როგორ მოხვდა ნოროვირუსი ორ ათეულზე მეტ ბაგა-ბაღში — NCDC-ის განცხადება და პასუხგაუცემელი კითხვები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, თბილისის ორ ათეულზე მეტ ბაგა-ბაღში ბავშვების ინტოქსიკაცია სავარაუდოდ ნოროვირუსს უკავშირდება. სპეციალისტები სვამენ კითხვებს ვირუსის საკვებთან შესაძლო კავშირსა და გავრცელების მიზეზებზე, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC & PH) გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ერთ ღამეში საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ათობით ბავშვის მოხვედრა სავარაუდოდ ნოროვირუსს უკავშირდება.
ბავშვები, რომლებიც პირღებინებითა და მუცლის ტკივილით მოხვდნენ კლინიკებში თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. ბაგა-ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესიც შეჩერდა.
NCDC-ის განცხადებას მყისიერად მოჰყვა გამოხმაურებები. მათ შორის, ექიმები სვამენ კითხვებს, რაზე პასუხი და შესაბამისი ახსნა ცენტრს თავის განცხადებაში არ მოუცია.
რა არის ნოროვირუსი?
ნოროვირუსი ძალიან გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს კუჭისა და ნაწლავების მწვავე ანთებას, ანუ გასტროენტერიტს. მას ხშირად „კუჭის გრიპსაც“ კი უწოდებენ.
სიმპტომები, როგორც წესი, ვირუსთან კონტაქტიდან 12-დან 48 საათში ვლინდება, უეცრად იწყება და ვითარდება:
ძლიერი ღებინება
დიარეა
მუცლის ძლიერი ტკივილი ან კრუნჩხვები
დაბალი სიცხე და შემცივნება
თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე
1-3 დღეში ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობა მდგომარეობიდან ისე გამოდის, რომ სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება.
NCDC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება.
მათივე განმარტებით, ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია:
სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა;
კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება;
დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა — ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება.
რა კითხვები აქვთ სპეციალისტებს?
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ ვირუსის ეს „აფეთქება“ ორ ათეულზე მეტი ბაგა-ბაღის აღსაზრდელებში საკვებს უკავშირდება და ის ვერ იქნება ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია.
„ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან“ — წერს ბუწაშვილი.
ინფექციონისტი აყენებს საკითხებს, რომლებზე პასუხი და რომელთა ოპერატიულად გადაჭრა არის პრიორიტეტული:
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.
სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან.
ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე.
კარგი იქნებოდა გამოქვეყნდეს, რამდენი ნიმუში იქნა გამოკვლეული და რამდენს დაუდასტურდა ნოროვირუსი.
NCDC-ის განცხადებას ეხმაურება ექიმი რეანიმატოლოგი, პარტია „ახლის“ წევრი ანი ქავთარაძე და შესაბამისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის მქონე უწყებებისგან ითხოვს განმარტებას, როგორ მოხვდა ორ ათეულზე მეტ ბაგა-ბაღში ვირუსი ერთდროულად:
როგორ მოხვდა ნორავირუსი ერთდროულად 22 ბაღში?
როგორ გამოუვლინდა 100-ზე მეტ ბავშვს ერთდროულად, ერთ დღეს სიმპტომები, მაშინ, როდესაც მათ არ ჰქონიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია(ვგულისხმობ სხვადასხვა ბაღს და დროში თანხვედრას), თუკი პროდუქტი არ იყო დაბინძურებული?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო და ჩხრეკები ჩაატარა იმ კომპანიებში, რომლებიც ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.