატიურებას და ამით მუქარას, არ მოგვწონს ადამიანების სამარშრუტო ტაქსიში გამომწყვდევა და წამება, არ მოგვწონს ცემითა და ძალადობით მიზნის მიღწევა.
ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ! და მერე რამდენიც გინდათ, სდიეთ ფოიერვერკებს, ფლომასტერებს, კვერცხებსაც და, თუ გინდათ, „სნიკერსიც“ მიამატეთ,“ - წერს ხოშტარია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…