ალიევის ყოფილი სიძე აზერბაიჯანში პირველ კაზინოს გახსნის
აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის ხელოვნურ ნახევარკუნძულზე, ილჰამ ალიევის ყოფილი სიძის, ბიზნესმენ ემინ აგალაროვის კომპანია პირველი კაზინოს — Royale Casino-ს გახსნას 2027 წლის მაისში გეგმავს. პროექტი ქვეყანაში კაზინოების ლეგალიზაციის საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე ხორციელდება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე Sea Breeze-ის საკურორტო კომპლექსში პირველი კაზინოს, Royale Casino-ს, გახსნა 2027 წლის მაისში იგეგმება.
პროექტის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ემინ აგალაროვის [ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე] განცხადებით, მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. კაზინო ხელოვნურ ნახევარკუნძულზე შენდება და, პროექტის მიხედვით, 90 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს.
პროექტის მიხედვით, კაზინოში 12 VIP დარბაზი და საერთაშორისო პოკერის ტურნირების მასპინძლობისთვის განკუთვნილი მთავარი დარბაზი მოეწყობა. კომპლექსში ასევე დაგეგმილია 1 500 სათამაშო აპარატი, საკონცერტო დარბაზი, რესტორნები და კაფეები. კაზინოში შესვლა 21 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალებათ.
კომპლექსი Sea Breeze-ის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში შექმნილ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე შენდება. პროექტის შესახებ გავრცელებული ცნობების მიხედვით, შენობის სიმაღლე 35 მეტრი იქნება.
თავად აგალაროვის ხედვით, რომელიც ის ინტერვიუებში გააჟღერა, კაზინოები მხოლოდ აზარტული თამაშების სივრცეები არ იქნება. ისინი სასტუმროების, რესტორნების, კონცერტებისა და საერთაშორისო ღონისძიებებისგან შემდგარი ტურისტული ეკოსისტემის ნაწილი უნდა გახდეს. AZE.US-ის ცნობით, ბიზნესმენი Sea Breeze-ში საერთაშორისო პოკერის ტურნირების ჩატარებასაც გეგმავს და აცხადებს, რომ მსხვილ ღონისძიებებს ათასობით უცხოელი სტუმრის მოზიდვა შეუძლია.
ემინ აგალაროვის კომპანიის, Agalarov Development-ის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბიზნესჯგუფი ათ მიმართულებასა და 60-ზე მეტ პროექტს აერთიანებს. მათ შორისაა Sea Breeze, რესტორნების ქსელი, ფიტნესკლუბები და Estate Mall-ის სავაჭრო-სერვისული კომპლექსი.
კაზინოების ლეგალიზაცია აზერბაიჯანში
Royale Casino-ს პროექტი აზერბაიჯანში აზარტული თამაშების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილების ფონზე ხორციელდება. ქვეყნის პარლამენტმა 2025 წლის 8 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც კაზინოების მოწყობა დაშვებული გახდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში შექმნილ ხელოვნურ მიწის ნაკვეთებზე. შესაბამისი ცვლილებები სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, ლიცენზირებასა და სხვა მარეგულირებელ საკითხებს შეეხო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, კაზინოების საქმიანობა ლიცენზირებასა და სახელმწიფო ზედამხედველობას უნდა დაექვემდებაროს. ლიცენზიის გაცემისა და საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ტურიზმის სააგენტოს მიენიჭა.
აღნიშნული ცვლილება არ ნიშნავს, რომ აზარტული თამაშები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად დაშვებულია. კაზინოების საქმიანობა კონკრეტულ ტერიტორიაზე – კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში შექმნილ ხელოვნურ მიწის ნაკვეთებზე არის ნებადართული.
აზერბაიჯანში ონლაინ კაზინოების საქმიანობა კი ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ექვემდებარება. მათი მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელია შესაბამისი ლიცენზირება და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
კაზინოების გახსნაზე დისკუსია
კაზინოების ლეგალიზაციას აზერბაიჯანში ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ერთად შესაძლო სოციალური რისკების შესახებ დისკუსიაც ახლავს.
აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ფაზილ მუსტაფამ 26 ოქტომბერს გამოცემა Pravda.az-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბაქოში კაზინოების საქმიანობამ შესაძლოა გარკვეული რისკები შექმნას და უმჯობესი იქნება, ასეთი ობიექტები საცხოვრებელი უბნებიდან მოშორებით განთავსდეს.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია აზარტული თამაშების შესაძლო გავლენა ადამიანების ფინანსურ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ გარემოზე. ამავე დროს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუ კაზინოების საქმიანობა კანონმდებლობით დაშვებულია, მეწარმეებს მისი განხორციელების უფლება აქვთ კანონით დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…