შიფერი, როგორც კიბოს გამომწვევი – ომბუდსმენის ანგარიში აზბესტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და რეკომენდაციები
სახალხო დამცველი აზბესტის საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში „შიფერის“ დემონტაჟის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, ხოლო ბოლო 10 წელში საქართველოში $15 მილიონის აზბესტის მასალებია შემოტანილი.

საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას აზბესტის საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის კიბოს იწვევს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მოუწოდებს.
სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ აზბესტცემენტის მასალების [განსაკუთრებით ე.წ. „შიფერის“] ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებს მოიცავს, ხოლო მათი მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა ამ დრომდე არ განხორციელებულა.
მეტიც, საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოში შემოტანილია ჯამში 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აზბესტცემენტისგან და სხვა ანალოგიური მასალებისგან ნაწარმოები საქონელი, აზბესტის ბოჭკო და უშუალოდ აზბესტის ნაწარმი.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა [WHO] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს [IARC] კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ აზბესტის ზემოქმედება იწვევს ისეთ სერიოზულ და ხშირად ფატალურ დაავადებებს, როგორიცაა მეზოთელიომა, აზბესტოზი და ფილტვის კიბო.
საქართველოში აზბესტ-ცემენტის მასალების [ე.წ. „შიფერის“] მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა. შესაბამისად, საცხოვრებელი, საჯარო და სამრეწველო ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შეიძლება შეიცავდეს ამ სახიფათო მასალას.
WHO-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [ILO] ერთობლივი შეფასებით, აზბესტთან პროფესიული ექსპოზიციის შედეგად მსოფლიოში წლიურად 200 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ეს სამუშაოსთან დაკავშირებული სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის 70%-ზე მეტია“, – წერს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვედრების დროს აღმოჩნდა, რომ აზბესტის საფრთხეების შესახებ ცნობიერება დაბალია, როგორც მოსახლეობაში, ისე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებში.
„მონაწილეები სისტემატურად სვამდნენ კითხვებს, რომლებზეც ოფიციალური, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არსებობს. მათ შორის, აინტერესებდათ:
როგორ უნდა გაიწმინდოს უსაფრთხოდ ტერიტორია დამტვრეული შიფერისგან;
რა ქმედებები უნდა განხორციელდეს, თუ აზბესტის შემცველი მასალა აღმოჩნდა სკოლაში, საბავშვო ბაღში ან სხვა საზოგადოებრივ შენობაში;
ვის უნდა მიმართოს პირმა, თუ მეზობელი აზბესტის შემცველი სახურავის დემონტაჟს არასწორად ახორციელებს;
არსებობს თუ არა აზბესტის შემცველი მასალების [მაგ. ე.წ. შიფერის] ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდგომ აზბესტის ჰაერში გაფრქვევის პრევენციის საშუალებები [მაგ. აზბესტის შემცველი მასალების მოვლის საშუალებები];
საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, როგორია აზბესტის შემცველი მასალების დემონტაჟის/უტილიზაციის უსაფრთხო პროცედურა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს – „შესაძლებლობის ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები აზბესტის საფრთხეებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.“
სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ ახორციელებს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, თუმცა, ცენტრს ცნობიერების ამაღლების პროგრამები, რომლებიც შეეხებოდა აზბესტის მავნე ზემოქმედებას, არ განუხორციელებია.“
„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე.
კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე. გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამ უფლებების რეალიზების წინაპირობაა.
პირს, რომელსაც არ მიეწოდება ინფორმაცია ზემოქმედების წყაროსა და თავდაცვის საშუალებების თაობაზე, ფაქტობრივად ერთმევა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
„საქართველოში აზბესტის მოხმარების ისტორიული მოცულობის შესახებ ოფიციალური და სისტემატიზებული სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა პრობლემის მასშტაბის აღსაქმელად შესაძლებელია რეგიონული კონტექსტის გამოყენება. ესტონეთის მაგალითზე ჩატარებული კვლევების თანახმად, საბჭოთა კავშირში წლიურად ერთ მოსახლეზე საშუალოდ 12-14 კგ აზბესტი და მისი შემცველი პროდუქცია იწარმოებოდა.
საბჭოთა ერთიანი ინდუსტრიული სტანდარტებისა და ცენტრალიზებული მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საქართველოშიც ანალოგიური პრაქტიკა არსებობდა. აზბესტცემენტის მასალების [განსაკუთრებით ე.წ. „შიფერის“] ექსპლუატაციის ვადა ათწლეულებს მოიცავს, ხოლო მათი მასობრივი დემონტაჟის ან ჩანაცვლების სახელმწიფო პროგრამა არ განხორციელებულა“, – წერს სახალხო დამცველი თავის მიმართვაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის ბრძანებით აზბესტის ბოჭკოების მრეწველობაში გამოყენება აკრძალულია.
მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2015 წლიდან დღემდე პერიოდში საქართველოში შემოტანილია:
13 731 100 აშშ დოლარის ღირებულების – „ნაწარმი აზბესტცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან“. აქედან 1 მილიონი აშშ დოლარის მარტო 2026 წელს.
1 709 200 აშშ დოლარის ღირებულების – „ბოჭკო აზბესტისა დამუშავებული; აზბესტის ნაწარმი“.
ამ თემაზე:
აზბესტი – კიბოს წყარო სახლების სახურავებზე ბათუმში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…