„გაუქმებული“ ობიექტი „ქართლი“ დევნილებისთვის ისევ თავშესაფარია
ყოფილ სანატორიუმ „ქართლს“ „გაუქმებული“ ობიექტის სტატუსი აქვს, თუმცა ავარიულ შენობაში დევნილები კვლავ ცხოვრობენ. დევნილთა სააგენტოს ცნობით, იქ მყოფთა შესახებ ინფორმაციას აღარ ფლობს, რადგან საკითხი მის კომპეტენციას სცდება.

თბილისში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლს“, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ, კომპაქტურად განსახლების ობიექტის „გაუქმებული“ სტატუსი აქვს. თუმცა დღეს შენობა კვლავ ათეულობით ოჯახის თავშესაფარია.
გაუქმებული „ქართლის“ ეზოში მანქანები დგას, ფანჯარებთან სარეცხი შრება. სადარბაზოებში და ოთახებში ნესტის სუნია, კედლები დაბზარულია, შენობის ზოგიერთ ნაწილში წყალი ჟონავს. გარედანაც ჩანს, რომ შენობა წლების განმავლობაში მოუვლელია. თუმცა, მიუხედავად მისი მდგომარეობისა და სახელმწიფო უწყების მონაცემთა ბაზაში მინიჭებული „გაუქმებული“ სტატუსისა, აქ ისევ ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები, მათ შორის, ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.
დღეს აქ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება: არიან დევნილი ოჯახები, რომლებიც აქ საცხოვრებლად ბოლო წლებში გადმოვიდნენ, რადგან ჯერ კიდევ ელოდებიან სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მიღებას, და ისეთებიც, რომლებმაც ბინა უკვე მიიღეს, თუმცა ახალ ბინებში გადასვლა ჯერ ვერ შეძლეს.
„ბინა მივიღეთ, მაგრამ ჯერ გადასვლა ვერ მოვახერხეთ“
სანატორიუმის ეზოში ორ ხანდაზმულ კაცს ვესაუბრეთ. ორივე მათგანი ოჯახთან ერთად აქ 30 წელზე მეტია ცხოვრობს. მათი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ამ შენობაში გავიდა. ორივემ სახელმწიფოსგან ბინა მიიღო, თუმცა ყოფილ სანატორიუმში ჯერ კიდევ რჩებიან.
როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ახალ ბინაში გადასვლამდე რემონტია საჭირო. ზუსტად არ იცის, როდის შეძლებენ გადასვლას. მეორე მცხოვრებიც ამბობს, რომ ბინის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ოჯახს იქ საცხოვრებლად გადასვლა უკვე შეუძლია.
ორივე აცნობიერებს, რომ შენობის მდგომარეობა მძიმეა. საუბარში ახსენებენ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, კანალიზაციის პრობლემას და შენობის ზოგად მდგომარეობას. თუმცა, მათი შეფასებით, საფრთხე ისეთი არ არის, რომ შენობა “ხვალვე დაინგრეს”.
მათგან განსხვავებული მდგომარეობა აქვს ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ასევე ვესაუბრეთ. მისი მეუღლე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახი საცხოვრებლის მიღებას წლებია ელოდება. რადგან სხვაგან ბინის ქირის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მუშაობს, ვერ შეძლებდნენ, ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთ დაცლილ ბინაში შესახლდნენ. აქ ქირას არ იხდიან.
ქალი ამბობს, რომ შენობაში ცხოვრება განსაკუთრებით ნესტის გამოა რთული – ნესტია როგორც ოთახებში, ისე სადარბაზოში, თუმცა, მადლიერია, რადგან ამ ეტაპზე არავინ აიძულებს შენობის დატოვებას.
“აქამდე მე და ჩემი ქმარი ქირით ვცხოვრობდით. ორივე ვმუშაობთ, მაგრამ ეხუმრებით, ამ ხელფასებით დღეს ბინის ქირის გადახდას? ამიტომ ერთ-ერთ დაცლილ ბინაში ვამჯობინეთ შემოსვლა. მართალია, ყველაფერი თავიდან გავარემონტეთ რომ შესაძლებელი ყოფილიყო ცხოვრება, მაგრამ ისევ დაობდა ნესტისგან კედლები”.

სადარბაზოებში ჭერიდან წყალი ჩამოდის

შენობა, რომლის მდგომარეობაც განსახლების საფუძველი გახდა
სანატორიუმ „ქართლის“ ტექნიკური მდგომარეობა სახელმწიფოსთვის ახალი საკითხი არ არის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, შენობა 2015 წელს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა. სააგენტოს განმარტებით, სწორედ ამ შემოწმების შედეგები გახდა ობიექტიდან დევნილი ოჯახების განსახლების საფუძველი.
ამასთან, როგორც დევნილთა სააგენტოში განგვიმარტეს, ყოფილ სანატორიუმ „ქართლს“ კომპაქტურად განსახლების „გაუქმებული“ ობიექტის სტატუსი აქვს მინიჭებული. სააგენტო ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით იქ ამჟამად მცხოვრებ პირთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
დევნილთა სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღწერის დროს, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ ფაქტობრივად 196 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.
სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლიდან დღემდე ამ ობიექტიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით 151 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, 45 ოჯახს კი სხვადასხვა მიზეზით უარი ეთქვა გრძელვადიან განსახლებაზე.
უწყების განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, კომპაქტურად განსახლების „გაუქმებული“ სტატუსის მქონე ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახები აღარ ითვლებიან ამ შენობის მართლზომიერ მოსარგებლეებად. სააგენტო ამ საკითხზე მიუთითებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის ბრძანებაზე.
კითხვაზე, რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც ბინა მიიღეს, მაგრამ კვლავ „ქართლში“ ცხოვრობენ, სააგენტო პასუხობს, რომ შენობის შემდგომი განკარგვისა და სარგებლობის საკითხის რეგულირება მის კომპეტენციას სცდება.

რა ბედი ელის შენობას და იქ დარჩენილ ოჯახებს?
დევნილთა სააგენტოს პასუხებიდან ირკვევა, რომ ყოფილი სანატორიუმი „ქართლი“ სახელმწიფო საკუთრებაა, თუმცა მისი შემდგომი განკარგვის საკითხი დევნილთა სააგენტოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. უწყებას არ აქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა შენობის დემონტაჟი, რეაბილიტაცია ან სხვა მიზნით გამოყენება და არც შესაბამისი ვადები დაუსახელებია.
შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სააგენტო მხოლოდ 2015 წლის ექსპერტიზას მიუთითებს, რაც, სააგენტოს ცნობით, დევნილების განსახლების საფუძველი გახდა შენობიდან. უფრო ახალი შეფასება ან შემოწმების შედეგები უწყებას არ მოუწოდებია.
2022 წლის ტრაგედია და დაჩქარებული განსახლების დაპირება
სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებლების განსახლების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ 2022 წლის იანვარში დადგა. 16 იანვარს, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი, რომელიც ყოფილი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობდა, სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. მაშინ მისი მეზობლები მომხდარს წლების განმავლობაში გაჭიანურებულ განსახლების მოთხოვნას უკავშირებდნენ. მათი თქმით, ჭიჭოშვილი მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და უშედეგო მოთხოვნების გამო სასოწარკვეთილი იყო.
შენობაში მცხოვრები დევნილები მანამდეც მართავდნენ საპროტესტო აქციებს. ისინი ამბობდნენ, რომ შენობა ავარიული იყო და იქ ცხოვრება საფრთხეს უქმნიდა. 2021 წლის დეკემბერში ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა, რასაც დევნილების პროტესტი მოჰყვა. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.
ჭიჭოშვილის გარდაცვალების შემდეგ დევნილთა განსახლების საკითხმა კიდევ უფრო დიდი საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო – თვითმკვლელობამდე მიყვანის შესაძლო ფაქტზე. მეორე დღეს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაკავშირებოდა. ამ განცხადებას სანატორიუმში მცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა.
ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, 27 იანვარს, დევნილთა სააგენტომ განაცხადა, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ცხრა ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინები უკვე გადასცა, შვიდმა ოჯახმა კი განსახლების ალტერნატიული გზა აირჩია – თავად მოიძია საცხოვრებელი ფართი, რომლის ღირებულებასაც სააგენტო დაფარავდა. უწყების განცხადებით, განსახლების პროცესი დაწყებული იყო და 2022 წლის განმავლობაში ყველა ოჯახი ეტაპობრივად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ციტატები სტატიიდან
„აქამდე მე და ჩემი ქმარი ქირით ვცხოვრობდით. ორივე ვმუშაობთ, მაგრამ ეხუმრებით, ამ ხელფასებით დღეს ბინის ქირის გადახდას? ამიტომ ერთ-ერთ დაცლილ ბინაში ვამჯობინეთ შემოსვლა. მართალია, ყველაფერი თავიდან გავარემონტეთ რომ შესაძლებელი ყოფილიყო ცხოვრება, მაგრამ ისევ დაობდა ნესტისგან კედლები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…