ენმ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებში თამაშის აკრძალვის იდეით გამოდის
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ფიზიკურ და ონლაინკაზინოებში თამაში აეკრძალოთ, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ განაცხადა და მთავრობასა და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადებისკენ მოუწოდა.

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ფიზიკურ და ონლაინკაზინოებში თამაშის აკრძალვის იდეით გამოდის.
აღნიშნულის შესახებ ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ გამართა.
ურუშაძის განცხადებით სათამაშო პლატფორმებზე 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი რეგისტრირებული.
„ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ და მაგალითად მონაკო დაასახელა. მისივე თქმით უნდა მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის სახელმწიფო პროგრამა და გაძლიერდეს არალეგალური ონლაინსათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლა.
2022 წლიდან აზარტული თამაშების მიმართ სახელმწიფომ მიდგომა გაამკაცრა. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა. სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამირებაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც მნიშვნელოვნად, 41 მილიარდით გაიზარდა. იყო 48 და გახდა 89 მილიარდი.
89 მლრდ ლარი ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ კაზინოების მთლიანი მოგება მთლად ამხელაც არაა. რომ განვმარტოთ, ეს რიცხვი, ანუ 89 მილიარდი, ბრუნვას ასახავს და არა კაზინოების მოგებას ან მოთამაშეების წაგებას.
რას მოიცავს ბრუნვა? თუ პირმა 20 ლარი ჩარიცხა, მოიგო 50 ლარი, შემდეგ ეს მოგებული ფული ჩააბრუნა და 100 ლარი მოიგო, დადო ის მოგებული 100 ლარიც და წააგო, მისთვის ზარალი 20 ლარი იქნება. თამაშის დასრულების შემდეგ იმაზე 20 ლარით ნაკლები ექნება, ვიდრე მის დაწყებამდე ჰქონდა, მაგრამ ბუღალტრულად ბრუნვა 170 ლარი გამოვა (20+50+100=170).
2024 წელს სექტორის 6 უმსხვილესი მოთამაშის (კრისტალბეთი, აჭარაბეთი, კროკობეთი, ლიდერბეთი, ევროპაბეთი და ბეთლაივი) წმინდა მოგებამ ₾547 მლნ შეადგინა, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ იმ წელს დაფიქსირებულ ბრუნვასთან შედარებით 140-ჯერ ნაკლებია.
2025 წელს აზარტული თამაშების სექტორმა გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით ჯამში ₾1.7 მლრდ-ზე მეტი გადაიხადა.
რაც შეეხება მაგალითად დასახელებულ უმდიდრეს ჯუჯა სახელმწიფო მონაკოს, მონაკოში ადგილობრივებს 1987 წლიდან კაზინოებში თამაში მართლაც ეკრძალებათ. მონაკოს ფართობი სულ 2.1 კმ2-ია, რაც 210 ჰექტარია, შედარებისთვის გეგმის მიხედვით Eagle Hills-მა აპარტამენტები გონიოში 260 ჰა-ზე, ხოლო თბილისში 560 ჰა-ზე უნდა ააშენოს. მონაკოს მოსახლეობა 40 ათასია, რაც თავის მხრივ გლდანში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე რამდენჯერმე ნაკლებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…