ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
Press Association-ის ცნობით, არსენ ვენგერი FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს. ფრანგი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად ორგანიზაციაში ფეხბურთის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. როგორც Press Association-ი იტყობინება, 77 წლის სპეციალისტი ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.
ვენგერი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, რომელსაც UEFA-მ შესაძლოა მხარი დაუჭიროს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ინფანტინოსთვის კონკურენტის მოძებნას ცდილობს და ფრანგი სპეციალისტის კანდიდატურაც ამ კონტექსტში განიხილება.
თუმცა, ვენგერს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამასთან, ის ამ ეტაპზე FIFA-ს ფავორიტ კანდიდატად არ განიხილება, რადგან ორგანიზაცია სხვა შესაძლო კანდიდატებსაც აფასებს.
არსენ ვენგერი FIFA-ში 2019 წლიდან მუშაობს და მსოფლიო ფეხბურთის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობს. მანამდე ფრანგი სპეციალისტი 22 წლის განმავლობაში ლონდონის "არსენალს" წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ინგლისის პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო, ხოლო ასოციაციის თასს შვიდჯერ დაეუფლა. მისი ხელმძღვანელობით "მეთოფეებმა" 2003-04 წლების სეზონი წაუგებლად ჩაატარა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
FIFA-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე დაადასტურა. მისი შესაძლო მეოთხე ვადით არჩევას ორგანიზაციაში გარკვეული წინააღმდეგობა ახლავს. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია FIFA-ს ინიციატივამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული წილების კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. პროექტი კრიტიკის შემდეგ ჩავარდა.
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 მარტს, მაროკოში გაიმართება. კანდიდატებმა საკუთარი სურვილი 18 ნოემბრამდე უნდა დაადასტურონ, ხოლო პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩასართავად სულ მცირე ხუთი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციის ნომინაციაა საჭირო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…