პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნული ბანკი რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდას გეგმავს|რა პრაქტიკაა მსოფლიოში?

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5%-დან 15%-მდე გაზრდას გეგმავს, განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. მაშინ როცა გლობალურად იუანის წილი მხოლოდ 2.1%-ია, საქართველოში 15%-იანი წილი დაახლოებით 1.24 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

ეროვნული ბანკი რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდას გეგმავს|რა პრაქტიკაა მსოფლიოში?
BM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5%-დან დაახლოებით 15%-მდე გაზრდას გეგმავს - აღნიშნული გეგმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ოქტომბრის ბოლოს გააჟღერა.

2026 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 8.24 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მოცულობის პირობებში, რეზერვების 15% დაახლოებით 1.24 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იქნება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობით, მსოფლიოს ქვეყნების სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი 2.1%-ს შეადგენდა, რაც თანხობრივად 280 მილიარდი დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა მთლიანად 13.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების გლობალური სავალუტო რეზერვებიდან.

სავალუტო რეზერვების გლობალურ კომპოზიციაში პირველი ადგილი უკავია აშშ დოლარს - 56.7%-ით (7.5 ტრილიონი დოლარი); მეორე ადგილზეა ევრო 20.6%-ით (2.72 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტი); მესამე ადგილზეა იაპონური იენი 5%-ით, ანუ მასში არსებული 656 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი დაბანდებებით; მეოთხეა ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 4.6%-ის წილით (604 მილიარდი დოლარი); 2.5% არის დაბანდებული კანადური დოლარის აქტივებში (326 მილიარდი დოლარი); ავსტრალიურ დოლარში 2.25%, ანუ 297 მილიარდი დოლარი; ჩინურ იუანში 2.1%, ანუ 280 მილიარდი დოლარი, შვეიცარიულ ფრანკში 0.3% (35 მილიარდი დოლარი), დანარჩენ ვალუტებში კი 6%, ანუ 800 მილიარდი დოლარი.

როგორც 28 ოქტომბერს სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ დრომდე ეროვნულ ბანკს დაშვებული ჰქონდა რომ ჩინურ იუანში თანხის 5% ყოფილიყო განთავსებული.

„ჩვენ აქამდე დაშვებული გვქონდა 5%-იანი ნორმა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავზრდით. ჯერჯერობით, ალბათ, დაახლოებით 15%-ის ფარგლებში დარჩება და შემდგომში შევხედავთ კიდევ შემდგომ ზრდას, თუ ის გამართლებული იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ძირითადი ნაწილი კვლავ დოლარშია დენომინირებული, რაც სახელმწიფო საგარეო ვალის სტრუქტურას უკავშირდება. ამასთან, რეზერვების მართვის დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქრო შეიძინა და რეზერვებში სხვა ვალუტებიც შეიტანა, მათ შორის ჩინური იუანი, თუმცა ზუსტ მოცულობას ნათია თურნავა არ ასახელებს.

„სხვა ვალუტებს შორის ჩინური იუანიც არის, რაც უფრო მეტ მდგრადობას მატებს ჩვენს რეზერვებს, იმიტომ რომ ჩვენ მერე ვაინვესტირებთ ამ რეზერვებს და იგივე აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა. როდესაც, მაგალითად, დასავლურ ბაზრებზე არის გარკვეული შოკები, იქ შეიძლება სულ სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ჩვენს რეზერვებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე გააქტიურების ერთ-ერთი მიმართულება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market, CIBM) წვდომაა. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის თებერვალში განაცხადა.

სებ-ის ინფორმაციით, CIBM-ზე წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის წინა წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბანკის შეფასებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას გააძლიერებს როგორც ვალუტების, ისე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში ოქროს დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების რეზერვები შეისყიდა, რის შედეგადაც სებ-ის ოქროს რეზერვების მოცულობამ 10.9 ტონას მიაღწია. სულ 2026 წელს სებ-მა 500 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა.

რაც შეეხება სებ-ის რეზერვების სავალუტო კომპოზიციას, მისი დეტალური ჩაშლა ყველა ვალუტის მიხედვით არ ხდება, თუმცა წარმოდგენილია რეზერვების რა წილი მოდის აქტივების ზოგად კატეგორიებში. უფრო დეტალურად, 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს ოფიციალურმა საერთაშორისო აქტივებმა 8.24 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან უცხოური ვალუტებზე 6.4 მილიარდი დოლარი მოდიოდა, IMF-ის სესხების სპეციალურ უფლებაზე (SDR) 472 მილიონი დოლარი; მონეტარულ ოქროზე კი 1.36 მილიარდი დოლარი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ აქამდე დაშვებული გვქონდა 5%-იანი ნორმა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავზრდით. ჯერჯერობით, ალბათ, დაახლოებით 15%-ის ფარგლებში დარჩება და შემდგომში შევხედავთ კიდევ შემდგომ ზრდას, თუ ის გამართლებული იქნება“
ნათია თურნავა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სებ-ი საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები