არჩილ გორდულაძე: „განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო, რათა დანაშაულები მიეჩქმალათ. ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის“
არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებები მის პარტიასაც მიემართება, რადგან მისი წევრები ამას არათუ ემიჯნებიან, არამედ იწონებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი გახარიას მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებები მის დღევანდელ პოლიტიკურ პარტიას.
„კონკრეტული ადამიანი ახლა იკავებს კონკრეტული პარტიის უმაღლეს თანამდებობას, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირია და თავმჯდომარეა. მისი პარტიის წევრებს, დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, რაც ჩემი თვალით ნანახი და მოსმენილი მაქვს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, არაერთხელ [განუცხადებიათ], რომ მათთვის საამაყოა ჩორჩანას ეპიზოდი. ისინი დღესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამრუდებულად ციტირებენ, რომ თითქოს, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი გახარია გაამართლა და ახლა მართლმსაჯულება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ ედავება მას კონკრეტული დანაშაულის ჩადენას. მაშინ, როდესაც აღნიშნული პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს კონკრეტული ბრალდებული ადამიანი და ამ ქმედებებს არათუ არ ემიჯნებიან, არამედ იწონებს პარტიის ყველა წევრი, ვინც კი ახლა არის ამ პარტიაში, რა თქმა უნდა, მისი ქმედებები ამ პარტიასაც მიემართება.
განსხვავება ჩვენს პარტიასა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის, რომ როდესაც მათ დროს დანაშაულები ხდებოდა, ისინი არათუ დანაშაულებს იძიებდნენ, არამედ მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო ამ დანაშაულების მიჩქმალვის და, შესაბამისად, მართლმსაჯულების არდადგომის მიზნით. ხოლო ჩვენი მიდგომა არის, როგორც კი დანაშაული ხდება მხილებული, პირიქით ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ვითხოვთ და მოვითხოვთ მართლმსაჯულების აღსრულებას. რა თქმა უნდა, ასეთ დანაშაულებრივ ქმედებებს არათუ ვემიჯნებით, არამედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოხდეს და ვინც კი გაბედავს და ჩაიდენს ამ დანაშაულებს, შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობა დადგეს. ეს არის განსხვავება პასუხისმგებლიან ხელისუფლებასა და არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებას შორის“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…