პროკურატურის ინფორმაციით, სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე, შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავეს
თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავეს, აცხადებს პროკურატურა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირია დაკავებული, ხოლო ცრუ ინფორმაციის მიწოდების ადა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა. აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი. სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განახორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა.
2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში, თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება.
ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…