“ნათია ჯანაშია იურიდიულ და ბიზნეს საზოგადოებაზე უკანონო ზეწოლის ფორმატზე გადავიდა, რაც შემაშფოთებელია” – გიორგი კაპანაძე
აფბა-ს ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარ აქციონერ ნათია ჯანაშიას ადვოკატებსა და მოსამართლეებზე უკანონო ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მიმდინარე ბიზნესდავის პარალელურად ათასობით ელექტრონულ მისამართზე დეფამაციური გზავნილები ვრცელდება.

“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერი ნათია ჯანაშია ჩვენს გაკვირვებას ისევ ახერხებს. თუკი აქამდე მასთანვე აფილირებული ვებგვერდებიდან ცდილობდა აკადემიის ინვესტორის წინააღმდეგ დეფამაციური კამპანიის წარმოებას, ახლა უკვე თვალსაჩინოა, რომ არა მარტო საკუთრივ ინვესტორის წინააღმდეგ, არამედ მისი უფლებების დამცველი კონკრეტული ადვოკატების და იურიდიული ფირმების, მათ შორის, საერთაშორისო ეგიდის იურიდიული ფირმების და რაც ყველაზე გასაოცარია, დავის საქმეების განმხილველი მოსამართლეების წინააღმდეგაც კი აწარმოებს პროფესიული და პიროვნული ღირსების შემლახავ კამპანიას.
ეს ფაქტები ნათელი ხდება სასამართლო პროცესებიდან, სადაც ინვესტორის წარმომადგენელი ადვოკატები სასამართლოს წინაშე წარადგენენ გაურკვეველი “ექაუნთებიდან” ათასობით ელეტრონულ მისამართზე დაგზავნილ დეფამაციური შინაარსის შეტყობინებას, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიის ინვესტორის ინტერესების დამცველი ადვოკატები და იურიდიული ფირმები არიან თაღლითები, დამნაშავეები და რომ მათთან საქმის დაჭერა სარისკო და სახიფათოა. ამავე შეტყობინებებში კორუმპირებულად და წინასწარ მოსყიდულად იხსენიება პრაქტიკულად ყველა ის მოსამართლე, ვინც “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებული დავის ამა თუ იმ ეპიზოდს განიხილავს.
ბიზნესდავების ქართულ ისტორიებში, მსგავსი მიდგომა, რაღაც ახალია, თუმცა ფაქტია, რომ ცალსახად უკანონო ზეწოლის ფორმატთან გვაქვს საქმე, რაც ძალიან შემაშფოთებელია”, – აღნიშნა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ “ალიასთან” ინტერვიუში. შეგახსენებთ, აფბა ბოლო თვეებია, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
– გიორგი, რამდენადაა დადასტურებული, რომ თქვენს მიერ აღწერილ კამპანიას სწორედ ნათია ჯანაშია წარმართავს?
– მადლობა ამ შეკითხვისთვის, მართებული და სწორი ვექტორით დასმული კითხვაა. რა თქმა უნდა, “ჟანრის კლასიკაა”, რომ მსგავსი ქმედებების ავტორები არასდროს საკუთარი ნება-სურვილით არ აღიარებენ დეფამაციიური კამპანიის ავტორობას. პირიქით – წარმომადგენელი იურისტების პირით ემიჯნებიან კიდეც მას. მაგრამ აქ საქმეში ერთვება ლოგიკა, გავრცელებული გზავნილების სტილური და შინაარსობრი თანხვედრა მანამდე ნათია ჯანაშიასთან აფილირებულ ვებგვერდებზე განთავსებულ გზავნილებთან და მთავარი – სამართლადამცავთა ვერდიქტი, რომელსაც ინვესტორის წარმომადგენელი მხარე ელოდება.
ჩემი ინფორმაციით, თითოეულ ზემოთ აღწერილ გზავნილთან დაკავშირებით მათ მიმართული აქვთ შესაბამისი სამართალდამცავი უწყებებისადმი მოთხოვნით, რომ დადგინდეს გზავნილების ე.წ. “ციფრული კვალი” და შედეგად გამოირკვეს გზავნილთა რეალური ავტორები. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, დარწმუნებული ვარ, ეს არც თუ ისე რთული საქმე იქნება.
– გიორგი, რამდენიმე თვეა, რაც აფბა აღნიშნული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს. ამ ეტაპზე რა არის ის მთავარი მიგნებები, რაც ამ პროცესში გამოიკვეთა?
– ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მონიტორინგის პროცესი ეყრდნობა მხოლოდ საჯარო სივრცეში არსებულ და მხარეთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, ამა თუ იმ უწყებიდან, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით გამოთხოვილ ცნობებს.
იკვეთება, რომ ნათია ჯანაშიას მხარე ინვესტორს, “საქართველოს განათლების ჯგუფს” უყენებს შემდეგ პრეტენზიებს:
რომ მათ იაფად გაყიდეს წილი;
რომ გარიგების თანხა სრულად არ მიუღიათ;
რომ კონტრაქტის ვადის გასვლის მიუხედავად, ის და მისი მეუღლე სკოლის მმართველობას უკანონოდ ჩამოაშორეს;
რომ „საქართველოს განათლების ჯგუფს” სკოლის კაპიტალი, ნათია ჯანაშიას მხარის წილობრივი მონაწილეობის გარეშეც უნდა შეევსო კაპიტალში ოქროყანის მიწის ნაკვეთის შეტანით.
და რომ ამ ყველაფრის ფონზე და გამო, ინვესტორი უნდა გაირიცხოს კომპანიიდან.
თავის მხრივ, “საქართველოს განათლების ჯგუფი” ნათია ჯანაშიას გარიცხვას ითხოვს კომპანიიდან იმის გამო:
რომ მისმა მენეჯმენტმა “აკადემიას”, არამართლზომიერი და შეუსაბამო ხარჯების გაწევის გზით, მიაყენა 2 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ზიანი.
რომ მისი მენეჯმენტის პირობებში დაფიქსირდა 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მიტაცება/გაფლანგვის ფაქტი.
რომ კომპანია დააყენა ლიკვიდაციის რეალური საფრთხის წინაშე.
რომ სისტემურად და სისტემატურად, მათ შორის, ბულინგის და სიძულვილის ენის თანხლებით, აწარმოებს ინვესტორის საქმიანი და პიროვნული რეპუტაციის შემლახველ კამპანიას.
რომ საკუთარი უმოქმედობით თუ სხვა შეგნებული ქმედებებით ხელს უშლის კომპანიის განვითარების გეგმების განხორციელებას.
– თქვენი დაკვირვების შედეგად, ჩამოთვლილთაგან, რომელი მხარის პრეტენზიებია რელევანტური?
– მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას მხარეს მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებისთვის არ წარუდგენია არც ერთი ფაქტი ან/და დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, რაც მისი ნარატივის მართებულობაში დაგვარწმუნებდა.
მეორე მხრივ, ინვესტორის მხარის მიერ საზოგადოებისთვის თუ სასამართლო ინსტანციებისთვის წარდგენილი მტკიცებულებები გამოირჩევა ფაქტებზე დაყრდნობის მაღალი სტანდარტით.
ესაა მოკლედ, რაც შეიძლება რომ ითქვას და აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თავად განსაჯოთ თუ რომელი მხარის პრეტენზიები შეიძლება რომ ჩაითვალოს რელევანტურად.
– ბოლო პერიოდში საზოგადოებამ შეიტყო, რომ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის საკუთრებაშია რამდენიმე ათეული მილიონის უძრავი ქონება. ეს ფაქტი რამდენად არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც ბიზნეს დავის მონიტორინგის განმახორციელებლი ორგანიზაციისთვის?
– თავისთავად ფაქტი, რომ ესა თუ პირი ფლობს ამა თუ იმ ქონებას, საზოგადოებრივად საინტერესო არ არის. თუმცა თქვენს მიერ მოტანილი ფაქტი, – ვფიქრობ, მხედველობაში გაქვთ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის საკუთრებაში არსებულ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ განთავსებული სასახლე, რომლის საცხოვრებელი ფართიც 3 820 კვადრატული მეტრია და ასევე საქართველოს ერთ-ერთ განთქმულ სარეკრეაციო სივრცეში განთავსებული ვილა, ჩვენი ყურადღების არეალში მოხვდა, რამდენადაც ორივე მათგანი მათ შეძენილი აქვთ მას შემდეგ რაც აკადემიაში “ინვესტორი” შევიდა – 2019 წლის შემდეგ პერიოდში.
ამით იკვეთება ის, რომ “აკადემიაში” ინვესტორის შესვლამ არა მხოლოდ “აკადემიის” ფინანსურ მაჩვენებლებზე იქონია კეთილმყოფელი გავლენა (მაჩვენებლები განუხრელად მზარდია), არამედ მინორიტარ აქციონერ ნათია ჯანაშიასა და მის ოჯახზეც – მათ სწორედ ამ პერიოდში მოახერხეს და შეიძინეს თქვენ მიერ აღნიშნული ქონებები.
– მინდა უფრო დაწრილებითი კომენტარი გთხოვოთ ერთი კონკრეტული ასპექტის თაობაზე. – თქვენ აღნიშნეთ, ნათია ჯანაშიას მოთხოვნა იყო, რომ „საქართველოს განათლების ჯგუფს” სკოლის კაპიტალი, ნათია ჯანაშიას მხარის წილობრივი მონაწილეობის გარეშეც უნდა შეევსო კაპიტალში ოქროყანის მიწის ნაკვეთის შეტანით. – რამდენადაც იკვეთება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი. რას გვეტყვით უფრო ვრცლად ამ მომენტის შესახებ?
– ჩვენი მოკვლევის საფუძველზე იკვეთება, რომ “განათლების ჯგუფი” მზად იყო და შეიტანდა აღნიშნულ ნაკვეთს აკადემიის კაპიტალში, იმ შემთხვევაში, როდესაც კაპიტალში შენატანს განახორციელებდა ორივე აქციონერი საკუთარი წილობრივი პაკეტის (70/30) შესაბამისად.
ეს პირობა, რომ მხარეთა შორის არსებობდა და შეთანხმებული იყო, დასტურდება მხარეთა შორის არსებული, საჯაროდ გავრცელებული, საქმიანი მიმოწერის იმ ფრაგმენტებიდან, სადაც დავით ცეცხლაძე “განათლების ჯგუფის” მენეჯმენტს თხოვნით მიმართავს, რომ მიეცეს საშუალება, კაპიტალში შენატანის მათზე რიცხული მოცულობა რამდენიმე ტრანშად დაყოფილად შეიტანოს.
შესაბამისად, გაუგებარია, თუკი ჯანაშია-ცეცხლაძის მხარე კაპიტალში შენატანის მათი წილის განხორციელებას 4 ნაწილად დაყოფით ცდილობს, ანუ აპრიორი აღიარებს ამ ვალდებულებას, შემდეგ პერიოდში, კერძოდ დავის დაწყებიდან მხოლოდ დიდი პერიოდის შემდეგ, რა არგუმენტზე დაყრდნობით ითხოვს პარტნიორი მხარისგან მხოლოდ მისი მხრიდან კაპიტალის შევსებას (მიწის შეტანით), ისე რომ მის ვალდებულებას აღარ ახსენებს?
ნათია ჯანაშიას მხრიდან ამ გარემოების ახსნას და დადასტურებას, მოკვლევის პროცესში, არსად შევხვედრივართ.
უფრო მეტიც, 2026 წლის 13 მარტს გამართულ აქციონერთა კრებაზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, და ეს საკითხი განხილული აქვთ ნათია ჯანაშიასა და მის მეუღლეს თავის ერთ-ერთ განცხადებაშიც, „საქართველოს განათლების ჯგუფი“მზად იყო ოქროყანის ნაკვეთი შეეტანა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კაპიტალში ჯანაშიას მხრიდან შესაბამისი შენატანის განხორცილების პარალელურად, თუმცა ქალბატონი ნათია და მისი მეუღლე, წინააღმდეგი წავიდნენ.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ვრცელდება მთელი რიგი გზავნილები, რომლებიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ეპითეტებს საქართველოში დავასთან დაკავშირებული საქმეების განმხილველი მოსამართლეების მიმართ. ხომ არ ხდება იგივე ინგლისში მიმდინარე დავასთან მიმართებით?
– ზოგადად, იკვეთება რომ დავის ბრიტანეთში, კერძოდ ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების სასამართლოში გადატანის მცდელობა, ესაა ქმედება, რომელსაც ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მხრიდან საკითხზე ირიბი ზეწოლის მცდელობას დავარქმევდი.
მიიღებს თუ არა წარმოებაში ამ განაცხადს ლონდონის სასამართლო, ეს ჯერაც უცნობია, მაგრამ თავად ფაქტი მრავლისმეტყველია, მით უფრო, იმაზე დაყრდნობით, რომ ლონდონის სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობას, ნათია ჯანაშია, საქართველოში, პოლიტიკური ვექტორის ცვლილებით (ხელისუფლების გეზი რუსეთისკენ), სასამართლოს კორუმპირებულობიოთ და სასამართლო სისტემაზე აბსოლუტური ოლიგარქიული გავლენებით ხსნით და გასაგებად არაფერს ამბობს საკითხის ფაქტობრივ მხარეებზე.
ფაქტია, ნათია ჯანაშიას მხრიდან დავის “ბრიტანულ სიბრტყეზე” გადატანის მცდელობით, სახეზე გვაქვს აქციონერთა შორის ბიზნესდავის სრული პოლიტიზება და საქართველოს იმიჯის დაზარალების მცდელობა იმისთვის, რომ მისი კერძო ინტერესები, თუნდაც უხეში ფორმებით და უსამართლოდ, მაგრამ აუცილებლად დაკმაყოფილდეს. რამდენად მოახერხებს ნათია ჯანაშია ამ აუცილებლობაში ბრიტანული მართლმსაჯულების დარწმუნებას, ძნელი სათქმელია…
საკუთრივ თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით რომ არა – მონიტორინგის პროცესში არ გამოვლენილა ფაქტი, რომ ვინმე ბრიტანულ მართლსაჯულებას, ბრიტანელ იურისტებს და ბრიტანელ მოსამართლეებს კორუმპირებულებს, მოსყიდულებს, თაღლითებს და დამნაშავეებს უწოდებდეს.
როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით მაინც, მავანი, მსგავსი ეპითეტების უაპელაციო გამოყენებისას, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით იფარგლება.
ციტატები სტატიიდან
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…