პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელის დარტყმას საავადმყოფოზე ღაზაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქირურგი

ხან-იუნისში ისრაელის მიერ ნასერის საავადმყოფოზე მიტანილ დარტყმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქირურგი რეზიკ აბუშირა. ისრაელი აცხადებს, რომ სამიზნე „ჰამასის“ მეთაური იყო, რასაც დაჯგუფება უარყოფს.

ისრაელის დარტყმას საავადმყოფოზე ღაზაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქირურგი
რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ დაარტყა ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოს იმ შენობას, სადაც ქირურგიული განყოფილებებია განთავსებული.

ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ სამიზნე ჰამასის მაღალი რანგის მეთაური იყო და მისი მებრძოლები საავადმყოფოს კომპლექსის გამოყენებაში დაადანაშაულა, რაც დაჯგუფებამ უარყო.

მედიკოსებისა და თვითმხილველების თქმით, ორი რაკეტა ხუთსართულიანი შენობის სახურავს მოხვდა და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. ქირურგიული განყოფილება, რომელიც ღაზის 2-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარს ემსახურება, მწყობრიდან გამოვიდა. კიდევ ოცი ადამიანი დაიჭრა.

დაღუპულთა შორის იყო ქირურგი რეზიკ აბუშირა, რომელიც 2026 წლის დოკუმენტურ ფილმში „ამერიკელი ექიმი“ მონაწილეობდა და მუშაობდა

აშშ-დან ჩასულ სამ ექიმთან ერთად, რომლებიც ღაზაში პალესტინელებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში მონაწილეობენ. ღაზას განათლების სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის ასევე იყო 13 წლის ბიჭი.

12 ნოემბერს, მოგვიანებით, ცალკეულ ინციდენტებში კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა. ერთი ადამიანი შეეწირა და რამდენიმე დაიჭრა ქალაქ ღაზაში ავტომობილზე ისრაელის ავიადარტყმას, ხოლო კიდევ ერთი პირი ისრაელის მიერ გახსნილ ცეცხლს - ცენტრალური ღაზის ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში, განაცხადეს მედიკოსებმა.

თავის განცხადებაში ისრაელის სამხედრო უწყებამ აღნიშნა, რომ მათი სამიზნე იყო პირი, სახელად მუჰამედ აბუ ისმაილი, და იგი დაახასიათა როგორც „ჰამასის ხან-იუნისის ბრიგადის მეთაური“. სამხედროების თქმით, ის და სხვა მებრძოლები „ნასერის საავადმყოფოს აფარებდნენ თავს.”

სამხედრო უწყებამ მებრძოლები დაადანაშაულა იმაში, რომ მათ „ნასერის საავადმყოფოს კომპლექსი შტაბ-ბინად აქციეს და იქიდან მოქმედებდნენ“.

ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) უარყო სამხედროების მტკიცება, თითქოს საავადმყოფოს ბაზად იყენებდა. დაჯგუფებას დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია კომენტარი იმის თაობაზე, იყო თუ არა მისი რომელიმე ლიდერი დარტყმის სამიზნე, დაჭრილი ან მოკლული.

ღაზას ომის დაწყების შემდეგ ისრაელის სამხედროებმა ნასერის საავადმყოფოს კომპლექსს სულ მცირე შვიდჯერ დაარტყეს, აცხადებენ საავადმყოფოს ოფიციალური პირები.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, საავადმყოფოები საომარ ვითარებაში დაცული ობიექტებია. როგორც საავადმყოფოებზე თავდასხმა, ისე მათი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება, როგორც წესი, სამართლის დარღვევად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა გარკვეულ პირობებში შესაძლოა დაკარგონ დაცული სტატუსი, უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ისრაელს ბევრ შემთხვევაში არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები ომის დროს მათზე განხორციელებული თავდასხმების გასამართლებლად.

2025 წლის ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეწყდა მასშტაბური საომარი საბრძოლო მოქმედებები, თუმცა არ ისრაელის თავდასხმების შეჩერება ან ჰამასის განიარაღების უზრუნველყოფა. ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ სულ მცირე 1600 პალესტინელი დაიღუპა. ამავე პერიოდში ისრაელმა ამ არეალში ხუთი ჯარისკაცი დაკარგა.

2023 წელს ჰამასის და სხვა დაჯგუფებების ისრაელის საზღვრისპირა არეალში შეჭრის დროს 1 200 ადამიანი მოკლეს.

პალესტინის ხელისუფლების მონაცემებით, რომელსაც გაერო აღიარებს და ადასტურებენ დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციები, 74 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ღაზაზე ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო იერიშების შედეგად.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პუტინი: უკრაინაში ევროპული ჯარის შეყვანის შემთხვევაში, ომი განახლდებაწაიკითხე

უახლესი ამბები