ადვოკატები – ალეკო ელისაშვილს გარესამყაროსთან კავშირი აქვს შეზღუდული – გენერალურ პროკურორს მივმართავთ, გაერკვეს ამ საკითხში, დაასრულოს ის უკანონობა, რაც მსჯავრდებულის მიმართ 1 წლის განმავლობაში ხორციელდება
ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილს გარე სამყაროსთან, ოჯახთან და ადვოკატთან კომუნიკაცია უკანონოდ შეეზღუდა. უფლებადამცველები გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს მიმართავენ, აღკვეთოს პოლიტიკოსის დევნა და დაუბრუნოს ოჯახს ჩამორთმეული პირადი ტექნიკა.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატები განცხადებით მიმართავენ გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს, რომ მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა ისარგებლოს იმ უფლებებით, რითაც პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრები სარგებლობენ.
როგორც ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ ჩაიბარეს ახალი დადგენილება, რომლითაც ალეკო ელისაშვილს პაემნისა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება არ აქვს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს არის უსაფუძვლო შეზღუდვები, რაც რეალურად ემსახურება ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ დევნას. მათივე განმარტებით, აქედან გამომდინარე მიმართავენ გენერალურ პროკურორს, რომ გაერკვეს საკითხში და მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
„მას გარე სამყაროსთან კავშირი აქვს შეზღუდული, რაც ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ სასამართლოში. გენერალურ პროკურორსაც მივმართავთ, გაერკვეს ამ საკითხში, დაასრულოს ის უკანონობა, რაც მსჯავრდებულის მიმართ ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება. მას ჩამორთმეული აქვს ის ელემენტარული უფლებები, რაც ყველა პატიმრისთვის გარანტირებულია, რომ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდეს ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან. უკვე ერთი წელი გავიდა მომხდარი ამბიდან, გამოძიების მხრიდან ამოღებული იყო სხვადასხვა ნივთები, კერძო საკუთრებაში არსებული კომპიუტერები, ტელეფონები, რაც ეკუთვნოდა მსჯავრდებული ელისაშვილის ოჯახის წევრებს და დღემდე, ეს ნივთები დაბრუნებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ნივთებს არანაირი კავშირი არ აქვს გამოსაძიებელ საქმესთან და კონკრეტულ მსჯავრდების საქმესთან.
ჩვენ ვთხოვთ გენერალურ პროკურორს, რომ გაერკვეს ამ საკითხში, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში, კერძო მესაკუთრეები ვერ სარგებლობენ თავიანთი საკუთრებით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა პროკურორმა შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, ჩამორთმეულ ტექნიკაზე, რომელიც გამოძიების ეტაპზე ამოიღეს სამართალდამცველებმა, უკვე განაჩენი დამდგარია და შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკის დამატებითი შესწავლა საჭირო არ არის.
„ეს შეზღუდვები ემსახურება მხოლოდ ერთ საკითხს, რომ ალეკო ელისაშვილი დასაჯონ მისი პოლიტიკურ საქმიანობიდან გამომდინარე“, – განაცხადა და აღნიშნა, რომ „აქ მამუკა მდინარაძის ფაქტორიც არის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაადვოკატები ელისაშვილისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ - უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურორს წერილით მიმართეს
ადვოკატები ელისაშვილისთვის გახანგრძლივებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ - უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურორს წერილით მიმართეს
ადვოკატები - ალეკო ელისაშვილს გარესამყაროსთან კავშირი აქვს შეზღუდული - გენერალურ პროკურორს მივმართავთ, გაერკვეს ამ საკითხში, დაასრულოს ის უკანონობა, რაც მსჯავრდებულის მიმართ 1 წლის განმავლობაში ხორციელდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…