რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
კრისტაპს პორზინგისმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კალათბურთის თამაში დროებით შეაჩერა, რასაც თანაგუნდელ დრეიმონდ გრინის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა. გრინმა პორზინგისის არყოფნა ვადაგასულ რძეს შეადარა, რამაც გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა თანაგუნდელის, კრისტაპს პორზინგისის შესახებ უხერხული განცხადება გააკეთა.
როგორც ცნობილია, ლატვიელმა ცენტრმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კალათბურთისგან განუსაზღვრელი ვადით ჩამოშორება გადაწყვიტა. პორზინგისის თქმით, მისი ორგანიზმი მიმდინარე სეზონისთვის საჭირო დატვირთვას ვერ უმკლავდება და ამ ეტაპზე პრიორიტეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
გრინს თანაგუნდელის არყოფნის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ "უორიორსში" პორზინგისის დაბრუნებას აღარ ელოდებიან და გუნდი უკვე არსებულ რესურსზეა გადართული.
"არავინ ზის და არ ელოდება, როდის დაბრუნდება. ყველამ გონებაში უკვე წინსვლა გადაწყვიტა. ვიცით, როგორი კალათბურთელია და რისი გაკეთება შეუძლია, მაგრამ ახლა იმ მოთამაშეებზე ვართ კონცენტრირებული, რომლებიც გუნდში გვყავს.
ყველამ უნდა განაგრძოს მუშაობა. ეს შანსია სხვა კალათბურთელებისთვის, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღონ და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ. უნდა მიიღო არსებული რეალობა და წინ წახვიდე. ვადაგასულ რძეზე ფიქრს ვერ გააგრძელებ", - თქვა გრინმა.
სწორედ ბოლო წინადადებამ მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება. კალათბურთელმა პორზინგისის არყოფნა ვადაგასულ რძეს შეადარა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების ნაწილმა გრინის სიტყვები თანაგუნდელის მიმართ უპატივცემულობად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ პორზინგისს ჯანმრთელობის პრობლემები კარიერის განმავლობაში არაერთხელ ჰქონია. მას 2025 წელს POTS-ის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება.
ლატვიელი ცენტრი NBA-ში 2015 წლიდან თამაშობს. 2024 წელს "ბოსტონ სელტიქსთან" ერთად ჩემპიონი გახდა. კარიერის განმავლობაში მან "ნიუ იორკ ნიქსის", "დალას მავერიქსის", "ვაშინგტონ ვიზარდსის", "ბოსტონის", "ატლანტა ჰოუქსისა" და "გოლდენ სტეიტის" მაისურები მოირგო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…