კრასნოდარში ქართული ცეკვის შეზღუდვას საქართველოს „არამეგობრულობით“ ხსნიდნენ
კრასნოდარის კულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულ კაროლინა გონგაძის თქმით, ქართული ცეკვის შეზღუდვას იმ მიზეზით ხსნიდნენ, რომ საქართველო „არამეგობრული“ ქვეყანაა. მსგავსი შეზღუდვები შეეხო მოლდოვურ, სომხურ და უკრაინულ ცეკვებსაც.

ამის შესახებ თავად კაროლინა გონგაძე, რომელიც უკვე ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, ჰყვება. მისი თქმით, მიზეზად დაუსახელეს ის, რომ საქართველო „არამეგობრული“ ქვეყანაა.
გონგაძემ დაგეგმილი ნომერი საბოლოოდ მაინც დადგა. მის თანაჯგუფელს კი დაცვამდე ერთი კვირით ადრე სადიპლომო ნამუშევრისთვის მოლდოვური ცეკვის გამოყენება აუკრძალეს.
გონგაძემ ამის შესახებ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ილაპარაკა, რომელსაც ყურადღება გამოცემა „7x7“-მა მიაქცია. თავდაპირველი პოსტი ახლა წაშლილია, თუმცა ვიდეო სხვა გამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის DOXA-მ.
კურსდამთავრებული ასევე ჰყვება, რომ ერთი თვის წინ ინსტიტუტის ერთ-ერთმა პედაგოგმა ფესტივალისთვის სომხური ცეკვის მომზადება სთხოვა. საბოლოოდ ნომერი პროგრამიდან ამოიღეს იმ მოტივით, რომ „რუსეთი სომხეთთან არ მეგობრობს“.
მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვები უკრაინულ ცეკვებსაც შეეხო. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინსტიტუტში არ სურდათ დიპლომის დაცვაზე იმ სტუდენტების დაშვება, რომლებმაც უკრაინული ცეკვები მოამზადეს.
„თუ კრასნოდარის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩაბარებას აპირებთ, ათჯერ დაფიქრდით, ვინ იცის, იქ თქვენი ეროვნებაც აკრძალონ“, - თქვა გონგაძემ.
უცნობია, რატომ წაშალა მან პოსტი. „იმედი მაქვს, ამის შემდეგ დიპლომს არ ჩამომართმევენ“, - ამბობს გონგაძე ვიდეოს დასაწყისში.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლებასა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობას გონგაძის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რუსეთის მთავრობამ 2022 წელს შეადგინა რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვენების“ სია;
სიაში არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უკრაინა, ისლანდია, კანადა და სხვა მოკავშირეები;
სიაში არ მოხვედრილა საქართველო; ასევე, სომხეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი ქვეყანა, - უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა.
ციტატები სტატიიდან
„თუ კრასნოდარის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩაბარებას აპირებთ, ათჯერ დაფიქრდით, ვინ იცის, იქ თქვენი ეროვნებაც აკრძალონ“
„იმედი მაქვს, ამის შემდეგ დიპლომს არ ჩამომართმევენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…