[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
გიორგი მამარდაშვილმა „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ პენალტების სერიისთვის მომზადებული ფურცელი, რომელზეც დარტყმების მიმართულებები ეწერა, არასწორი აღმოჩნდა. ქართველმა მეკარემ „ლივერპულის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ემანუელ ემეგას პენალტი მოიგერია.
გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულმა" EFL Cup-ის 1/8-ფინალში პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა კიპერმა შეიტანა, რომელმაც ემანუელ ემეგას პენალტი მოიგერია და გუნდი წაგებისგან გადაარჩინა.
მატჩის დასრულების შემდეგ მამარდაშვილმა სახალისო ინტერვიუ მისცა და ემეგას პენალტის ეპიზოდი დაწვრილებით გაიხსენა.
"თამაშისგან სიამოვნების მიღება მინდოდა და ასეც გავაკეთე. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტი თერთმეტმეტრიანის მოგერიება მსურდა, თუმცა ზოგჯერ ერთიც საკმარისია".
ჟურნალისტმა მამარდაშვილს "ჩელსის" მეკარის ქმედება გაახსენა, რომელიც ყოველი პენალტის შემდეგ პირსახოცთან მიდიოდა და სიას ნახულობდა, თუ რომელი ფეხბურთელი საით დაარტყამდა. ჟურნალისტმა ქართველს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას მსგავსი ფურცელი.
"მეც მქონდა ეს ფურცელი, თუმცა მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა", - გაიხუმრა მამარდაშვილმა, რასაც იქ მყოფების სიცილი მოჰყვა.
"ემეგას პენალტი? - დარტყმის წინ მის მეორე ფეხს ვუყურებდი რომ დამენახა სად დადგამდა და შემდეგ მარჯვნივ გადახტომა გადავწყვიტე. გულშემატკივრების მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად გუნდისთვის.
ჩვენ ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას და მათ ბევრი ენერგია მოგვცეს, რაც ძალიან დაგვეხმარა. შარფი? ერთ-ერთმა ფანმა მომცა და ვაპირებ რომ დავიტოვო, რადგან ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის", - თქვა დასასრულს მამარდაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…