"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფორვარდი ბიორნ იონსენი ყაზახეთის ჩემპიონი გახდა და განაცხადა, რომ ადგილობრივი ლიგა საქართველოს ჩემპიონატზე ძლიერია. ნორვეგიელი ფეხბურთელის თქმით, ყაზახეთში ფეხბურთის განვითარებაში ჩადებული რესურსები და ინფრასტრუქტურა საქართველოს ლიგის მდგომარეობას აღემატება.

34 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი, რომელიც ამჟამად "ორდაბასის" ღირსებას იცავს, იქამდე კი 2 სეზონის განმავლობაში ქუთაისის "ტორპედოს" ფორმას ირგებდა, თავის გუნდთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.
გამოცდილმა შემტევმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ კლუბში სეზონის შუა ნაწილში მივიდა, დიდი ალბათობით, ჩემპიონატის ბომბარდირი გახდება. ლიგის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, ნორვეგიელი 17 შეხვედრაში 14 გოლით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ მარკ გულს 2 გოლით უსწრებს.
ASnews.kz-თან ინტერვიუში მან ერთმანეთს საქართველოსა და ყაზახეთის ჩემპიონატები შეადარა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ყაზახეთის ლიგა უფრო წინაა.
-ორი წლის წინ, ნორვეგიულ პრესასთან საუბრისას, საქართველოს ფეხბურთზე ასეთი რამ თქვით: "აქ "ველური დასავლეთია" - არანაირი წესები, ცოტათი ძველ საბჭოთა კავშირს ჰგავს". ახლა ყაზახეთში ნახევარი სეზონი გაატარეთ. სიტუაცია იგივეა თუ განსხვავებული?
"ბევრი რამით სრულიად განსხვავებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამჟამად სასწაულებს ახდენს. ისინი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ისახავენ მიზნად და ჰყავთ მსოფლიო დონის ფეხბურთელები.
თუმცა, ადგილობრივი ლიგა იმავე დონეზე არ არის, რა დონეზეც ეროვნული ნაკრებია. ნაკრების თითქმის ყველა წევრი საზღვარგარეთ თამაშობს. ადგილობრივი ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ გორის "დილას" მეკარეს იძახებენ.
ყაზახეთში კი, შეიძლება ითქვას, ლიგა ამჟამად ეროვნულ ნაკრებზე უფრო ძლიერიცაა. რატომ? - იმიტომ, რომ საუკეთესო ადგილობრივი ფეხბურთელების უმეტესობა სწორედ აქ, ქვეყნის შიგნით თამაშობს.
ვფიქრობ, ყაზახეთში ფეხბურთი იმდენად პოპულარული ხდება, რომ მის განვითარებაში უზარმაზარი რესურსები იდება. ქვეყნის პრეზიდენტი, კლუბების მფლობელები და კომერციალიზაციის პროცესი - ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება.
ყაზახეთის განვითარება სწორი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და მე ვამაყობ, რომ აქ ვარ. შენდება ახალი სტადიონები, ვითარდება ინფრასტრუქტურა და იხსნება აკადემიები. თქვენ უკვე ნახეთ ევროთასებზე "ასტანას", "შახტიორისა" და ახლა უკვე "კაირატის" მიერ ნაჩვენები შედეგები. იმედი მაქვს, მომავალ წელს მათ "ორდაბასიც" შეუერთდება.
ეს განვითარება ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად საქართველოს ლიგა იმყოფება. რა თქმა უნდა, "ორდაბასის" შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ყველა სხვა კლუბში, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.
თუმცა, ეს პროგრესული პროცესია და მე ვამაყობ, რომ გუნდს წინსვლაში ვეხმარები. ვფიქრობ, ევროპის ტოპ-20 ლიგაში მოხვედრა ყაზახეთისთვის ამ ეტაპზე კარგი და რეალისტური მიზანია", - აღნიშნა იონსენმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…