ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ“- მასწავლებელი

ქიმიის მასწავლებელი ალექსანდრე ბახტაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა განათლების სისტემას ვერ გაემიჯნება და ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება მასწავლებლების დუმილის საპირწონე. მისი შეფასებით, საჯარო სკოლები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის მოუმზადებელია, ხოლო სამინისტროს რეფორმები რესურსებს არაეფექტურად ხარჯავს.

„ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ“- მასწავლებელი
„ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ“- მასწავლებელიბათუმელები

„პოლიტიკა ვერ გაიმიჯნება განათლების სისტემისგან და ვერც საჯარო სკოლიდან. ჩვენ კი იმდენჯერ გავემიჯნეთ, რომ ბოლოს მარტონი დავრჩებით და როცა შველა დაგვჭირდება, არავინ მოვა საშველად. ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ“, – ამბობს ქიმიის, ფიზიკის და მედიაწიგნიერების მასწავლებელი ალექსანდრე ბახტაძე.

„ბათუმელები“ ქართულ-ამერიკული სკოლის მასწავლებელს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაზე და მასწავლებლის როლზე ესაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, წლებია გვესმის, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ვერ ხერხდება სრულყოფილად, რადგან საჯარო სკოლები არ არის აღჭურვილი ლაბორატორიებით. როგორ უყურებთ ამ მეცნიერებების განვითარებას საქართველოში, მომავალში?

ძალიან ვრცელი და კომპლექსური საკითხია, მაგრამ თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს, მაგალითად, ქიმია ან ბიოლოგია სკოლაში, საზოგადოებას ამაზე ემპირიული შეხედულება აქვს მაინც. ჰგონიათ, რომ მათ შესასწავლად გაკვეთილზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქიმია კლასიკური მეცნიერებაა და რაღაც ეტაპზე მისი სწავლება არ უნდა გადაიქცეს შოუდ. ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგები.

ექსპერიმენტი შოუა?

იმ გაგებით, რა გაგებითაც ითხოვს საზოგადოება, დიახ. თუ ამ ექსპერიმენტის მიღმა მოსწავლე ვერ ხედავს ცდის რეალურ არსს, მაშინ ეს არის დროის და რესურსების ფუჭი ხარჯვა.

ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მოსწავლე ექსპერიმენტის არსს ვერ ხედავს. ეს არის რამდენიმე წუთიანი სანახაობის ელემენტი და იმის იქით ვერ მივდივართ. რეალური ინდექსი, რითაც მოსწავლეთა შედეგი იზომება, სამწუხაროდ არ გვაქვს. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, რადგან დასავლეთ საქართველოდან 15 წელზე მეტია არავინ არ ყოფილა, მაგალითად, საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებში.

რატომ, რა არის მიზეზი?

მიზეზი არის ის, რომ მასწავლებლები ცდებს არ აჩვენებენ. რეაქტივები ძალიან ძვირი ღირს, საჯარო სკოლებს კი ამის ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. ძალიან ბევრ საჯარო სკოლას არ შეუძლია ქიმიის ლაბორატორიისთვის ჭურჭელი, რეაქტივი, უსაფრთხოების ელემენტარული ინვენტარი შეიძინოს.

ვთქვათ, შეიძინა სკოლამ ეს ინვენტარი, არიან მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ ქიმიის სწავლების პრაქტიკული გამოცდილება ლაბორატორიაში. ჯერ ამ ხალხს უნდა ვასწავლოთ, როგორ იგეგმება ქიმიის სწავლება პრაქტიკული მიმართულებით, ანუ როგორ ტარდება ექსპერიმენტი, რომელიც არ არის შიშველი სანახაობა, მას აქვს თავისი სერიოზული და ძალიან რთული, რუტინული თეორიული ასპექტი, რაზეც რატომღაც არასდროს საუბრობენ.

ექსპერიმენტის ჩატარება ძალიან რთულია, ბევრად უფრო რთული, ვიდრე თეორიული ამბების გავლა, რადგან ექსპერიმენტს აქვს ცდის ოქმი, რომლის შევსება ძალიან რუტინულია და შრომატევადი. მოითხოვს ძალიან დიდ ცოდნას და ამ რუტინული შრომისთვის არც სკოლაა მზად, არც მასწავლებელი და არც მოსწავლე.

თუ გვინდა, რომ რაღაცას დავასხათ რაღაც და ფერი შეიცვალოს, ამით მოვიხიბლოთ და ნახევარ საათში ეს დაგვავიწყდეს, არის შოუ. თუ გვინდა მეცნიერების რეალურად სწავლა, როგორც ტარდება სტანდარტიზებულ მიმართულებებზე არის ის, რასაც მე გეუბნებით.

ისე არ მინდა ვინმე გაიგოს, რომ სკოლებში ცდების ჩატარების წინააღმდეგი ვარ, მინად, რომ სწორად გააკეთონ და მიზნობრიობა ჰქონდეს ამას და ეს არ იყოს რესურსების უმიზნოდ ხარჯვა.

რეაქტივები ძალიან ძვირია. მაგალითად 1 კილოგრამი ვერცხლის ნიტრატი რომ იყიდოს სკოლამ, 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს. აბა მითხარით საჯარო სკოლა, რომელიც ამას შეძლებს.

ვთქვათ, შევიძინეთ სისტემები, ეს ძვირადღირებული რეაგენტებიც, ამას სჭირდება სპეციალური შემნახავი სისტემები, მჟავათა და ტუტეთა შემნახველი კარადები – ვენტილაცია უნდა ხდებოდეს, რადგან ლაბორატორიაში და საცავში მოსწავლეები შემოდიან, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზეც უნდა ვიფიქროთ. ზოგიერთი მოსწავლე ალერგიულია. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, რადგან რაიმე რომ მოხდეს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?

ამ რეაქტივების შემნახავი სისტემები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე რეაქტივები. ამას სჭირდება თავისი დაერთების სისტემები ელექტროენერგიაზე, გამწოვებით, გადატიხვრებით და ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯია.

გამოდის სკოლები ამ ყველაფრისთვის დღეს მზად არ არის?

საჯარო სკოლები არ არის მზად – შენობა არ არის ადაპტირებული, სპეციალისტები არ გვყავს, ვინც ამას დააერთებს, ქიმიის მასწავლებლის ან ქიმიკოსის ზოგადი პროფილი არ ეყოფა ამას, კომპანია სჭირდება, რომელსაც შევუკვეთთ, მას მოჰყვება სპეციალისტი, რომელიც მოაგვარებს ასეთ საკითხებს.

მაგალითად, „ქართულ-ამერიკულ“ სკოლაში მე მაქვს ლაბორატორია, სადაც ჩვეულებრივად გაკეთდება სამაგისტრო კვლევა.

რადგან ქოუჩი ვიყავი და მასწავლებლებს ვატრენინგები, აქ ვატარებდი ვორქშოფებს, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ამას, რადგან ეს ხალხი თავიანთ სკოლებში ვერ გამოიყენებენ ამ ცოდნას.

სახელმწიფოს თუ უნდა, რომ ეს მიმართულებები გააძლიეროს, უნდა დაიწყოს შენობების ადაპტირება, სპეციალისტები უნდა გაზარდოს და შეეშვას ათასი სისულელის კეთებას. მაგალითად ისეთის, როგორიცაა ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლისთვის და ასე შემდეგ.

ამაში ამდენი ფულის ხარჯვა წარმოუდგენელია და მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ არის წიგნი საჭირო, თვითონ სპეციალისტმა უნდა აკინძოს თავისი კურიკულუმი ეროვნული სტანდარტის მიხედვით.

ეს არ გამოიწვევს ქაოსს?

ჩვენ არავინ გვავალდებულებს, რომ მხოლოდ ერთი წიგნით ვიხელმძღვანელოთ. 11 წელია მასწავლებელი ვარ და სახელმძღვანელოს საერთოდ არ მივყვები, მაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და ვიცი რა შედეგზე უნდა გავიდე.

რატომ გადაწყვიტეს სამინისტროში, რომ ჩემზე უფრო კომპეტენტურები არიან. მე უნდა განვსაზღვრო რა უნდა ვასწავლო და როგორ.

ბოლო წლებში ახალი სკოლები ხომ ააშენეს, არც ამ სკოლებშია ის სტანდარტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუ გინახავთ რომელიმე სკოლაში ისეთი ლაბორატორიები, რაც თქვენს სკოლაშია?

ჩვენი ქალაქის მაგალითზე ასეთ სკოლას ვერ დაგისახელებთ. ფოთის N1 საჯარო სკოლას აქვს არაჩვეულებრივი ლაბორატორია, მაგრამ ეს არ არის ახლანდელი სახელმწიფოს დამსახურება.

ეს არის ძალიან ადრე, 70 წლის წინ გაკეთებული ლაბორატორია, რომელიც შეინარჩუნეს ამ ადამიანებმა. ძალიან სერიოზული ლაბორატორიაა და მეორე მახსენდება საჩხერის ერთ-ერთი საჯარო სკოლა, სადაც ელისო აბრამიშვილია ქიმიის მასწავლებელი, მაგრამ მას აქვს საერთაშორისო გრანტი.

ბათუმს რაც შეეხება, ჩვენს სკოლებში კეთდება მინიმალური ცდები, მხოლოდ ვიდეო რესურსებით. ცუდი მასწავლებლები არ გვყავს, მაგრამ სტანდარტი რასაც მოითხოვს, ასეთი სივრცე არ არსებობს.

განათლების რეფორმა იმ მოტივით ხომ დაიწყეს, რომ მეცნიერება გვინდა განვავითაროთ და პროფესიული სწავლება უნდა გავხადოთ პრიორიტეტულიო, ხედავთ ამ მიმართულებით რაიმე სწორ ნაბიჯებს?

მოსწავლის მოტივაციას არც ადრე ქმნიდა განათლების სისტემა და არც ახლა. მარტო მოტივაციაზე თუ ვსაუბრობთ, ქიმია მე-7 კლასიდან იწყება და მაშინ შეიძლება მოტივაციის ამაღლება, მაგრამ თუ სერიოზულ სამეცნიერო ხედვაზე ვლაპარაკობთ, მაშინ საერთოდ პროგრამებია შესაცვლელი.

2024 წელს, სანამ მე-12 კლასის გაუქმებაზე დაიწყებოდა საუბარი, ჩვენ სხვა სტანდარტზე ვმუშაობდით. მე დიდი ხანია ვარ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის ექსპერტი და მე ვმუშაობდი სტანდარტზე, თუ რის მიხედვით უნდა მიგვენიჭებინა სკოლებისთვის ავტორიზაცია და როგორ უნდა გვესწავლებინა სკოლებში ქიმია.

ეს იყო ძალიან კარგი სტანდარტი და არა იმიტომ, რომ მე ვიყავი სამუშაო ჯგუფში, იმიტომ, რომ ობიექტურად ძალიან კარგი იყო. მე-11, მე-12 კლასი მთლიანად იყო პროფილური, ფაქტობრივად AP პროგრამებს უტოლდებოდა, საერთაშორისო ბაკალავრიატის დონის პროგრამები იყო და ითვალისწინებდა იმას, რომ მე-10 კლასის დასრულების შემდეგ, თუ მოსწავლე გადაწყვეტდა, რომ სწავლა უნდა გაეგრძელებინა უმაღლესში, უნდა ჩაებარებინა ეროვნული შეფასების გამოცდა. ანუ მოსწავლე ეროვნული შეფასების გამოცდას აბარებდა ქიმიაშიც, ფიზიკაშიც, მუსიკაშიც და ყველა საგანში.

მაგრამ როცა დაიწყო მე-12 კლასის გაუქმების კამპანია, ბუნებრივია, ეროვნული შეფასებაც ჩაიხსნა.

ეროვნული შეფასების ტესტის ავტორები რომ გადაემზადებინა, სახელმწიფომ დახარჯა ძალიან დიდი ფინანსები. ამერიკიდან ჩამოსული იყო ჯგუფი და ერთი თვის განმავლობაში, უწყვეტად გვიტარდებოდა ტრენინგები. ძალიან დიდ თანხებზეა აქ საუბარი და თუ სხვა რამეს აპირებდნენ, ამ თანხებს რატომ ხარჯავდნენ?

ჩემი აზრით, ის რომ დაენერგათ, რასაც ვაპირებდით, იქნებოდა საუკეთესო საგანმანათლებლო პროცესის საწყისი.

რასაც თქვენ ჰყვებით, ეს ძალიან ჰგავს დასავლური განათლების მოდელს. დღეს კი სხვა რამეს ვხედავთ.

ეს იყო რამდენიმე ევროპული მოდელის შეჯერებული ვარიანტი, რომელიც მორგებული იყო ქართულ რეალობაზე.

ეროვნული ტესტის ჩაბარების შემდეგ, მე-11 კლასში გადასული მოსწავლე ირჩევდა თავის პროფესიულ მიმართულებას – რისი სწავლაც უნდოდა უნივერსიტეტში და ჯდებოდა AP პროგრამაზე. ასეთ შემთხვევაში ყველა მოსწავლეს არ მოუწევდა მე-11 და მე-12 კლასში მათემატიკის გაძლიერებული დონით სწავლა, ყველა მოსწავლე ისწავლიდა იმ საგანს, რაც სჭირდებოდა მას უმაღლესი სწავლის გასაგრძელებლად.

ახლა კი მე-11, მე-12 კლასში გვიზის მოსწავლე, რომელიც აბარებს პირობითად დიზაინზე და კლასში უზის თანაკლასელი, რომელიც მათემატიკოსობას აპირებს. ეს ორი მოსწავლე მათემატიკას სწავლობს ერთი და იგივე სახელმძღვანელოთი. არის თუ არა ეს საგანმანათლებლო ნონსენსი?

ესეც ხომ რესურსების არასწორი ხარჯვა გამოდის სახელმწიფოს მხრიდან?

დიახ, ჩვენ აქამდე მივდივართ, რომ რესურსები ნაწილდება არასწორად.

ვთქვათ სკოლას აქვს კარგი ლაბორატორია, მაგრამ ლაბორანტი გვყავს? – არ არსებობს სკოლებში ასეთი შტატი. მასწავლებელს, რომელსაც კვირის განმავლობაში უამრავი გაკვეთილი აქვს ჩასატარებელი, ახლა ლაბორატორიის დალაგების და ჭურჭლის რეცხვის ვალდებულებაც უნდა ავკიდოთ.

როგორც ვიცით, მომავალი წლიდან აპირებენ რეპეტიტორიუმის დანერგვას. აქ როგორ არის წარმოდგენილი ქიმიის სწავლება, თუ გაქვთ ინფორმაცია?

რეპეტიტორიუმი სისულელეა და გეტყვით რატომ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზანი არ არის მოსწავლის მომზადება ეროვნული გამოცდისთვის.

სკოლის ფუნქციაა მოსწავლეს შესძინოს სხვადასხვა უნარები, რასაც გამოიყენებს ცხოვრებაში. ჩვენი ტიპის სკოლების სტრუქტურები ასეთია. რეპეტიტორიუმი გეუბნება პირდაპირ, რომ მოამზადებს მოსწავლეს კონკრეტული გამოცდისთვის და ამას ამბობს განათლების მინისტრი, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან შორს არის საგანმანათლებლო სისტემიდან.

დატოვეს ისევ ზოგადსაგანმანათლებლო პროფილი და გვეუბნებიან რეპეტიტორიუმი უნდა იყოსო. ეს არის სისულელე. ამ სისტემის მთავარი დანაშაული არის ის, რომ არაფერს ცვლის განათლების სასიკეთოდ.

აწყობს აი ამ ქაოსში ჩახარშვა – ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები მართო და გამოიყენო ისინი ელექტრონულად.

მასწავლებლების 10-ათასლარიანი ჯილდოებიც ამას ემსახურება? – დასაჩუქრებული მასწავლებლების კრიტიკულ განწყობებს ვერ ვხედავთ.

მასწავლებლის მთავარი ფუნქცია არ არის მხოლოდ ის, რომ ქიმია ვასწავლო მოსწავლეს. პედაგოგის მთავარი ფუნქციაა თანამედროვეობასთან იყო მჭიდრო კავშირში. დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მოითხოვს ხალხის გვერდით დგომას და იმ პრობლემებზე საუბარს, რის წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება.

შორს წასვლა არ გვინდა, ჩვენსავე სისტემაში, ჩვენსავე სკოლებში, ჩვენსავე უნივერსიტეტებში რა პრობლემებიც არის, ყველაფერს პოლიტიკა განსაზღვრავს.

პოლიტიკა ვერ გაიმიჯნება განათლების სისტემისგან და ვერც საჯარო სკოლიდან. ჩვენ კი იმდენჯერ გავემიჯნეთ, რომ ბოლოს მარტონი დავრჩებით და როცა შველა დაგვჭირდება, არავინ მოვა საშველად. ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ.

დღეს ქვეყანაში აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს, ათეულობით ადამიანი ციხეშია გამოხატვის თავისუფლების გამო, რეპრესიების ქვეშაა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუმცა მესმის ფრაზები, რომ „მე ჩემს საქმეს გავაკეთებ“, „მთავარია კარგი გაკვეთილი ჩავატარო“. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?

ამ პოზიციას ჰქვია საკუთარი პროფესიის არ ცოდნა. პედაგოგიკას ორი მნიშვნელოვანი განმარტება აქვს. პირველყოფილი განმარტება, ანუ როგორც კვინტილიანემ თქვა, პედაგოგიკის მთავარი არსი ის არის, აღზარდოს ყოველმხრივ განვითარებული მოქალაქე – ზნეობრივად, ფიზიკურად, სულიერად, მენტალურად შემდგარი მოქალაქე და მეორე, რომელიც იან ამოს კომენსკის ეკუთვნის, რომ სკოლა ვალდებულია აღზარდოს შრომითი ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი მოქალაქე.

როგორ გამოდის სკოლა პოლიტიკისგან დაცლილი? როცა პოლიტიკა განსაზღვრავს იმ გარემოს, სადაც ჩვენ უნდა გავუშვათ მოსწავლეები სწავლის დასრულების შემდეგ.

ამ გარემოსთვის მომზადებული თუ არ გავუშვი მოსწავლე, მაშინ ჩემი ამოცანა რა არის, ლექსები რომ იცოდეს დაზუთხულად და რაღაც განტოლება ამომიხსნას?

თუ მასწავლებელი ამბობს, რომ „მე კლასში ჩავიკეტები“, სულ რომ სოფოკლე და არისტოტელე იყოს, კაპიკია ამ გაკვეთილის ფასი, თუ რეალობასთან ბმას ვერ ხედავს. ეს არის პროფესიის ვერგააზრება. მოქალაქეობრივი პოზიციიდანაც ადამიანს ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს და არა მხოლოდ ის, რომ არჩევნებზე წავიდეს და ვინმე შემოხაზოს.

თუმცა ამ არჩევანსაც ართმევენ დღეს.

ჰოდა ვიცხოვრებთ „საამურ“ ტოტალიტარულ სახელმწიფოში.

მე, უბრალოდ, არ მესმის, საქართველოში როგორ შეიძლება მასწავლებელი კმაყოფილი იყოს რომელიმე მთავრობის პოლიტიკით, როცა ეს პროფესია ყველაზე მეტად დაკნინებულია ფინანსური თვალსაზრისითაც.

შეადარეთ მასწავლებლის ანაზღაურება სამომხმარებლო კალათას – ენთუზიაზმი შეიძლება გეყოს რაღაც პერიოდი, მთელი ცხოვრება ვერ იმუშავებ ენთუზიაზმზე.

მერე ჩნდება საქმის გვერდზე გადადება, ეგრეთ წოდებული ხალტურა, მერე იჩენს თავს არაპროფესიონალიზმი. ჩემი აზრით, მასწავლებლის გამოცდები და ეს სქემაც ზუსტად ისეა შედგენილი, რომ საშინელი გავლენა მოახდინოს მასწავლებლის ფსიქოლოგიაზე. და ამის მერე, როგორ შეიძლება კმაყოფილი იყოს მასწავლებელი რომელიმე რეჟიმის.

რომელ ქიმიურ პროცესს შეადარებთ იმ სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში ან განათლების სისტემაში?

ეს არ არის ქიმიური პროცესი, ეს არის რეაქცია ნივთიერებებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ქიმიურად არ ურთიერთქმედებენ. ანუ ჩვენ გვაქვს სისტემაში უამრავი ნალექი, უამრავი უხსნადი ნივთიერება და შიგადაშიგ რაღაც აირებიც, რომელიც სისტემას ტოვებენ ანუ მიდიან ციხეში, თორემ უმრავლეს შემთხვევაში, გვაქვს ერთმანეთში უხსნადი ნივთიერებები, არაერთგვაროვანი, ჰეტეროგენული ნარევი, რაც ნიშნავს კატასტროფულ სიტუაციას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიტიკა ვერ გაიმიჯნება განათლების სისტემისგან და ვერც საჯარო სკოლიდან. ჩვენ კი იმდენჯერ გავემიჯნეთ, რომ ბოლოს მარტონი დავრჩებით და როცა შველა დაგვჭირდება, არავინ მოვა საშველად. ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ“
ალექსანდრე ბახტაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ქადაგიძე: „5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“წაიკითხე

უახლესი ამბები