პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

28 წელი, 25 ქვეყანა და 75 მილიონი ნაბიჯი - ბრიტანელი მოგზაური კარლ ბუშბი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საფეხმავლო ექსპედიციის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

ბრიტანელი მედესანტე კარლ ბუშბი 28-წლიანი საფეხმავლო ექსპედიციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მან სატრანსპორტო საშუალებების გარეშე 25 ქვეყანა და 75 მილიონი ნაბიჯი გაიარა.

კარლ ბუშბი, 57 წლის ბრიტანელი მედესანტე, რომელიც სახლიდან 1998 წელს გავიდა. შინ კი, იორკშირის ქალაქ ჰალში, 28 წლის, 10200 დღის, 25 ქვეყნისა და 75 მილიონი ნაბიჯის გავლის შემდეგ დაბრუნდა. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობის მთავარი გმირის ისტორია ერთი იდეისა და ორი მთავარი პრინციპის გარშემო გაერთიანდა.

გოლიათის ექსპედიციის სახელით ცნობილი ეს უპრეცედენტო მოგზაურობა 1998 წლის 1 ნოემბერს, კონტინენტური სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთიდან, პუნტა არენასიდან დაიწყო. კარლის მიზანი იყო, სახლში ფეხით დაბრუნებულიყო.

მან საკუთარ თავს ორი მკაცრი პირობა დაუწესა: არანაირი სატრანსპორტო საშუალება და სახლში დაბრუნება მხოლოდ მოგზაურობის დასრულების შემდეგ. მას არ შეეძლო გზის რომელიმე მონაკვეთი მანქანით, მატარებლით, თვითმფრინავით ან გემით გაევლო. ყველა რთული მონაკვეთი საკუთარი ძალებით უნდა დაეძლია - ფეხით, ცურვით ან ყინულზე გადაადგილებით.

მოგზაურის თავდაპირველი გათვლით, მსოფლიოს ფეხით შემოვლას 12 წელი უნდა დასჭირვებოდა. ამერიკის კონტინენტების, აზიისა და ევროპისთვის 6-6 წელი გამოყო. თუმცა, კარლ ბუშბის ოდისეა ოდისევსზე უფრო დიდხანს გაგრძელდა და დაგეგმილი 12 წლიანი მოგზაურობა საბოლოოდ 28 წლიან თავგადასავლად იქცა. მითოლოგიური გმირების, ციკლოპებისა და სირინოზების ნაცვლად, ბრიტანელ მოგზაურს გამკლავება პოლიტიკურ კრიზისებთან, ომებთან, დაუსრულებელ სავიზო ბიუროკრატიასთან, გაყინულ მდინარეებსა და ზღვებთან, ასევე კოვიდ პანდემიასთან მოუწია.

პირველი დიდი გამოცდა კოლუმბიასა და პანამას შორის მდებარე დარიენის ჯუნგლებში ელოდა. უღრანი ტყე, გაუვალი ჭაობები, მდინარეები და შეიარაღებული დაჯგუფებები. ჯუნგლები გადალახა, თუმცა პანამაში დააკავეს. სასაზღვრო ზონაში უნებართვოდ შესვლის გამო ციხეში 18 დღე გაატარა.

შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა და ალასკა გაიარა. წინ კი მისი მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მონაკვეთი, ბერინგის სრუტე იყო. ალასკასა და რუსეთს შორის მდებარე გაყინული ზღვა, სადაც ყინულის უზარმაზარი ფილები მუდმივად მოძრაობს, იშლება და ერთმანეთს ეჯახება. პირველად 2006 წელს, თანამგზავრთან ერთად, გაყინულ სრუტეზე გადასვლა სცადა, თუმცა ყინულის ფილამ ღია ზღვაში გაიტაცა და გადასარჩენად ვერტმფრენის ჩარევა გახდა საჭირო. თითქმის სრულად დაკარგეს მთელი აღჭურვილობა, გზად პოლარულ დათვსაც გადაეყარნენ. საბოლოოდ, რუსეთის სანაპიროს მიაღწიეს, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დროებით დააკავეს.

რუსეთის გავლას თითქმის 10 წელი დასჭირდა. მკაცრი ზამთარი და სავიზო შეზღუდვები გზას მუდმივად აფერხებდა. 2012 წელს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრა, ლოს-ანჯელესიდან ვაშინგტონამდე 5 600 კილომეტრი გაიარა, რათა რუსეთის საელჩოსთან საკუთარი პროტესტი გამოეხატა. საბოლოოდ, 2014 წელს მოგზაურობის გაგრძელების უფლება მიიღო.

ფინანსურმა კრიზისმა სპონსორების ნაწილი დააკარგვინა, მოგვიანებით კი კორონავირუსის პანდემიამ და უკრაინაში დაწყებულმა ომმა ევროპისკენ სავალი გზები კიდევ უფრო გაართულა.

გამოსავალი კვლავ წყალში იპოვა. 2024 წელს ყაზახეთიდან აზერბაიჯანში გადასასვლელად კასპიის ზღვის გადასაცურად - 288 კილომეტრის დასაფარად 31 დღე დასჭირდა. კასპიის ზღვის შემდეგ იყო აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ევროპა.

შინ დასაბრუნებლად კიდევ ერთი ბუნებრივი ბარიერი, ლა-მანშის სრუტე რჩებოდა. ბრიტანეთისა და კონტინენტური ევროპის დამაკავშირებელი გვირაბის ფეხით გადასვლის ნებართვა ვერ მიიღო და სრუტის გადაცურვა გადაწყვიტა. 2026 წლის 5 ოქტომბერს, სამი დღის განმავლობაში წყალში გატარებული 20 საათის შემდეგ, ინგლისის სანაპიროზე გამოვიდა. თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ პირველად დადგა ფეხი ბრიტანეთის მიწაზე. თუმცა ჰალამდე ჯერ კიდევ 400 კილომეტრი ჰქონდა დარჩენილი.

1 ნოემბერს კარლმა ჰამბერის ხიდი გადაკვეთა. მეორე დღეს კი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. მას ასობით ადამიანი ელოდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯერ კიდევ წინ იყო - 75 წლის დედასთან. სახლში მას 36 წლის ვაჟი ადამიც ელოდა, რომელიც სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და 12 წლის შვილიშვილიც.

დღეს, როდესაც მთავარი მიზანი შესრულებულია, კარლი აღიარებს, რომ არ იცის, რა ელის. 28 წლის განმავლობაში მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა წინსვლა იყო. ახლა კი, პირველად ამდენი ხნის შემდეგ, აღარ აქვს დანიშნულების წერტილი.

ოდისევსი 10 წლიანი ვოიაჟის შემდეგ ითაკაში დაბრუნდა. კარლ ბუშბის კი 28 წელი დასჭირდა, რომ მშობლიური სახლის კარამდე მისულიყო. და როგორც ჩანს, მისთვის ყველაზე რთული მოგზაურობა შესაძლოა სწორედ ახლა იწყებოდეს. ცხოვრება იმ მიზნის გარეშე, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში ამოძრავებდა.

ავტორი: სანდრო სანაია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ზაზა შათირიშვილი: თუ ჩვენ ევროპაში ვგულისხმობთ რომაულ სამართალს, ბერძნულ ფილოსოფიას და ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ თანამედროვე საქართველო ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე თანამედროვე ევროპაწაიკითხე

უახლესი ამბები