გაუფრთხილებლად მოვიდნენ ბულდოზერით და ავტოფარეხი დამინგრიეს - მოქალაქე ამბობს, რომ მერია შემოსავლის გარეშე დატოვა
გლდანში მერიის ინსპექტირების სამსახურმა ავტოფარეხი ბულდოზერით დაანგრია, რის გამოც მოქალაქე ზაზა ბიბილეიშვილი აცხადებს, რომ ოჯახი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა და კომპენსაციას ითხოვს. გამგეობაში კი ამტკიცებენ, რომ ძველი ფარეხების დაშლა მოსახლეობის მოთხოვნა იყო.
გლდანში მერიის ინსპექტირების სამსახურმა ბულდოზერებით გადაუარა ავტოფარეხს, სადაც მანქანების ფარებს არემონტებდნენ - კომერციული ფართის მფლობელი ამბობს, რომ მას დემონტაჟის შესახებ მოულოდნელად აცნობეს და ნივთების გასატანად მხოლოდ ერთი საათი მისცეს.
ზაზა ბიბილეიშვილის თქმით, ავტოფარეხის ფართი მისი კომერციული საკუთრებაა და ამის შესახებ გამგებელ ბესო კალაძესაც აცნობა, თუმცა ფარეხი მაინც დაუნგრიეს.
მოქალაქე ფულად კომპენსაციას ითხოვს - ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი მერიამ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვა.
ფაქტია, რომ შემოსავლის გარეშე დამტოვეს. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ფარებზე, რითაც ვარჩენდი ოჯახს და ერთ დღეში დამინგრიეს, გამინადგურეს ყველაფერი. დაგინგრევთ პირდაპირ, ანაზღაურებას არ გადაგიხდითო. ცინიკურად დადიოდა, სამჯერ იყო სულ გამგებელი მოსული, ბატონო ბესო კალაძე. ვთხოვე, რას მიპირებთ-თქო და მიტხრა არაფერი არ გეშველება, დაინგრევაო. მეთქი ჩემი კომერციული ფართითქო და მერე ცინიკურად დაიწყო საუბარი, ჩქარა მომაწოდეთ საბუთები, თურმე ამის კომერციული ფართი ყოფილაო, ვითომ არ იცოდა, რა ფართზე მოდიოდა დანსაგრევად".- ამბობს ავტოფარეხის მფლობელი.
პირველები ესაუბრა დაზარალებულის ადვოკატსაც - უფლებადამცველი ამბობს, რომ სახეზეა სამართლებრივი დარღვევა რადგან დემონტაჟი წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.
ასე ცალსახად მიადგე ადამიანს ინსპექციით, პოლიცით, ბულდოზერით და უთხრა, რომ დღესვე უნდა დაგინდგრიოთ ეს ქონება, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და ვერანაირ ნორმებში ვერ ჯდება. ეს დადგენილება საჩივრდება გარკვეულ ვადაში და შემდგე თუ მერია არ დააკმაყოფილებს ამ საჩივარს, მერე ეს საჩივრდება სასამართლოში. თუ მაინცჩათვლიდა დემონტაჟის საჭიროებას მერია, მაშინ კომპენსაცია უნდა გადაეხადა მერიას. აღნიშნულზე მერიის პასუხი მზად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პასუხის მომზადების ვადა გასულია. მერიამ დადგენილების აღსრულების წესი დაარღვია", - ამბობს ადვოკატი.
დაზარალებულს ახლა არც ფულად კომპენსაციას აძლევენ და არც ალტერნატიული ფართით აკმაყოფილებენ. გამგეობაში კი ამტკიცებენ რომ ძველი ფარეხების დაშლა მოსახლეობამ მოითხოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…