გაანადგურეს აფხაზურ-სომხური სკანდალის გამომწვევი ენციკლოპედიის 758 ეგზემპლარი
აფხაზეთის ომის მონაწილე გალუსტ ტრაპიზონიანის ცნობით, მოსკოვში გამოცემული ენციკლოპედიის 758 ეგზემპლარი გაანადგურეს სადავო სტატიის გამო, რამაც ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზურ-სომხური სკანდალი და დე ფაქტო პროკურატურის მხრიდან მოკვლევის დაწყება გამოიწვია.

ტრაპიზონიანის ვიდეომიმართვა ფეისბუკზე გამოაქვეყნა აფხაზმა ბლოგერმა დაუთ ადლეიბამ, რომელმაც ოქტომბერში ენციკლოპედიაში აფხაზებისა და აბაზინების შესახებ დაწერილი სადავო სტატია აღმოაჩინა და საკითხი საჯაროდ წამოჭრა.
ვიდეოში ტრაპიზონიანი სოხუმში, დიდების ხეივანთან იმყოფება. მისი თქმით, 2020 წელს ენციკლოპედიის პრეზენტაციას დაესწრო.
ტრაპიზონიანმა განმარტა, რომ სკანდალის დაწყების შემდეგ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ესაუბრა გამოცემის ავტორებს და ზომების მისაღებად მუშაობდა.
მისი განცხადებით, 3 ნოემბერს ენციკლოპედიის 758 ეგზემპლარი განადგურდა.
„მინდა ბოდიში მოვუხადო აფხაზ ხალხს, ჩემს ძმებს, რათა აღარასოდეს განმეორდეს ისეთი რამ, რაც ხალხს შეურაცხყოფს და ამცირებს“, - განაცხადა ტრაპიზონიანმა.
ვიდეოს კიდევ ერთ ნაწილში ჩანს ენციკლოპედიის ეგზემპლარები, რომლებიც, ტრაპიზონიანის მტკიცებით, განადგურდა. ეს კადრები, სავარაუდოდ, რუსეთშია გადაღებული. ვიდეოში არ ჩანს, წიგნები დაწვეს თუ სხვა მეთოდით გაანადგურეს.
გალუსტ ტრაპიზონიანი აფხაზეთის ომის მონაწილეა და დე ფაქტო რესპუბლიკის „გმირის“ წოდებას ატარებს. იგი სხვადასხვა დროს აფხაზეთის სომხურ სათვისტომოსაც ხელმძღვანელობდა.
რა წერია სკანდალურ ენციკლოპედიაში?
მოსკოვში გამოცემულმა ენციკლოპედიამ „შავი ზღვისპირეთის სომხები“ (Армяне Причерноморья) ოკუპირებულ აფხაზეთში სკანდალი 2026 წლის ოქტომბერში გამოიწვია.
წიგნის პირველი ტომი 2020 წელს გამოიცა, მეორე კი 2024 წელს. ენციკლოპედია შავი ზღვის რეგიონში მცხოვრები სომხების ისტორიასა და კულტურას ეძღვნება, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სომხების ისტორიასაც.
სკანდალის მიზეზი გახდა სტატია „აბაზა“, რომლის ავტორია რუსი ეთნოლოგი, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი იგორ კუზნეცოვი.
სტატიაში ავტორი განმარტავს სიტყვა „აბაზას“ წარმოშობასა და სხვადასხვა ენაში მის გამოყენებას. იგი ყურადღებას ამახვილებს ჰემშინების - სომეხთა ეთნოგრაფიული ჯგუფის - მეტყველებაში ამ სიტყვის უხამს მნიშვნელობაზეც.
კუზნეცოვის თანახმად, არსებობდა გამოთქმა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „აბაზას ცემა“ და „მასტურბაციას“ ნიშნავდა.

ავტორს მოჰყავს თურქეთის ქალაქ ორდუში მცხოვრები პონტოელი ბერძნების უხამსი გამოთქმაც: „შენს გაკეთებას, მამაშენს ერჩივნა აბაზა ეცემა“.
ავტორი არ ამტკიცებს, თითქოს ხალხის სახელწოდებას თავდაპირველად უხამსი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღწერს სიტყვის სავარაუდო მეორეულ გამოყენებას და აღნიშნავს, რომ ამ მნიშვნელობის წარმოშობა გაურკვეველია.
აფხაზეთში სტატია შეურაცხმყოფლად აღიქვეს. კრიტიკოსების მთავარი პრეტენზია ისაა, რომ უხამსი გამოთქმები და საეჭვო ისტორიული განმარტებები სამეცნიერო ენციკლოპედიაში მოხვდა.
ავტორების ბოდიში და პროკურატურის რეაქცია
22 ოქტომბერს სტატიის ავტორმა იგორ კუზნეცოვმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ ენციკლოპედიაში სტატიის „აბაზა“ გამოქვეყნება შეცდომა იყო. მისი განცხადებით, აფხაზების შეურაცხყოფა მიზნად არ ჰქონია.
30 ოქტომბერს ბოდიში მოიხადა ენციკლოპედიის პირველი ტომის რედაქტორმა ქრისტოფორ მხითარიანმაც. მან განაცხადა, რომ რედაქტორის პასუხისმგებლობას იზიარებს და სტატიის გამოქვეყნება მისი არაკომპეტენტურობის შედეგი იყო.
მხითარიანის თქმით, სადავო სტატიის აღმოჩენის შემდეგ წიგნების ტირაჟი სტამბაში დააბრუნეს, ტექსტი შეასწორეს, ელექტრონული ვერსია ოფიციალური რესურსებიდან წაშალეს, დარჩენილი ეგზემპლარები კი გასანადგურებლად გააგზავნეს.
ენციკლოპედიის წინააღმდეგ პროტესტს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც შეუერთდა.
ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ გამოცემა პროვოკაციად შეაფასა და ავტორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა.
28 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმის შესწავლა დაიწყო. უწყება იკვლევს, რა გარემოებებში მომზადდა და გავრცელდა სტატია და იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები.
სომხები ოკუპირებულ აფხაზეთში
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისში რეგიონში 40 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 17%-ია. თუმცა ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება რთულია.
აფხაზეთში მცხოვრები სომხები პერიოდულად ადგილობრივი პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში ექცევიან. მაგალითად, 2025 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის წარმომადგენლები მათ ხელისუფლების კანდიდატის, ბადრა გუნბას მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდნენ. გავრცელდა მუქარის შემცველი განცხადებებიც, მათ შორის სომხებისთვის საარჩევნო უფლებების შეზღუდვის მოწოდებები.
აფხაზეთის სომხური თემის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ოფიციალური ერევნის პოზიციასაც. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების გამო, რომლებშიც ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.
ციტატები სტატიიდან
„მინდა ბოდიში მოვუხადო აფხაზ ხალხს, ჩემს ძმებს, რათა აღარასოდეს განმეორდეს ისეთი რამ, რაც ხალხს შეურაცხყოფს და ამცირებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…