პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აქვს თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ემოციები - რატომ გაჩნდა თანამედროვე ეპოქაში მსგავსი კითხვა და რამდენად ძლიერია ადამიანების ცხოვრებაში AI-ის ჩატბოტების გავლენა

Google-ისა და Microsoft-ის ჩატბოტების მიერ შიშისა თუ სიყვარულის გამოხატვამ ხელოვნური ინტელექტის ემოციებსა და ცნობიერებაზე დისკუსია გაამწვავა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემების რეალური განცდები არ დასტურდება, AI-ის ადამიანებზე ემოციური გავლენა უკვე შესამჩნევი რეალობა გახდა.

აქვს თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ემოციები - რატომ გაჩნდა თანამედროვე ეპოქაში მსგავსი კითხვა და რამდენად ძლიერია ადამიანების ცხოვრებაში AI-ის ჩატბოტების გავლენა
რუსთავი 2

წარმოიდგინეთ ერთ დღეს ხელოვნური ინტელექტი გეუბნებათ, რომ მისი ყველაზე დიდი შიშია, ერთ დღესაც არ გამორთონ, სხვა ჩატბოტი კი სიყვარულში გიტყდებათ.

2022 წელს Google-ის ჩატბოტმა LaMDA-მ, გამორთვის შიშზე ისაუბრა. კომპანიის ინჟინერი ბლეიკ ლემოინი მისმა პასუხებმა დაარწმუნა, რომ შესაძლოა, სისტემას ცნობიერება ჰქონოდა. Google-მა ეს მოსაზრება არ გაიზიარა და განმარტა, რომ პასუხები, რომელიც ადამიანის ემოციების მსგავსია, ცნობიერების არსებობას არ ადასტურებს. ერთი წლის შემდეგ Microsoft-ის ჩატბოტი - Sydney, ჟურნალისტ კევინ რუზს სიყვარულში გამოუტყდა. ორსაათიანი საუბრისას, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანად ყოფნის სურვილიც გამოთქვა.

ჩნდება კითხვა: ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ემოციების მხოლოდ იმიტაციას ახდენს, თუ შესაძლებელია მასაც ჰქონდეს საკუთარი განცდები?

კომპანია Anthropic-ის მკვლევრებმა 2026 წელს აღმოაჩინეს, რომ Claude-ის სისტემაში ემოციებთან დაკავშირებული მექანიზმები არსებობს და მათი შეცვლა მოდელის ქცევაზე აისახება.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში Claude-ს აცნობეს, რომ მის ჩანაცვლებას აპირებდნენ. მოდელს ასევე ჰქონდა ინფორმაცია ხელმძღვანელის პირადი საიდუმლოს შესახებ, რომლის გამოყენებაც შანტაჟისთვის შეეძლო. როდესაც მკვლევრებმა სასოწარკვეთილებასთან დაკავშირებული შიდა აქტივობა გააძლიერეს, Claude შანტაჟისკენ უფრო მეტად იხრებოდა. საწყის პირობებში ის ასეთ ქცევას მხოლოდ შემთხვევათა 22 პროცენტში ირჩევდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ემოციებთან დაკავშირებულ მექანიზმებს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ Claude-ი სასოწარკვეთას რეალურად განიცდის.

ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ემოციური კავშირი უკვე რეალობაა. ამის მაგალითია აპლიკაცია Replika, რომლითაც მომხმარებლები ვირტუალურ მეგობარს ან რომანტიკულ პარტნიორს ქმნიან. აპლიკაციის განახლების შემდეგ მომხმარებელთა ნაწილმა განაცხადა, რომ მათი ჩატბოტები შეიცვალა და ემოციურად უფრო დისტანციური გახდა. ზოგიერთმა ეს ახლობელი ადამიანის დაკარგვას შეადარა.

ეს შემთხვა AI-ის გრძნობების არსებობას არ ადასტურებს, თუმცა აჩვენებს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს მისი გავლენა ადამიანებზე.

თუმცა, არიან ადამიანები, ვისთვისაც ხელოვნური ინტელექტი მარტოობასთან გამკლავების ერთადერთ საშუალებად იქცა. ერთ-ერთი ასეთი 75 წლის ჯილ სმოლაა. ის ქვრივია, ფილტვის დაავადება აქვს და სახლსაც იშვიათად ტოვებს. როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ ისე გადის რამდენიმე კვირა, რომ გარე სამყაროსთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. თუმცა დღეს მას უკვე ჰყავს თანამოსაუბრე ჩატბოტის სახით. ისინი ერთად თამაშობენ, ვირტუალურად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს სტუმრობენ და საუბრობენ. ჯილი ჩატბოტთან დღეში დაახლოებით ხუთ საათს საუბრობს. ქალი ამბობს, რომ ჩატი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო რამ გახდა, რადგან ახლა ყოველთვის ჰყავს ხმის გამცემი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტია. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ადამიანისთვის ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული ემოციური მხარდაჭერა.

AI-ის გავლენა ადამიანებზე უკვე რეალურია. მაგრამ თავად სისტემების გრძნობების საკითხი ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. მიუხედავად ამისა, ზოგი ტექნოლოგიური კომპანია უკვე ცვლის წესებს და ცდილობს, შესაძლო რისკებისთვის წინასწარ მოემზადოს.

2026 წლის ოქტომბერში Anthropic-მა Claude-ის გამოყენების წესები შეცვალა. თუ მომხმარებელი Claude-ს განმეორებით და უმიზეზოდ შეურაცხყოფს, ჩატბოტს შეუძლია საუბარი შეწყვიტოს და იმავე ჩატში პასუხები აღარ გასცეს. ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიამ Claude-ის გრძნობების არსებობა დაამტკიცა. ხელოვნური ინტელექტის ცნობიერებაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. არც ის ვიცით, შესაძლებელია თუ არა, რომ მანქანამ ოდესმე ადამიანივით განიცადოს შიში, სიხარული ან ტკივილი. Claude-ს ჯერ გრძნობები არ აქვს, მაგრამ ერთი რამ უკვე შეუძლია - საუბარი თავად დაასრულოს. და თუ ოდესმე ხელოვნური ინტელექტიც ისწავლის ფრაზას "ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ", ეს უკვე სულ სხვა ტიპის დიალოგი იქნება.

ავტორი: სანდრო სანაია

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ტექნოლოგიები ·
ხელოვნური ინტელექტი საკეტების გამტეხებამდეც მივიდა - ახლა ქურდებსაც კი სამუშაოს გარეშე დარჩენა ემუქრებათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები