პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ფეხი რომ სჭირდებოდეს მოვიჭრიდი, მაგრამ ძვლის ტვინი სად ვიპოვო“ – 4 თვის ჩვილს დახმარება სჭირდება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ლეიკემიით დაავადებული 4 თვის მირა ბერიძის ოჯახი ბავშვის საფრანგეთში სამკურნალოდ სახელმწიფოსგან დაფინანსებას ითხოვს, რაზეც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაფინანსება შესაძლებელია, თუმცა ოჯახს საჭირო დოკუმენტაცია ჯერ არ წარუდგენია.

„ფეხი რომ სჭირდებოდეს მოვიჭრიდი, მაგრამ ძვლის ტვინი სად ვიპოვო“ – 4 თვის ჩვილს დახმარება სჭირდება
ბათუმელები

4 თვის მირა ბერიძე ათი დღეა თბილისში, იაშვილის კლინიკაში წევს. მას ლეიკემია დაუდგინდა და ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება.

როგორც ბავშვის მამა, ბადრი ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, შვილის ავადმყოფობის გამო, სამსახურის მიატოვა. ახლა და ის და მისი მეუღლე კლინიკაში ათენებენ ღამეებს და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

მშობლებს შვილის საფრანგეთში გადაყვანა სურთ.

როგორც ბავშვის მამა გვეუბნება, დაფინანსების მოთხოვნით ის 11 ნოემბერს იმყოფებოდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც უთხრეს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ბავშვის თურქეთში მკურნალობას დააფინანსებდა, თუმცა რატომ, ამაზე ბადრი ბერიძეს დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდეს.

„მისაღებში ვიყავი, სადაც მითხრეს, რომ პროგრამაში ჩანს მხოლოდ თურქეთი, სხვა ქვეყნები არ გვიჩანსო. მინისტრთან ან რომელიმე სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მქონია, რომ უფრო დეტალურად მიმეღო ინფორმაცია. მისაღებში კი ამაზე მეტი არაფერი მითხრეს“, – გვეუბნება ბადრი ბერიძე.

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას აფინანსებს, ასევე ითვალისწინებს ბავშვების უცხოეთში მკურნალობასაც.

პროგრამაში ჩამოთვლილია ქვეყნები, მაგალითად თურქეთი, ისრაელი, ესპანეთი და ასე შემდეგ. თუმცა როგორც ბავშვის მშობელი ამბობს, ამ ქვეყნებზე შეთავაზება არ მიუღია სამინისტროსგან.

„თურქეთში არ მინდა წაყვანა, რადგან თავად ექიმებიც კი მეუბნებიან, რომ არ არის მკურნალობის ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორიც ვთქვათ საფრანგეთში.

გვირჩევნია, თავიდანვე წავიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც გადარჩენის მეტი შანსები არსებობს. ახლა ვამზადებ საბუთებს. როგორც მითხრეს, ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ფრანგულად და აპოსტილით დაამოწმოს იუსტიციამ.

თუ შვილს საფრანგეთში წავიყვან, ჩემი მეუღლე და მეორე მცირეწლოვანი შვილიც უნდა წავიყვანო. აქ მარტო ვერ დავტოვებ. ამიტომ გვჭირდება ფინანსური დახმარება, რომ ჩვენი, ანუ ოთხივე წევრის ბილეთების ყიდვა შევძლოთ“, – ამბობს ბადრი ბერიძე.

მისი თქმით, ბავშვის ბაბუა, გივი ბერიძე, გუშინ ასევე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, საიდანაც უარით გამოისტუმრეს.

„მამაჩემიც იყო მისული ჯანდაცვაში და როგორც მითხრა, უარი უთხრეს დაფინანსებაზე. მინისტრს არ შეხვედრია, მაგრამ ვინც ელაპარაკა, იმან უთხრა, რომ საფრანგეთში ვერ დაგვაფინანსებდნენ.

„ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის ბაბუას, გივი ბერიძესაც, რომელიც შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად „ოცნების ქალაქში“ პატარა ქოხში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

გივი ბერიძეს სახლში 27 წლის შშმ შვილიც ჰყავს, რომელიც მთლიანად ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული. ოჯახში არავინაა დასაქმებული.

„მხოლოდ ჩემი უფროსი შვილი, ბადრი მუშაობდა და ახლა ისიც უმუშევარი დარჩა შვილის ავადმყოფობის გამო. შვიდი ადამიანი, 250-ლარიან სახელმწიფო დახმარებაზე და შშმ პირის 470 ლარიან პენსიაზე გავხდით დამოკიდებული.

სახლშიც წყალი ჩამოგვდის. რადგან რეგისტრირებული არ გვაქვს ეს ქოხი, მერია დახმარებაზე უარს გვეუბნება.

თუმცა ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილიშვილის გადარჩენაა და სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს საფრანგეთში გადაყვანაში“, – გვეუბნება გივი ბერიძე.

მას ვკითხეთ, რა პასუხი გასცეს ჯანდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე?

„ვიყავი მისული, მაგრამ ვერ დაგეხმარებითო, ასე მითხრეს. ეს რა ადამიანობაა, რა მთავრობაა. გლეხი, გაჭირვებული ადამიანი ვეუბნები შშმ შვილი მყავს, შვილიშვილი სიმსივნეს ებრძვის, არც სამსახური მაქვს, არც არაფერი და უკან გამომაბრუნეს.

წვიმაში ვიარე ფეხით, ქოლგაც კი არ მქონდა, მთლად სველი ვიდექი სამინისტროში და რაღაც ადამიანობა ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ დაფიქრდნენ, მიჭირს ადამიანს.

გული როგორ არ გეტკინება, როცა ამ მთავრობის მხარდამჭერი ვიყავი, არჩევნებზე მათი დამკვირვებელი ვიყავი და ახლა ასე მექცევიან.

ბიუჯეტშიც არის ფული და დახმარებაც შეუძლიათ, თუ მოინდომებენ. ფული თუ არ არის, თვითონ როგორ იზრდიან ხელფასებს. ჩვენ თუ დაგვჭირდა – „ვერა“, „არა“ – მარტო ეს იციან.

მთავრობა გლეხით არისო – ნათქვამია. არჩევნებზე რომ მოვედი და ტაში დაგიკარ, მოგიყვანე სათავეში, ახლა მე მიჭირს და მე უნდა მომხედო. მათ მოიწყვეს საკუთარი ცხოვრება და მე ასეთ დღეში ვარ, ჭამის მადაც კი აღარ მაქვს“, – ამბობს გივი ბერიძე.

მისი თქმით, საფრანგეთში სიმსივნით დაავადებული ბევრი ადამიანია წასული, რომელიც განიკურნა და „სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენც იმედი“.

„ერთი ჩვენი ახლობელი ახლაც იქ გადის მკურნალობას და ბევრად უკეთესად არის. მან მირჩია, რომ ბავშვი ევროპაში წავიყვანოთ. სად არ ვიყავი, თურქეთშიც, რუსეთშიც და არაფერი მეშველა, აქ კი კარგად გავხდიო.

ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია და არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე შევძლოთ შვილიშვილის გამგზავრება უცხოეთში. როგორც გითხარით, მეორე შვილი შშმ მყავს, რომელიც დამოუკიდებლად ფეხზე ვერ დგება და ხოხვით გადაადგილდება. არც საუბარი შეუძლია. თუ მე არ მივაწვდი ან დედამისი, ვერც წყალს სვამს და ვერც საჭმელს ჭამს, ამიტომ მუდმივად სჭირდება ოჯახის წევრების დახმარება.

ჩემს შვილს, მეორე ბავშვიც ჰყავს, 3 წლის გოგონა, რომელიც ახლა ჩვენთანაა, მაგრამ უჭირს მშობლების გარეშე. ყოველ ღამით „დედა მინდას“ იძახის. ამიტომ თუ ერთ ბავშვს წაიყვანენ, ეს პატარაც უნდა გაჰყვეს მშობლებს. ანუ ოჯახის 4-ივე წევრი უნდა წავიდეს მაშინ“, – ამბობს გივი ბერიძე.

გივი ბერიძის ოჯახი წლების წინ, ხულოში, სოფელ კვატიაში ცხოვრობდა. სოფლის დატოვება კი მეწყრული პროცესების განვითარების გამო მოუწიათ.

„2012 წლიდან დავსახლდი აქ, „ოცნების ქალაქში“, რადგან კომპენსაციის სახით 25 000 ლარი რომ მომცეს ბიუჯეტიდან, ამ ფულით ვერაფერი ვიყიდე.

სოფელში გეყიდა სახლიო, მეუბნებიან – კარგ სოფელში ამ ფასად ვერაფერს იყიდი და სადღაც მთის წვერში, საიდანაც ხალხი გამორბის, მე რა მინდა საცხოვრებლად.

რადგან ბინა ვერ ვიყიდე, ვიფიქრე, რომ ჩემს შვილს მაინც დავაყენებდი ფეხზე, თურქეთში წავიყვანე, კვლევები გავუკეთე, მასაჟებიც, მაგრამ ვერც ამას ვუშველე. ბავშვობიდან უნდა ჰქონოდა კარგი მკურნალობა, რომ შედეგი ჰქონოდა.

ახლა, ამ კომპენსაციის გამო, ბინა არ მომცეს „ოცნების ქალაქში“. შენ მიღებული გაქვს დახმარება და სიაში ვერ ჩაგსვამთო. ვთხოვე, ჩემს შშმ შვილს მაინც მიეცით 30 კვადრატი ბინა-მეთქი, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს.

აქ რომ კორპუსები აშენდება, ყველა ქოხი დაინგრევაო – მეუბნებიან. მაგრამ მეც ვეუბნები, რომ ჩემს შშმ შვილს ხელს ვერ მოკიდებენ და ამ ქოხიდან ვერ გამოაგდებენ. თუ გამოაგდებენ, მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ და პასუხს აღარ ვაგებ ჩემს საქციელზე“, – ამბობს გივი ბერიძე.

გივი ბერიძე ქოხის დაზიანებულ სახურავსაც გვაჩვენებს. ამბობს, რომ მერიას სახურავის გამო სთხოვა დახმარება, მაგრამ აქაც უარი მიიღო.

„თავზე წყალი ჩამომდის და ვერ დაგეხმარებითო.

ბინა ვთხოვე არ მაძლევენ, შვილი ვერ განმიკურნეს, ახლა შვილიშვილი მყავს ავად და არც ახლა მეხმარებიან, რა გავაკეთო? ან დონორი სად ვუპოვო ჩემს შვილიშვილს ან საფრანგეთში წასაყვანი ფული სად ვიშოვო. ფეხი რომ სჭირდებოდეს მოვიჭრიდი, მაგრამ ძვლის ტვინი სად ვიპოვო“, – გვეუბნება გივი ბერიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს. როგორც სამინისტროში გვითხრეს, სახელმწიფო დააფინანსებს 4 თვის მირას მკურნალობას საფრანგეთში, ოღონდ ამისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ მშობლებმა.

„იმ კლინიკიდან, სადაც ბავშვის მკურნალობას აპირებენ მშობლები, უნდა წარმოგვიდგინონ შესაბამისი ანგარიშფაქტურა, ანუ მკურნალობის ღირებულება, ფორმა 100%-ი იმ კლინიკიდან, სადაც ბავშვი ამჟამად გადის მკურნალობას და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც აჭარის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება დოკუმენტაციის განხილვა.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, აჭარის ჯანდაცვაში ბავშვის ოჯახის წვერებს, მსგავსი დოკუმენტაცია აქამდე არ წარმოუდგენიათ“, – გვეუბნებიან აჭარის ჯანდაცვაში.

მათ ასევე ვკითხეთ, პროგრამა ითვალისწინებს თუ არა თუნდაც ერთი მშობლის მგზავრობის ხარჯს, რაზეც დაზუსტებული ინფორმაცია ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ.

„ჩვენი სამინისტროს პროგრამით ფინანსდება თანაგადახდა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემდგომ.

ამიტომ, პირველ რიგში, ყველა დოკუმენტი – იქნება ეს ანგარიშფაქტურა, ფორმა 100 თუ მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, უნდა მიიტანონ საქართველოს ჯანდაცვაში, სადაც სამინისტრო ამ დოკუმენტაციას განიხილავს ექსპერტების ჩართულობით და დასკვნის საფუძველზე გამოეყოფათ თანხა.

პირველ რიგში უცხოეთის კლინიკასთან უნდა იქონიონ კომუნიკაცია და ეს დოკუმენტაცია უნდა შეაგროვონ“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებას – 5 წლის მახარეს დახმარება სჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები