პრემიერი: წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას, ჩვენი ხელისუფლების დროს არც ტერიტორიული, არც ეკონომიკური ექსპანსია არ განხორციელებულა, არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას რუსეთთან, ეს არის ფაქტები
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას ჰქონდა ადგილი, 2012 წლიდან კი ორივე ნულოვანია და თბილისი მოსკოვთან პოლიტიკურ კომუნიკაციას არ აწარმოებს.

წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური ექსპანსია არ განხორციელებულა. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას რუსეთთან. ეს არის ფაქტები. დანარჩენი კი მხოლოდ სპეკულაციები და სუბიექტური წარმოდგენებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოში გავლენის მოხდენის არანაირი არსებითი ბერკეტი, ფაქტობრივად, არ გააჩნია.
"როდესაც ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მარტივ კითხვას ვსვამთ: მოდით, შეფასებები კონკრეტულ შედეგებზე დავაფუძნოთ. შევხედოთ წინა ხელისუფლების საქმიანობის შედეგებს, რომელიც მკვეთრად პროდასავლურად მიიჩნეოდა, რაც, სხვათა შორის, სრული სიყალბეა. შემდეგ კი შევადაროთ ეს შედეგები "ქართული ოცნების" ხელისუფლების საქმიანობის შედეგებს. რა შედეგები მივიღეთ წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთთან მიმართებით? პირველი - ეკონომიკური ექსპანსია. 2004-2012 წლებში წინა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს მრავალი სტრატეგიული ეკონომიკური აქტივი მიჰყიდა. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს დედაქალაქ თბილისის გაზით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული აქტივები რუსულ კომპანიებს გადაეცა. ეს ყველაფერი სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა. მათ რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური აქტივები, მათ შორის სტრატეგიული ჰიდროელექტროსადგურები და სხვა ობიექტები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია იყო.
"მეორე საკითხია რუსეთის ტერიტორიული ექსპანსია. ყველამ კარგად ვიცით, რა მოხდა 2008 წელს. სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოახერხა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ტერიტორიული ექსპანსიის განხორციელება. ამრიგად, წინა ხელისუფლების საქმიანობის შედეგები იყო ეკონომიკური და ტერიტორიული ექსპანსია. ახლა კი შევხედოთ ახალი ხელისუფლების საქმიანობის შედეგებს. 2012 წლიდან - ნულოვანი ტერიტორიული ექსპანსია და ნულოვანი ეკონომიკური ექსპანსია. ეს არის კონკრეტული შედეგები. მხოლოდ შედეგები. საბოლოო ჯამში, შეფასებები სწორედ შედეგებზე უნდა დავაფუძნოთ და არა ზოგად წარმოდგენებზე. ამასთან, კიდევ ერთი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, რუსეთთან პოლიტიკური კავშირები ნულოვანია, არ იმართება არანაირი პოლიტიკური შეხვედრა.
"მაგალითად, მოლდოველ პოლიტიკოსებს, მათ შორის მინისტრების მოადგილეებს, შეუძლიათ რუსეთში გაემგზავრონ, გამართონ მოლაპარაკებები და უკან დაბრუნდნენ, და ეს სრულიად მისაღებად მიიჩნევა. მოლდოვას დღემდე აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ის ჯერ კიდევ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია. მიუხედავად ამისა, მოლდოვას არავინ აკრიტიკებს რუსეთთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების ან პოლიტიკური კომუნიკაციის გამო. საქართველოს კი რუსეთთან არც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს და არც პოლიტიკური დონის კომუნიკაცია. 2012 წლიდან ქართველ და რუს პოლიტიკოსებს შორის არცერთი შეხვედრა არ გამართულა. არცერთი. მოლდოვას შეუძლია ასეთი შეხვედრების გამართვა, საქართველოს კი - არა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ამასთან, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ არ ვცდები, მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტმა დაუჭირა მხარი - შესაძლოა, ეს მაჩვენებელი რამდენიმე პროცენტით განსხვავდებოდეს. საქართველოში კი, დიდწილად სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა 70 პროცენტს აღემატება, მაშინ როდესაც მოლდოვაში ეს მაჩვენებელი 45 პროცენტია. ეს უბრალოდ ფაქტებია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური ექსპანსია არ განხორციელებულა. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას რუსეთთან. ეს არის ფაქტები. დანარჩენი კი მხოლოდ სპეკულაციები და სუბიექტური წარმოდგენებია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური ექსპანსია არ განხორციელებულა
ირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური ექსპანსია არ განხორციელებულა, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას რუსეთთან, ეს არის ფაქტები, დანარჩენი კი მხოლოდ სპეკულაციები და სუბიექტური წარმოდგენებია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…