ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა
ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური, სამირ აბუ იუნისი დაიღუპა, რაც დაჯგუფებამაც დაადასტურა.

ისრაელისა და ღაზას ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ალ-მავასის ტერიტორიაზე „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სამირ აბუ იუნისი, დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამირ აბუ იუნისი, რომელიც „რაფაჰის ბრიგადის“ ახლად დანიშნული მეთაური იყო, 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმის სამიზნე სწორედ ის იყო, დარტყმამდე კი „გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად“.
ღაზაში თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ალ-მავასიში, ალ-ვაჰას ბანაკში, სადაც ასობით იძულებით გადაადგილებული პირია შეფარებული, კარავს ოთხი რაკეტა მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
იუნისის დაღუპვის ფაქტი „ჰამასის“ ადგილობრივმა წარმომადგენელმაც დაადასტურა.
„ალ-ყასამის ბრიგადებმა“ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ იუნისი „მრავალ ცნობილ ოპერაციაში მონაწილეობდა და მტრის შეჭრას ეწინააღმდეგებოდა“, ასევე იყო „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთაური, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და ზედამხედველობაში მონაწილეობდა“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…