"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
სტივენ ჯერარდმა ლამინ იამალი შეაქო და განაცხადა, რომ 19 წლის ასაკში ესპანელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუზე უფრო განვითარებულია. ჯერარდის თქმით, იამალს აქვს პოტენციალი, მიაღწიოს მესისა და რონალდუს დონეს.

"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების გარემარბ ლამინ იამალის თამაში შეაქო.
"ძალიან მსიამოვნებდა მისი თამაშის ცოცხლად ყურება. მისი მოძრაობები, ის, თუ როგორ იზიდავს მეტოქეებს თავისკენ, რა სისწრაფით მოქმედებს ერთ-ერთზე სიტუაციებში და რამდენად აქტიურად მონაწილეობს კომბინაციურ თამაშში - ყველაფერი შთამბეჭდავია.
როდესაც ბურთი მის საჯარიმოში აღმოჩნდა... ჩვეულებრივ, 18-19 წლის ფეხბურთელებს ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ამდენი სიმშვიდე არ ახასიათებთ, მაგრამ იამალის შემთხვევაში, როგორც კი ბურთი მის ფეხებთან აღმოჩნდა, ეპიზოდის შედეგი აშკარა გახდა.
ვფიქრობ, გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იმ ორი მოთამაშის დონეს მიაღწიოს, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია, რონალდუსა და მესის. ყველა იმ ფეხბურთელს შორის, რომლებიც პირადად მინახავს, სწორედ მას აქვს ამ დონის მიღწევის პოტენციალი, თუკი განვითარებას გააგრძელებს და წარმატების ისეთივე წყურვილს შეინარჩუნებს, როგორიც მათ ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, არიან მბაპე და ჰოლანდიც, ისინი ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდში იმყოფებიან, მაგრამ თუ კონკრეტულად ახალგაზრდა ტალანტებზე ვსაუბრობთ... მსოფლიოში ბევრი სუპერვარსკვლავია, თუმცა, ჩემი აზრით, იამალი მათგან გამორჩეული და უნიკალურია.
მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებს, რაც 19 წლის ფეხბურთელისგან არასდროს მინახავს. ამ ასაკში ის, ალბათ, კრიშტიანუ რონალდუზე უფრო განვითარებულია. მესისა და რონალდუს წინააღმდეგ მაშინ მითამაშია, როდესაც ისინიც ძალიან ახალგაზრდები იყვნენ... ვფიქრობ, იამალი თავის ასაკში მათზე უკეთ გამოიყურება.
შეძლებს თუ არა იმავე შედეგიანობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას? ამას დრო გვიჩვენებს. გახდება თუ არა მომავალში ნამდვილი ცხრიანი, ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც მესისა და რონალდუს მსგავსად ბევრ გოლს გაიტანს? ამასაც დრო გვიჩვენებს. თუმცა, თუ ამ სამ ფეხბურთელს 19 წლის ასაკში შევადარებთ, ვფიქრობ, იამალი უფრო განვითარებული და სრულყოფილია", - განაცხადა ჯერარდმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…