პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლეჩხუმში, ხვამლის მთის კალთებზე 8 000-წლიანი ქართული მეღვინეობის ტრადიცია გრძელდება - თამაზ ომანაძე უსახელოურისა და ცოლიკოურისგან ქვევრის ბიოღვინოს წინაპართა წესით აყენებს

ლეჩხუმში, ხვამლის მთის ფერდობზე მდებარე სოფელ ოყურეშში, თამაზ ომანაძე უსახელოურისა და ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან ქვევრის ბიოღვინოს წინაპართა ტრადიციული წესით აყენებს.

რაჭასა და იმერეთს შორის, უზარმაზარ მთებში მოქცეული ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა, ისეთივე გამორჩეული, როგორც ამ კუთხის მევენახეობა. მოსავალს იქ ჯერ კიდევ მთვარის კალენდრის მიხედვით იღებენ, წინაპართა მიწაზე საკრალურ ადგილებში. იქ, სადაც უსახელოურის უნიკალური ვაზის ჯიშები ხარობს, მეღვინეობასთან დაკავშირებული არაერთი მითი თუ ლეგენდა დღემდე ცოცხლობს.

მარანში ისე შედიან, როგორც სალოცავში. ქვევრებში ღვინოსაც ისე უვლიან, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ღვინის დაყენებაც მისტიკურია და რელიგიურ რიტუალს ჰგავს.

ასე, ლოცვითა და საგალობლებით ამზადებს ღვინოს – უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან. თამაზ ომანაძე ჰყვება, რომ ამით ქვევრში ღვინის დაყენების 8 000 წლოვან ისტორიასაც აცოცხლებს და ვაზის სამშობლოში წინაპართა ფესვებსაც უბრუნდება.

ბიოღვინოს საუკეთესო ქართული ჯიშის ყურძნისგან, წითელმარცვლიანი უსახელოურისა და თეთრმარცვლიანი ცოლიკოურისგან ტრადიციული წესით ამზადებს, ჯერ საწნახელში წურავს, შემდეგ კი ქვევრებში გადააქვს.

სოფელ ოყურეშში, ხვამლის მთის ჩრდილო დასავლეთ ფერდობზე ვაზის უნიკალური ქართული ჯიში უსახელოური ხარობს. აქ, უზარმაზარ მთებს შორის და ამ კლიმატურ პირობებში ყურძენი საუცხოო გემურ თვისებებს იძენს.

დაცული ადგილწარმოშობის ოყურეშის უსახელაურის 2 ჰექტარზე გაშენებული ვენახი მხოლოდ ბუნებრივი, ბიოლოგიური სასუქებითა და ბიოპრეპარატებით მუშავდება. არც უხვმოსავლიანობა იცის, ერთი ძირი ვაზი ბუნებრივად მხოლოდ იძლევა 800-დან 1200 გრამამდე ყურძენს.

ლეჩხუმში ვენახები ციცაბო ფერდობებზეა გაშენებული. იქ, მთების მწვერვალებზე, არწივებთან ახლოს, მიწისა და ცის გასაყარზე.

უსახელოურის ჯიშის ყურძენი ლეჩხუმში ოქტომბრის ბოლოს იკრიფება. ტრადიციული რთველი, სავსე მთვარისას ნაშუადღევს იწყება, ვიდრე ყურძნის კრეფას დაიწყებენ, ვენახი მოძღვარმა უნდა აკურთხოს.

ვენახის დამუშავებიდან ღვინის დაყენებამდე ყველა სამუშაო ხელით სრულდება, ხვამლის მთის მახლობლად ერთ პატარა სოფელში. ისეთივე მისტიკური რიტუალით, როგორი მისტიკურიც ხვამლის მთაა - ლეგენდის თანახმად, არგონავტებისა და პრომეთეს ნავსაყუდელი, ქართველ მეფეთა განძსაცავი. სწორედ აქ აღმოაჩინეს პიქტოგრამები, რომელიც ძვ.წ. 5604 წლით თარიღდება და რომელიც უსახელოურის ღვინის ბოთლის ეტიკეტზეა დატანილი.

თამაზ ომანაძე ბუნებრივად ნახევარ ტკბილ წითელ და ასევე წითელ და თეთრ მშრალ ქვევრის ბიოორგანულ ღვინოსა და ჭაჭას ამზადებს. ქართული ღვინის უნიკალურმა გემომ საქართველოშიც და უცხოეთშიც არაერთი ცნობილი ადამიანი აღაფრთოვანა, საქართველოს კი როგორც ღვინის სამშობლოს კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ათასწლეულების განმავლობაში მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია არსებობს. აქ ლეჩხუმშიც, მთებში ჩაკარგულ სოფელში, უწყვეტად გრძელდება ტრადიცია - ამ ქვევრებში ღვინო ისევ იწურება, როგორც ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
როგორ იმართება საპენსიო დანაზოგების რისკები - ფონდმა რისკის მართვის ახალი ჩარჩო დაამტკიცაწაიკითხე

უახლესი ამბები